ასტანური გასეირნება წარსულში ნიკიტა მიხალკოვთან ერთად და ქართველი მდაბიოები

ასტანური გასეირნება წარსულში ნიკიტა მიხალკოვთან ერთად და ქართველი მდაბიოები

როცა ცათამბჯენებით სავსე პოსტსაბჭოთა ქალაქში ჩადიხარ, მაგრამ იქ გვხვდება იგივე მენტალიტეტი, რაც უკვე 20 წლის წინ დატოვე საჭოთა კავშირში, კიდევ უფრო მეტად ფიქრდები - სად არის   შეჩერებული შენი ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც ასევე გაშმაგებით აშენებს ლამაზ-ლამაზ შენობებს, მაგრამ შეცვლილ აზროვნებას უკან, საბჭოეთისკენ ექაჩება? რა არის ქართველისთვის საშიში რუსულ გავლენაში და რა საფრთხეები მოაქვს დასავლურ-ამერიკულ მფარველობას?

ბუნებრივია, ფიქრდები იმაზეც, რატომ გვაბრუნებს რუსეთი უკან, თუ მას ავირჩევთ და რატომ გვპირდება ცივილურ საფრთხეებს დასავლეთი, თუ მათთან დავრჩებით? მაგალითად,  ესტონეთისთვის, თურმე, ჯოჯოხეთად იქცა ევროკავშირი თავისი ევროზონითა და ევროპული ეკონომიკური კრიზისით. ამ ბალტიურ ქვეყანას, როგორც ჩანს, წელში ტეხავს დასავლური პრობლემები და „იხვეწება“, ახლა რუსეთმა არ „დაპატიჟოს“ კიდევ სადმე, მაგლითად - ახალ ევროაზიულ ბლოკში, რომელიც გარეგნულად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის იქმნება.

ამ შიშმა მცირე დოზით, მაგრამ მაინც გაიჟღერა „რია-ნოვოსტის“ მიერ გამართულ მედიაფორუმზე ესტონელი ჟურნალისტის მხრიდან. ანუ, შიში არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დიქტატორული რუსეთის მშენებლობის მომხრე სკანდალურმა რეჟისორმა, ნიკიტა მიხალკოვმაც კი აღიარა ამავე ფორუმზე, ბალტიისპირეთი რუსეთისთვის დიდი ხანია დაკარგულია და ევროაზიულ ბლოკში ამ ქვეყნების შეყვანა არც ისე რეალური პრესპექტივაა, რუსეთმა და ბალტიისპირეთმა პარტნიორული კავშირები უნდა დაამყარონო.  

საქართველო? მინდოდა, მიხალკოვისგან საქართველოსთან მიმართებაშიც მომესმინა სიტყვა პარტნიორი, მაგრამ სხვა რამ მოვისმინე: „ევროაზიული ბლოკი შეიქმნება საქართველოს გარეშე... საქართველოც იქნება იქ“.  საქართველოს შესახებ მიხალკოვის ეს ფრაზა „რიანოვოსტის“ ინტერნეტ-ფორუმზეც დაიდო, „საქართველოც იქნება იქ“ - ამ სიტყვების გარეშე, და სხვა ტექსტი აღარც გამოჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორმა ჩვენზე ბევრი ისაუბრა. ეს ისე მოხდა, თითქოსდა, მასპინძლების მხრიდან რაღაცას გაესვა ხაზი... დავსვათ ბევრი კითხვის ნიშანი ქართველების მძახალი რეჟისორის განაცხადზე და შევეცდები, ეტაპობრივად ვუპასუხო მათ ჩემი ასტანური მოგონებებით...

