თბილისის 2012 წლის წინასაარჩევნო ბიუჯეტი

თბილისის 2012 წლის წინასაარჩევნო ბიუჯეტი

თბილისის საკრებულოს სხდომა, წესისამებრ, დღესაც ხმაურით წარიმართა. ამჯერად მიზეზი მართლაც ჰქონდათ, რადგან თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილებოდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ქალაქის მერი, რაც წელიწადში ერთხელ მისი მოვალეობაა. სამაგიეროდ, საკრებულოს უმრავლესობის წევრები   თბილისის მერის არყოფნაში პრობლემას ვერ ხედავდნენ და გიგი უგულავას ნაცვლად, მისი მოადგილის – დავით ალავიძისთვის კითხვების დასმას სთავაზობდნენ ოპოზიციას.    

საკრებულოს ოპოზიციისთვის 2012 წლის ბიუჯეტი ე.წ. პოლიტიკურ ბიუჯეტად შეფასდა, რაც ნაციონალებმა წინაასაარჩევნოდ გადაანაწილეს. სულ სხვაგვარად ფიქრობენ ნაციონალები: დედაქალაქის ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრები არგუმენტად იშველიებენ ქალაქის მერიის ინიციატივით ჩატარებულ მოსახლეობის გამოკითხვას, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები, თურმე, თავად განსაზღვრავდნენ პრიორიტეტებს. ნაციონალების თქმით, სწორედ თბილისელებმა შემოხაზეს ის პრიორიტეტები, რაც 2012 წლის ბიუჯეტში დაფიქსირდა. ნაციონალების მტკიცებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პრიტორიტეტები შარშანდელის ანალოგიურია – ანუ დასაქმების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურულ-ეკონომიკური პროექტების ხელშეწყობა, ჯანდაცვა, დაზღვევა და შენობების გამაგრებაა.  

საკრებულოს სხდომაზე ნაციონალებისგან ყველაზე მეტად ისმოდა სიტყვები: ნუ აკეთებთ პოპულისტურ განცხადებებს, ოპოზიცია კი ხშირად ახსენებდა უმრავლესობას, რომ ეს არაა რეალობაზე გათვლილი ბიუჯეტი. ამიტომაც პროტესტის ნიშნად დატოვა საკრებულოს სხდომა ოპოზიციის ნაწილმა, „რესპუბლიკელმა“ თინა ხიდაშელმა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა, ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ. თინა ხიდაშელმა კი განმარტა, რომ მას ამ ცირკში მონაწილეობის მიღება არ სურდა. მანვე 2012 წლის ბიუჯეტთან ერთად, 2011 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტა, რაც განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებს.

მანამდე კი თინა ხიდაშელი დაჟინებით მოუწოდებდა უმრავლესობის წევრებს, რიცხობრივად აესახათ, კონკრეტულად რაში დაიხარჯებოდა თანხები, რათა ბიუჯეტით მანიპულირება გამორიცხულიყო:

„ბიუჯეტის თხრობით ნაწილს არ გედავებით, თხრობით ნაწილში ყველაფერი წერია, მაგრამ ციფრებში რატომ არაფერი წერია? რას ნიშნავს „სხვადასხვა ჯანდაცვის ღონისძიებები“?! თუ გადაწყვეტილი გაქვთ ამის დაფინანსება, მიაწერეთ კიდეც ციფრებში, მაგალითად, ათი ლარით თუ ფინანსდება რაიმე, დაწერეთ, რომ ორი ლარი ამ პროგრამაზე მიდის, სამი ლარი აქ, და ე.წ.  ცარიელი ფული აღარ დარჩება, რომელსაც სხვადასხვა ინტერესებისთვის გაანაწილებთ“, – აცხადებს ხიდაშელი. ამასთან, მისთვის გაუგებარია, მილიონნახევრით რატომ მცირდება ჯანდაცვის პროგრამები, მილიონი ლარით – სოციალური პროგრამები, ხოლო მილიონ ნახევრით – განათლება? ეს იმ დროს, როცა გუდაურისთვის თანხები იზრდება.

„მე არ ვებრძვი გუდაურს და არცერთ საინვესტიციო პროექტს, მაგრამ გუდაურის ბიზნესს უხდი ფულს და საბავშვო ბაღს არ აფინანსებ? ცოტა არაადექვატურია, რადგან გუდაური ესაა ბიზნესი. მაგრამ ბიუჯეტიდან ფული მოვაკლოთ განათლებას და ტრასის გაკეთებისთვის მივცეთ გუდაურში ბიზნესმენებს, არადექვატურია. ამ თანაფარდობას ვებრძვი,“ – აღნიშნა ხიდაშელმა. 