ქართველის, ბალტიელისა და დანარჩენი პოსტსაბჭოელების მენტალიტეტი

აუცილებლად უნდა მოხვდეთ ცათამბჯენების ულამაზეს ქალაქში, მაგრამ დაესწროთ მედიაფორუმს, რომელსაც თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელი ესწრება და ალბათ, მერე გაიაზრებთ უკეთესად, გვაქვს თუ არა მენტალიტეტი შეცვლილი და ადვილი იქნება თუ არა ჩვენთვის, რუსული გავლენის ქვეშ მოქცევის შემთხვევაში, ამ გავლენების ატანა. მენტალიტეტი შეცვლილი გვაქვს, მაგრამ ჩემთვის პირადად და მითუმეტეს, როგორც ჟურნალისტისთვის იქ, უკან დაბრუნება, სიმართლე გითხრათ, ჯოჯოხეთში მოხვედრის ტოლფასი იქნება.  და აი, რატომ...

„რია-ნოვოსტის“ მიერ ორგანიზებულ მედიაფორუმზე წარმოდგენილი ძირითადი თემებიდან თითქმის ვერცერთი გავიაზრე. რატომ უშლის ერთმანეთს ხელს ტრადიციული და არატრადიციული მედია ისე, რომ ვიღაცისთვის აუტანელი ხდება განსხვავებულ აზრთან შეგუება? მე ვარ ჟურნალისტი, რომელმაც საქმიანობა, პირდაპირ დამოუკიდებელ პრესაში დაიწყო. არ ვიცი ის პერიოდი, როცა სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი მედიასაშუალებები მოქმედებდნენ. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან  ამ ტიპის ქართულმა მედიასაშუალებებმა სახე იცვალეს და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს დამორჩილდნენ.

მათთვის არ არის უცხო და რაღაც ტრაგიკული იმაში, რომ თუ ინტერნეტსივრცე გააქტიურდა, თავისი ბეჭდური გამოცემები ინტერნეტსაიტებით „გაამაგრონ“ და ამ სივრცეშიც მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეალიზება. საქართველოში  ძველი, „ტრადიციული მედიის“ საბჭოთა „გაგებიდან“ და პრობლემებიდან ჩვენთან აღარაფერი შემორჩა. აქ სახელმწიფოსგან მართვადი მედიასაშუალებების რეალურ პრობლემას ვერ ეგუება ქართული საზოგადოება, მდინარის იქითა ნაპირას კი - განსხვავებული აზრის გაჩენის პრობლემაა აქტუალური. არ ვიცი, შეიძლება, ამ ფორუმის თემები ახლობელი ყოფილიყო მაგალითად - ტელეკომპანია „იმედისთვის“...

ბელორუსიის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და რუსეთის მედიისგან განსხვავებით საქართველოში აზრადაც კი არავის მოუვა ტრადიციული და არატრადიციული მედიის პრობლემებზე, მაგალითად - ასეთ ჭრილში ისაუბროს - როგორ იზრდება განსხვავებული აზრის წაკითხვის საშუალება ინტერნეტით და რა ტრაგედიაა ეს. პირიქით, ჩვენ მედლის მოერე მხრიდან ვმსჯელობთ – რა კარგია, რომ „დემოკრატი“ სააკაშვილის მმართველობის პირობებში არსებობს სოციალური ქსელი და ინტერნეტ-მედია, სადაც მოსახლეობას შეუძლია, მართვადი მედიის ტყუილები გამოააშკარაოს და არ დაიჯეროს...

ბალტიის ქვეყნების ჟურნალისტები ბევრად უფრო გაკვირვებულები იყვნენ, ვიდრე მე, საქართველოს მოქალაქე - ერთი ბუნებრივი მიზეზის გამო: ლიტვაც, ლატვიაც და ესტონეთიც საქართველოზე დიდი ხნით ადრე დაემშვიდობა საბჭოთა წარსულს, მოირგო დასავლური მანტია და დემოკრატიის განმტკიცება, სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით დაიწყო. ეს პროცესი აისახა მედიაზეც - სადაც საუბარიც კი აღარ არის სახელმწიფოს „მუჭში“ მოქცეულ მედიასაშუალებებზე.

როგრც ჩემმა ლატვიელმა კოლეგებმა მითხრეს, მათ ქვეყანაში არსებობს ერთი-ორი გამოცემა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება და დანარჩენი მედიასივრცე აბსოლუტურად დამოუკიდებელია. სამივე რესპუბლიკაში არის მხოლოდ ერთი ტიპის პრობლემა – არსებობენ მედიასაშუალებები, რომლებიც რუსულ გავლენას განიცდიან.  შიდასახელმწიფოებრივი გავლენები მათთვის თითქმის არ არის საგანგაშო, რადგან  იქაური შიდასახელმწიფოებრივი გავლენა სულაც არ არის ისეთი, როგორსაც ქართული მედიასაშუალებები განიცდიან.

ეს ის არასასურველი, მაგრამ მაინც ცივილური და ასატანი გავლენაა (რაც ჩვეულებრივი და გარდაუვალი პროცესია მთელი მსოფლიოსთვის), როცა ამა თუ იმ მედიასაშუალების, ან სტატიის უკან ვიღაცის ინტერესები იმალება და მას ქართული, ხისტი „ნაციონალური“ ხასიათი არ აქვს.  ანუ იქ მედიასაშუალებას თავად სურს, რომ იყოს ამა თუ იმ გავლენის შემადგენელი ნაწილი, ან რაღაც ეკონომიკურ სარგებელს იღებს აქედან. პუტინივით და სააკაშვილივით იქ საკუთარ „მუჭში“ არავინ აქცევს ტელეკომპანიებს. რუსული გავლენაც, ყველას კარგად მოგეხსენებათ, არსებობს არა იმიტომ, რომ ლატვიაში საბჭოთა მენტალიტეტი არ გარდაცვლილა, ანდა მოგონებების ნოსტალგია აწუხებს ბევრს, არა - ჩვეულებრივი თანამედროვე პოლიტიკაა, რუსული სცენარით.

მოკლედ, ფორუმის თემებს უინტერესოდ ვუსმენდი და გულში ვამბობდი, მე იქ, საქართველოში ერთი სააკაშვილის არადემოკრატიული მიდგომა ვერ ამიტანია ქართული მედიის მიმართ  და ახლა, რუსული გავლენა ერთპიროვნულად რომ დაბრუნდეს ჩვენთან, ქუდი უნდა დავიხურო და დავტოვო ჩემი ქვეყანა, ჩემივე „გრძელი ჟურნალისტური ენის“ გამო თავსაც და ოჯახსაც რაიმე არ ავუტეხო-თქო... არაფერია აქ სასაცილო. საბჭოურმა მენტალიტეტმა მართლა შემაშინა.    

და თქვენ წარმოიდგინეთ, უცებ ტრიბუნაზე ადის გაზეთის - „МОСКОВСКИЙ КОМСОМОЛЕЦ“, გენერალური დირექტორის მოადგილე სერგეი რაგოჟკინი და პირდაპირ ეუბნება თავის კოლეგებს: „რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? მე მრცხვენია ჩემი კოლეგების საქართველოდან და ბალტისპირეთიდან. მათთვის ეს თემები გაუგებარია. მათ ეს საკითხები უკვე დაივიწყეს“. გავოცდი, გამეხარდა და ტაშიც დავუკარი პირველად ფორუმზე. მერე პირადად მივედი მასთან და მადლობა  გადავუხადე, რომ თქვა სათქმელი ჩვენი, ყველასი, რომლებიც ასე დავშორდით საბჭოეთს და შესვენებებზე საუბარში ვიოხებდით გულს. 

ცათამბჯენების დედაქალაქი, საბჭოური მენტალიტეტით....