ინგა გრიგოლია დაინტერესდა, რატომ არ არის პრიორიტეტული სოციალური საცხოვრისები, ონკოლოგიის დაფინანსება და რატომაა პრიორიტეტი რაიონებისთვის ე.წ. გაუგებარი არაკლასიფიცირებული ხარჯებისთვის თანხების მოძიება?

„ამხანაგობებზე 16 მილიონ 700 ათასი არის გამოყოფილი, მარტო თქვენი აქტივისტი მხარდამჭერების მობილიზაციისთვის. ამას  სჯობდა, ჯანდაცვის პროგრამები დაგეფინანსებინათ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღიშნა ინგა გრიგოლიამ და საკრებულოს სხდომაზევე გადაუწყვიტა პრობლემა მეოთხე სტადიის სიმსივნით დაავადებულ მარტოხელა ქალბატონს, რომელსაც ბედმა გაუღიმა და მაინც და მაინც სხდომის დროს დაურეკა გრიგოლიას მობილურზე. გრიგოლიამაც არ დააყოვნა და ნაციონალებისგან პირობა მიიღო, რომ ამ ქალბატონს დაეხმარებოდნენ. 

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის დავით საგანელიძისთვის კი გაუგებარია, ონკოლოგიური ოპერაციის დაფინანსება გამგებლის ან მაჟორიტარის გადასაწყვეტი რატომ არის? რატომ არსებობს ჯანდაცვის სამინისტრო, ცალკეული პროპგრამები, თუკი მაინც მაჟორიტარის ან გამგებლის გადასაწყვეტია, რომელ ავადმყოფს დააფინანსებს? რატომ აქვთ ჩამოკიდული ონკოავადმყოფებს სწორედ გამგებლის ან მაჟორიტარის სურათი და რატომ სჯერათ, რომ მან გადარჩინა?! მაშინ, როცა ეს პროგრამები უნდა ჩაიდოს ამ ბიუჯეტში.

ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ ნაციონალების ბრძნული დარიგება მეტად „წიგნიერად“ ჟღერდა: „თხა და გიგოს“ პრინციპით ნუ ვიმოქმედებთ, თბილისის ბიუჯეტის პროექტი ამოატრიალეთ და ისე წაიკითხეთ“, - ურჩია ოპონენტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ნიკო ხაჩირიშვილმა. თუმცა ამოუტრიალებლადაც ოპოზიციისთვის ნათელი იყო, რომ მომავალი წლის  ბიუჯეტის პრიორიტეტი არჩევნებში გამარჯვებაა.

საკრებულოს ნაციონალები ოპონენტებს „საქმეში ჩაუხედავ ადამიანებად“ მოიხსენიებდნენ, რომლებიც თურმე საკრებულოს კომისიის სხდომებზე მისვლას არ კადრულობდნენ. თუმცა ამას უმალვე მოჰყვა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ზურაბ აბაშიძის რეპლიკა, რომლითაც გაირკვა, რომ ნაციონალები არც ატყობინებდნენ ოპონენტებს ამ კომისიის ჩატარების თარიღებს. 

ოპოზიციის ნაწილის გარეშეც, თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით 2012 წლის 648 მლნ ლარიანი ბიუჯეტი მაინც დაამტკიცა. როგორც გაირკვა, 90 მლნ 866 ათასი ლარი გათვალისწინებულია მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვისთვის. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის - 120 მლნ 672 ათასი ლარი, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისათვის და ავარიული შენობების გამაგრებისათვის კი - 102 მლნ 550 ათასი ლარი. ასევე, „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ პროექტისთვის გათვალისწინებულია 36 მლნ 846 ათასი ლარი, პროექტისთვის - „მოსახლეობის ხელშეწყობა“ - 19 მლნ 942 ათასი ლარი. ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კი 13 მლნ 410 ათასი ლარი დაიხარჯება.

სხვათაშორის, საკრებულოს ამ სხდომაზევე ერთი თვის წინ ნაციონალების ძალისხმევით გადაყენებულ ვიქტორ დოლიძის პოსტზე გიორგი ჩაჩანიძე დაამტკისცეს. 

Presage.tv ესაუბრა საკრებულოს წევრებს:

თინა ხიდაშელის თქმით, თბილისის მერმა 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენაზე მისვლაც არ იკადრა, რაც შეურაცხმყოფელია.

„ისე მოხდა, რომ წელს, სხვა წლებისგან განსხვავებით, ქალაქის მერმა არ იკადრა მოსვლა თბილისის საკრებულოში. ეს თავისთავად საინტერესოა. წელიწადში ერთხელ უნდა წარდგეს ის თბილისელების წინაშე და იმ ერთხელაც არ მოვიდა. როგორც ჩანს, იმიტომაც არ მობრძანდა, რომ თავადაც ხვდება, ძალიან სამარცხვინო ბიუჯეტია წარმოდგენილი. ამიტომ დებატებში შესვლას თემაზე, სადაც არაფერი შეიცვლება, ცირკის სახე ექნება და ცირკში მონაწილეობა არ მინდა ნამდვილად“.