როცა მენტალიტეტზე ვსაუბრობ, ბუნებრივია, ყაზახეთს გვერდს ვერ ავუვლი. რამდენადაც დიდებულია ახალი ცათამბჯენების ასტანა, იმდენად ძველებურია ასტანელების აზროვნება. მაგალითად ჩვენი დელეგაციის წევრს, ტატო ლასხიშვილს ბარგის გატანა სასტუმროდან 2 ლარი დაუჯდა. სულაც არ მოგეჩვენათ, ლარი წერია. არც ტენგე უნდა ეწეროს და არც დოლარი. როცა ლასხიშვილმა დამხმარე ყაზახს უთხრა, მარტო ქართული ფული დამრჩა, აიღებო, მანაც სიამოვნებით გამოართვა „გასამრჯელო“ ლარებში. ქართველმა კიდევ უფრო გაუხარა გული ყაზახს - ეს 2 ლარი 1 დოლარიაო. რა ვიცი, ვნახოთ, დაბრუნდება თუ არა საქართველოში ეს 2 ლარი ინვესტიციების სახით. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. 

არადა, ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ყაზახეთში საქართველოს ელჩის, პაატა კალანდაძის თქმით, 2011 წლის 7 თვის განმავლობაში მარტო ჩვენთან, 12 მილიონის ინვესტიციაა აქვს განხორციელებული, დედაქალაქ ასტანას ბიუჯეტი კი 2-ჯერ მეტია საქართველოს ბიუჯეტზე (ეს ინფრმაცია ელჩს არ ეკუთვნის - რ.მ). ეს ის ქვეყანაა, სადაც ელჩის მრჩევლის, მალხაზ მალაშხიას განცხადებით, სოციალური პრობლემები მოსახლეობას თითქმის არ აქვს. თუმცა, ქალაქებში უფრო უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე - სოფლებში (ეს ბუნებრივიცაა - რ.მ)  მაღალია პენსიები, სახელმწიფო დიდ თანხებს ხარჯავს სოციალურ დახმარებებზე...

თუმცა, რიგითი ყაზახებისგან მირებული ინფორმაციით, იქ ძალიან მაღალია კორუფციის დონე. ერთი-ერთი სასტუმროს თანამშრომელმა პირდაპირ თქვა - აქ თუ სახელმწიფო სამსახურში დაიწყე მუშაობა, ჩათვალე, რომ გარანტირებული გაქვს ცხოვრება, ყველაფერი ფულზე იყიდებაო. ტაქსის მძღოლებმა საშუალო ხელფასად 400-500 დოლარი დაასახელეს. ძალიან ძვირი დედაქალაქისთვის კი, არც ისე მაღალი ხელფასია. ალბათ, ამიტომაც, ყაზახეთშიც როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა რესპუბლიკაში “ფულის კეთებაზე“ არიან გადასულები,.

შევარდნაძის დრო გამახსენდა, როცა ყველას ჰქონდა „ჭამის“ საშუალება. მერე  სააკაშვილის რეფორმებიც გავიხსენე და შიმშილის ზღვარზე მყოფი ქართული მოსახლეობაც არ დამვიწყებია. რომელი რომელსს ჯობს, ეს თავად განსაზღვრეთ. მე კი ელჩის მიერ მოყოლილ ამბავს გადმოგცემთ. კალანდაძის თქმით, ნაზარბაევის ხელისუფლებამაც დაიწყო რეფორმების გატარება და მათ ქართველებისგან სამოქალაქო რეესტრის სფეროში გატარებული რეფორმის შესახებ სახელმწიფოთაშორისი კონსულტაციები უკვე გაიარეს. ქართული ვარიანტი ყაზახეთის ჯერ მხოლოდ ერთ ქალაქში დანერგეს...

ხაზსგასმით ავღნიშნავ, საპილოტე პროგრამაა და მხოლოდ ერთ ქალაქში მოსინჯეს რეფორმა. ელჩის თქმით, სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის, ამხელა ტერიტორიის მქონე ქვეყანაში ასე უცებ დემოკრატიული რეფორმების გატარება შეუძლებელი რომაა, ამიტომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად იწყებენ ქართული რეფორმების გადაღებას. ასეთივე  საპილოტე პროგრამა აამოქმედეს პოლიციაშიც და ისიც ჯერ მხოლოდ ერთ ქალაქში... საქართველოს პრეზიდენტის ელვისებური რეფორმები გამახსენდა, რომლებიც დღეს ყაზახურ ფონზე ბრწყინავს, მაგრამ ქართველებისთვის ის ოქრო აღარაა...

ახლა – გზების შესახებ... ჩვენგან  განსხვავებით, ყაზახეთის დედაქალაქში ერთ გაფუჭებულ გზას ვერ იპოვნით, მითუმეტეს, რომ, როცა ჩვენ იქ ვიყავით, ღამე -20 გრადუსი იყო ყინვა, ზამთარში სიცივე -40 გრადუსამდე აღწევს, მაისამდე კი სულ თოვლია.

ასტანაში უამრავი ცათამბჯენის გვერდით ახალი მშენებლობებია დაწყებული. როგორც ჩვენი ელჩის პირველმა მოადგილემ გვითხრა, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელიც კია, ამდენი მშენებარე სახლი როგორ უნდა გაიყიდოს, მაგრამ დასრულებული არ არის, ყველა ბინა გაყიდულიაო. საქართველო გამახსენდა და ჩავარდნილი სამშენებლო ბიზნესი...

ახალ დედაქალაქში, რომელიც პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა ყაზახეთის ჩრდილოეთის გასაძლიერებლად შექმნა (აქ ადრე ყაზახი ადამიანად, ფაქტობრივად, არ ითვლებოდა, რადგან ჩრდილოეთით რუსეთია მეზობელი), უამრავი თანამედროვე ბიზნესცენტრია და კიდევ ბევრი შენდება... თვალშისაცემია სასტუმროების მშენებლობები. „ხომ ამდენი სასტუმროა, რომ დაგჭირდეთ, შეიძლება ადგილი ვერ იშოვნოთ“, - გვითხრა ელჩის პირველმა მოადგილემ პირად საუბარში... ახლა, თბილისი გამახსენდა და ყოველღამე, ნახევრადგაუნათებელი „რედისონ ბლუ ივერია“...   არადა, მედიაფორუმი სწორედ ასტანას „რედისონში“ (ულამაზესი შენობაა) ჩატარდა. მართალია, ჩვენ იქ არ ვცხოვრობდით, მაგრამ როგორც პერსონალისგან შევიტყვე, თითქმის ყველა ნომერი დაკავებული იყო.

„მენდელეევის ტაბულა აიღეთ, თვალდახუჭულმა დაადეთ თითი და იცოდეთ, რომ ყაზახეთში ეს წიაღისეული აუცილებლად იქნება“, - გვითხრა ჩვენმა ელჩმა ყაზახეთში პაატა კალანდაძემ, რომელთან ჩაწერილი ინტერვიუს სრულად მოგვიანებით შემოგთავაზებთ. სხვათა შორის, მინდა, გითხრათ, როცა მისგან დელეგაციამ მოწვევა მიიღო, შეხვედრაზე იმ განწყობით მოვიდიოდი, რომ ვნახავდი ელჩს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი სირცხვილი იქნებოდა  უცხო ქვეყანაში, მაგრამ შევხვდი ელჩს, რომელიც აზროვნებით, განათლებითა და ქცევით, საკუთარ ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს. რა ვქნა, რაც მე ქართველი ელჩების არაპროფესიონალიზმზე ვწერე, ფაქტობრივად, ქართული დიპლომატიის ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლის არსებობას ვერც კი წარმოვიდგენდი.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორედ მისი პროფესიონალიზმის დამსახურება უნდა იყოს ისიც, რომ თუ 2004 წელს ყაზახებმა საქართველოში 300-400 მილიონის ინვესტიცია ჩადეს და 2008 წლის ომის შემდეგ დღემდე, ფაქტობრივად, შეჩერებული იყო მათი შემოდინება, 2011 წელს, მხოლოდ 7 თვის განმავლობაში - 12 მილიონი წამოვიდა იქიდან აქეთ. ეს კი საელჩოს კარგ მუშაობაზეც მიუთითებს და – რუსული გავლენების მქონე ყაზახეთში პოლიტიკური კლიმატის ცვლილებაზეც.