ხიდაშელის თქმით,  ამ რეჟიმში ბიუჯეტის განხილვა შეუძლებელია, რადგან შემცირებულია ყველა ის ხარჯი, რომელიც  საზოგადოებას აწუხებს და გაზრდილია ყველა ის ხარჯი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნოდ სჭირდება.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ ბიუჯეტში მოქალაქეების პასუხები არ იყო გათვალისწინებული. ბიუჯეტის 33% კი პრაქტიკულად, გაუმჭვირვალეა.

„რას ნიშნავს ბიუჯეტის სხვადასხვა ხარჯები? ჩვენ არ ვიცით, რაში დაიხარჯება 30 მილიონი, ასევე, 16 -ნახევარი მილიონი ლარი მიმართულია ე.წ. სახლების, ამხანაგობებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებისთვის. 3 მილიონი ლარით იზრდება მერიის ბიუროკრატიული აპარატის დაფინანსება. პრინციპული თემაა, როდესაც 9 მილიონი ლარით იზრდება გუდაურის დაფინანსება, რაც არაა თბილისის საქმე. სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას უნდა აკეთებდეს ცენტრალური ბიუჯეტი.“

ინგა გრიგოლიას თქმით,  შეუძლებელია, მხარი დაუჭირო ბიუჯეტს, სადაც 144 მილიონი გაუგებარი თანხაა, ანუ ე.წ. სხვა ხარჯები. ამიტომაც, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ამ ბიუჯეტის გაწვევა მოითხოვეს.

„ეს არ არის ბიუჯეტი,  რომელიც სჭირდება თბილისის მოსახლეობას და არ ვდემაგოგობ, როცა ამას ვამბობ. საკრებულოში ხალხი ძირთადად მოდის ორი თემის გამო: ჯანდაცვა და სოციალური მდგომარეობა. ამ ბიუჯეტში უკიდურესად გაჭირვებულთა პრობლემები კი არ არის ასახული, არამედ ასახულია, თუ როგორ უნდა მოიგოს ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წლის არჩევნები. არ ჯობდა, ამ 144 მილიონიდან ნაწილი მაინც ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე წასულიყო? ქვეყანაში, სადაც ონკოლოგია არ ფინანსდება, არ არის შანსი გულ-სისხლძარღვთა დაავადებით მოსულ ადამიანს გადაუჭრა პრობლემა. სხვათა შორის, ჯანდაცვის პროგრამები რომ არ ფინანსდება, ამიტომ აქვს გაყიდული ბევრ ადამიანს სახლი. არ შეიძლება ასეთი ტიპის ქვეყანაში ნაციონალურმა მოძრაობამ იფიქროს მხოლოდ საკუთარ პარტიულ ფულზე“.

Presage.tv-სთან საუბარში „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ  ქვეყანაში როგორც სახელმწიფო, ისე ქალაქის ბიუჯეტის ფორმირების პრაქტიკა  მანკიერია.

„ეს მანკიერი პრაქტიკაა და უნდა აღმოიფხვრას. ახლა ერთმანეთში ილაპარაკოს ნაციონალურმა მოძრაობამ, რა სალაპარაკოც აქვთ, რადგან არაერთხელ გვითქვამს, მოდით, ერთად შევიმუშავოთ ბიუჯეტი ოპოზიციურ ძალებთან, პროფესიონალ და კომპეტენტურ პირებთან ერთად. გვქონდა საუბარი ამ ბიუჯეტის გაუმჭვირვალობაზე“.

ამასთან, ვიქტორ დოლიძე დედაქალაქის ბიუჯეტში გამოტოვებულ კონკრეტულ პუნქტებზე საუბრობს: „მაგალითად, ორი პუნქტი – 52-ე და 53-ე გამოტოვებულია და პირდაპირ 54-ზე გადავდივართ. სად მიდის ის თანხები, კაცმა არ იცის.“

თბილისის ბიუჯეტი მართლაც პოლიტიკური ბიუჯეტია? უმრავლესობის წევრებს თუ ვერწმუნებით, ეს ბიუჯეტი თბილისელებზეა გათვლილი

ჩვენ მზად ვიყავით არათუ მონაწილეობა მიგვეღო ბიუჯეტის ფორმირებაში, არამედ დავხმარებოდით მათ და გვეთანამშრომლა. თუმცა ამ ბიუჯეტის ფორმირება ისეთივე მანკიერი წესით ხდება, როგორც ხდებოდა ადრე. თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ მაისში ჩვენ გიგი უგულავასაც მივწერეთ წერილი. ვთხოვდით, მოვდივართ ამ შეთავაზებით და, როდესაც დაიწყებთ ბიუჯეტის ჩამოყალიბებასა და შემუშავებას, ამ პროცესში ვითანამშრომლოთ-თქო. სინამდვილეში, სულ რამდენიმე დღეა, რაც გაგვაცნეს ამ ბიუჯეტის პროექტი. როცა რამდენიმე დღეა დარჩენილი და მელაპარაკები, ახლა გვითხარი, რა მოგწონს და რა არაო, ამის მიუხედავად, მაინც მოვასწარით დაგვეფიქსირებინა, რაც არ მოგვწონდა, რადგან კომპეტენტური ხალხი გვყავს. 