მოკლედ, მდიდარი ყაზახეთისთვის ქართული რეფორმები სამაგალითოა და თავადაც ხვდება, რომ იქ გამეფებული კორუფცია, ქვეყანას „შეჭამს“, ღარიბ საქართველოს კი, ფაქტია, ეს რეფორმები და ზედა ეშოლონებში გამეფებული კორუფცია ჭამს. რა სჯობს, იყო ესტონელივით – ევროზონითა და ევროკრიზისით მშიერი, მაგრამ მენტალიტეტითა და აზროვნებით დასავლური, ცივილური სამყაროს საკუთრება, თუ იყო კორუმპირებულად „მაძღარი“ რიგითი მოქალაქე, როგორიც ეს რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცისთვისაა დამახასიათებელი? ეს იყო ჩემთვის მთავარი კითხვა, მთელი ასტანური მედიაფორუმის განმავლობაში.

უცნაური ხალხი ვართ ქართველები... ვართ სადღაც შუაში, დასავლეთ-აღმოსავლეთის, გნებავთ, ევროპა-აზიის გასაყარზე შეჩერებული, დასავლეთისთვის - ავტოკრატიული წყობით, აღმოსავლეთისთვის მისაბაძი - რეფორმატორული აზროვნებით. არც იქით, არც აქეთ. მაგრამ ვიბრძვით, რომ მოვიპოვოთ თავისუფლება საკუთარი ხელისუფლებისგან, ანუ ვერ ვეგუებით იმ რეჟიმს, რომლის შექმნაშიც სააკაშვილს სწორედაც რომ დასავლეთისა და რაც მთავარია, ამერიკელების „ბრმა“ ნდობა და უსაზღვრო მხარდაჭერა დაეხმარა. გვინდა, შევცვალოთ უკეთესობისკენ ჩვენი დღევანდელი ყოფა თუნდაც რუსეთით... მაგრამ რა მოგვივა მაშინ, თუ საქართველო ერთპიროვნულად აღმოჩნდა რუსული გავლენის ქვეშ? ის, ხომ არა, როცა დამთავრდება ძველებური რუსულ-ქართული, გემრიელი ტაშ-ფანდურა, რეალობას ვეღარ ავიტანთ ქართველები და გავლენებს ვეღარ შევეგუებით?

ისევ მიხალკოვი და გრიბოედოვი 

მოკლედ, მედიფორუმზე რუსმა რეჟისორმა, მიხალკოვმა პირდაპირ განაცხადა, რუსები და ქართველები ერთმანეთის გარეშე მოწყენილები ვართო. კი, ასეთ მონატრებას, მეც ვგრძნობდი რუსი კოლეგებისგან. მითუმეტეს, ტყუილი თქვაო – ვერ დასწამებ მიხალკოვს, რომელსაც ქართველი რეჟისორი ჰყავს მძახალი, შვილის ქორწილიც, სიმბოლურად, წინანდალში გადაიხადა იქ, სადაც ალექსანდრე გრიბოედოვმა და ნინო ჭავჭავაძემ იქორწინეს. ფაქტია, ამ წინანდლური ჟესტით მიხალკოვი ან თავად ცდილობს, ან უკვე აირჩიეს იქ ზემოთ, განსაკუთრებული მისიისთვის, დაახლოებით ისეთისთვის, რასაც გრიბოედოვი ასრულებდა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, იმპერიულ რუსეთში...