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საკრებულოს ოპოზიციონრები საბიუჯეტო-საფინანსო სხდომას არ ესწრებოდნენ.

– ეს სრული სიცრუეა და რატომ ითქვა ასეთი რამ, არ ვიცი. ინტეგრირებულ სხდომაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ეკონომიკური, საინვესტიციო, საბიუჯეტო და სხვა კომისიები, მე, ზურაბ აბაშიძე, ჯაბა სამუშია და ნათელა მაჭავარიანი ვესწრებოდით. სულ 11 ოპოზიციონერი ვართ და 11-ვე ხომ ვერ დაესწრებოდა ამ კომისიას? მაგრამ გვაბრალებენ, არ ესწრებოდნენო, რაც მტკნარი სიცრუეა. ეს ნაკლებად მაღელვებს. კარგა ხანია, შევიცანი მათი ნატურა, ან ტყუილი უნდა თქვან, ან თავი იმართლონ, კოკი იონათამიშვილი იქნება, თუ ვინმე სხვა. არ შემიძლია არ შევეხო მერიის ხელფასების ხარჯებისთვის სამი მილიონი ლარის მატების თემას. ამ დროს კი გვარწმუნებენ, ქამარი უნდა შემოვიჭიროთო. ასევე, საინტერესოა სადაზღვევო თემა, როცა ბითუმად ყიდულობს ფედერალური  ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაზღვევებს და ამ დროს ქალაქის მერია 16 მილიონ ლარს გამოყოფს დამატებით დაზღვევების შესასყიდად. თუკი ფედერალური ბიუჯეტი აკეთებს ამას, რაც მისი პრეროგატივაა, მაშინ ეს 16 მილიონი სად მიდის? როგორც უმრავლესობის წევრი თამაზ შოშიაშვილი აცხადებს, 2001 წელს მსოფლიო ბანკმა განუსაზღვრა საქართველოს კლასიფიკატორები: მაგალითად, გარემოს დაცვა და ნარჩენების გადამუშავება. შესაბამისად, ბიუჯეტში გაწერილი უნდა იყოს თანხები. ამ დროს კი ამ ბიუჯეტის კლასიფიკატორში თანხა არ ჩანს.

საკრებულოს ოპოზიციონრები აცხადებთ, რომ .. „სხვა ხარჯებშითანხების გაუჩინარება ხდება, მაგრამ სხვა პროგრამებიდანაც თუ არის თანხებით მანიპულირების შესაძლებლობა?

– რა თქმა უნდა, დაზღვევა ამიტომაც ვახსენე. ასევე, გუდაურის თემა. 2012 წლის ბიუჯეტში გუდაურისთვის გამოყოფილი თანხა 9 მილიონი გახადეს, მაშინ, როცა ჯერ დაიწყეს 2-ნახევარი მილიონიდან, მერე გაზარდეს 4 მილიონამდე და ახლა მთლად გაზარდეს. ნებისმიერი კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ, როცა ქალაქის საკრებულოს ამდენი პრობლემა აქვს... სოციალური საცხოვრისი ავიღოთ: 5 ათასზე მეტი ოჯახი თბილისში თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. ამიტომ ფედერალურმა ბიუჯეტმა უნდა განავითაროს გუდაური და არა თბილისის ბიუჯეტმა. ჯანდაცვის ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებენ. რამდენი მშიერი კაცი მოდიოდა ჩემთან, ვერ წარმოიდგენთ. ასევე, საინტერესოა სამედიცინო დაზღვევის გარკვეული პაკეტი. 2012 წელს ამაზე ხარჯავენ 16 მილიონ ლარს. რატომ იღებს საკრებულო ამ გადაწყვეტილებას, როცა ეს ფედერალური პროექტია და დაზღვევას სახელმწიფომ უნდა მიხედოს. სად მიდის ეს თანხა? ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს ამ ბიუჯეტში კონკრეტულად ვერ ნახავთ. მართალია, აქ სხვადასხვა პროგრამები არის, მაგრამ თითოეულ პროგრამაზე კონკრეტულად რამდენს ხარჯავენ, ხომ უნდა გაიწეროს?