როცა პირად საუბარში ვკითხე მიხალკოვს, რატომ აირჩიეთ წინანდალი-თქო, მან მითხრა: „გრიბოედოვთან მე ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს“... ბუნებრივია, დავინტერესდი, მან დაპატიჟა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ქორწილში, არაო - მიპასუხა და გაეცინა. მერე ისიც ვკითხე, თავად თუ მოვიდა, რაიმე საჩუქარი მოუტანა ქართველების რძალს-თქო. „არაფერიც არ უჩუქებია – მიპასუხა მიხალკოვმა“.  მოკლედ, ჩვენზე უცნაური პრეზიდენტი არავის ჰყავს...

ეს მიხალკოვთან ფორუმს გარეთ ვისაუბრე. ფორუმზე კი, პრესაგე.ტვ-ს კითხვამ მისი გაღიზიანება გამოიწვია:“ რა კავშირი შეიძლება არსებობდეს საქართველო-რუსეთს შორის ამ ევროაზიურ ბლოკში?“ მიხალკოვი ძალიან კარგად მიხვდა, ამ კითხვის უკან რამდენი კითხვის ნიშანი იმალებოდა, მაგრამ მან აქცენტი მონატრებულ ქართულ ღვინოზე, ქეიფზე, ურთიერთობებზე, გრიბოედოვზე, ქართველ სიძესა და სულიერ კავშირებზე გადაიტანა. ამით სცადა ჩემი დამშვიდება, თქვენს შიშებს საფუძველი არ აქვსო. მან ძალიან გამოკვეთილად თქვა, რომ ქართველებსა და რუსებს შორის ბევრია საერთო და კავშირი აუცილებლად აღსდგება... ადრე თუ გვიან... „100%-იანია, რომ ევროაზიული ბლოკი შეიქმნება საქართველოს გარეშე... მერე საქართველოც იქნება იქ“, - ძალიან დარწმუნებულმა განაცხადა მიხალკოვმა.

სხვათა შორის, მიხალკოვის პასუხზე უკვე ქართული დელეგაციის წევრები გაღიზიანდნენ. ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ ცოტა გაბრაზებულმა უთხრა რეჟისორს: „თქვენ ლაპარაკობთ როგორც პოლიტიკოსი და არა - როგორც რეჟისორი“.  პაჭკორიამ მიხალკოვს თხოვნითაც მიმართა, რომ მან საჯაროდ ურჩიოს კრემლს, შეცვალოს პოლიტიკა საქართველოს მიმართ და თუ რუსეთს არ შეუძლია, ან არ უნდა დაგვეხმაროს ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებაში, ხელს მაინც ნუ შეგვიშლის.  ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ თუ ასეთი ცნობილი და პატივსაცემი მოღვაწე, როგორიცაა ნიკიტა მიხალკოვი, ამგვარ რჩევას მისცემს კრემლს, ეს შესაძლოა, შექმნის  ფონს იმისათვის, რომ მოსკოვმა მომავალში შეცვალოს პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

ვიდრე მიხალკოვი ჟურნალისტების წინაშე წარსდგებოდა, აჩვენეს მისი ფილმი რუსი ფილოსოფოსის ილინის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ წინა საუკუნეში ამბობდა, რომ რუსეთის ხსნა დიქტატურაშია, მაგრამ არა - კომუნისტურ დიქტატურაში. ფილმში აშკარად ჩანს, რომ რეჟისორიც იგივე პათოსს იზიარებს და ბუნებრივია, ეს ყველაფერი სულაც არ მოდის წინააღმდეგობაში პრემიერ პუტინის სურვილებთან. სხვათაშორის, პაჭკორიამ ამ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება მიხალკოვისადმი მიმართვის დროს და განაცხადა, ამ ფორუმზე  ილინის ცხოვრების შესახებ თავისი დოკუმენტური ფილმის  ჩვენებითა და კონფერენციაზე გამოსვლით, მიხალკოვი ცდილობდა, შენიღბული ფორმით გაემართლებინა მოსკოვის მცდელობა აღადგინოს საბჭოთა კავშირის ტიპის სახელმწიფო ე.წ. ევრაზიული კავშირის სახით.

პაჭკორიამ მიხალკოვს მოუწოდა, თავი შეეკავებინა ასეთი მცდელობებისგან. ქართველმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ახლა, მთავარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მიხალკოვმა პაჭკორიას მოკლედ უპასუხა, და რაც მთავარია, ნახევარი გამოსვლა მხოლოდ იმის განმარტებას მოანდომა, რომ ის არ არის პოლიტიკოსი და საკუთარ აზრს გადმოსცემს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ...

მთელი საუბრის განმავლობაში მას, აშკარად არ ეთმობოდა საქართველო თავისი ღვინით, ლხინით, გრიბოედოვით, მაგრამ რამდენი ცნობილი ქორწილიც არ უნდა შედგეს, განსაკუთრებით წინანდალში - ქართველი სიძითა და რუსი პატარძლით, ან - პირიქით, როგორც არ უნდა ვეცადოთ სიმბოლიზირებას, ფაქტია, მე, საშუალო ასაკის ქართველი ძალიან დავშორდი რუსულ იმპერიულ აზროვნებას. ჩემთვის საბჭოთა კავშირი პიონერთა საერთაშორისო ბანაკ „არტეკთან“ ერთად დასრულდა... მერე იყო 90-იანი წლები...  მამების თაობას, ის ურთიერთობები მიხალკოვის მსგავსად, შეიძლება, დღემდე გულწრფელად ენატრება, მაგრამ ახალი თაობა, რომელიც დაახლოებით 10-15 წელიწადში მართვის სადავეებს გადაიბარებს, ძველ მენტალიტეტს უბრალოდ, ვერ გაიგებს და ვერ მიიღებს.  

ისე, ჩვენ და რუსებს საერთო პრეტენზიაც გვაქვს ამერიკულ გავლენებთან. ავტობუსში, ცნობილი რუსი წამყვანი მალჩანოვი გაცხარებული ყვებოდა: „ჰოლანდიელებს „პისუარები“ ქუჩაში უდგათ. როგორ უნდა გააკეთო ეს, როცა იცი, შენს უკან ქალები და ბავშვები დადიან? ნამდვილი რუსი მამაკაცი ამას არასდროს გააკეთებს. მერე ეს ჰომოსექსუალები?“.. აღარ ვაგრძელებ ამ ამბის მოყოლას, მაგრამ იმედი მაქვს საერთოც და გაუცხოებული თემებიც უკვე გადმოგეცით. დანარჩენი თქვენი ასარჩევ-გასარჩევია. 

მოკლედ, დავბრუნდი საქართველოში და აეროპორტში პირველივე ინფორმაცია ივანიშვილზე დამხვდა, დეპუტატმა წიკლაურმა მილიარდერ პოლიტიკოსს „მდაბიო“ დაუძახაო... წარსულში დაბრუნებამ და მიღწეულის შეფასებამ უცებ მიმახვედრა, ვინ არის ჩემთვის მდაბიო ქართველი პოლიტიკოსი... ეს არის ადამიანი, რომელსაც ისე მოსდის - უნახავმა, რა ნახაო, როცა გაუმართლებს, მოვა ხელისუფლების სათავეში და მერე დაავიწყდება, რომ მას ხალხის წინაშე აქვს პასუხისმგებლობა აღებული. არადა, ამ ხალხის ბედი ახლა ნამდვილად წყდება და წინ ან საბჭოთა წარსულში დაბრუნების პერსპექტივა ემუქრება, ანდა ისეთი დემოკრატიის მშენებლობის შესაძლებლობა, რომელიც მსოფლიოს გააკვირვებს. ეს აქამდე ვერ შევძელით, ვნახოთ, ახალი „მდაბიოს“ დაპირება როგორ შესრულდება...