გია ცაგარეიშვილის, დიმიტრი ლორთქიფანიძის და ჯონდი ბაღათურიას მოსმენა არც უმრავლესობას და არც უმცირესობას არ სურს. მათ დღეს სესიაზე პოლიტიკური გამოსვლა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარისთვის მოუწიათ.
ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის“ რეგლამენტით გათვალისწინებული ის 30 წუთი გამოიყენა, რომლითაც სარგებლობა უმრავლესობისა და უმცირესობის მიღმა მყოფ ფრაქციას საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიის მსვლელობისას თითოჯერ შეუძლიათ. 30 წუთის განმავლობაში კი დარბაზში მხოლოდ „ერთობა სამართლიანობისათვის“ – თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი და ფრაქციის წევრები: ჯონდი ბაღათურია, პეტრე მამრაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე და თამაზ დიასამიძე იმყოფებოდნენ.
უმრავლესობამ და უმცირესობამ სხდომაზე არყოფნა იმით გაამართლა, რომ მათ დასვენება ესაჭიროებოდათ. მათ ამ გადაწყვეტილებას კი ბაღათურიამ „სამარხცვინო და საკუთარი ხალხისათვის გამოცხადებული პროტესტი“ უწოდა. დავით ბაქრაძეს კი დარბაზში დარჩენისა და ფრაქციის წევრთა განცხადებების ბოლომდე მოსმენისათვის მადლობა გადაუხადა.
პოლიტიკური განცხადებები ცაგარეიშვილმა, ლორთქიფანიძემ და ბაღათურიამ გააკეთეს, სადაც ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკეს.
გიორგი ცაგარეიშვილი: „ქვეყანაში დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა, რაზეც პარლამენტი უნდა საუბრობდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტში, ხშირ შემთხვევაში, უმრავლესობის წევრები არ საუბრობენ სრულიად შეგნებულად. დღეს, როდესაც ჩვენ დილის სხდომაზე მოვდიოდით, ვიხილეთ მიღწევების რეპროდუქცია, რომელიც გამოფენილია სხდომათა დარბაზის წინ, ფოიეში.
მე ჩემს კოლეგებს მოვეთათბირე და ასეთ ინიციატივას გთავაზობთ, როდესაც საზოგადოება და სტუმრები დატკბებიან ამ რეპროდუქციებით, მოდით, ჩამოვხსნათ ეს რეპროდუქციები და სხვა სახის რეპროდუქციებს შემოგთავაზობთ, რომელშიც ასახული იქნება ათასი პრობლემა, ათასი უბედურება, რაც 2004 წლიდან დღემდე დატრიალდა ქვეყანაში და რაზეც პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
აქ ჩამოიკიდება გირგვლიანების განადგურებული ოჯახის ფოტოსურათები, აქ ჩამოიკიდება მანქანაში ჩაცხრილული ვაზაგაშვილის სურათი, ასფალტზე დაგდებული გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის, პირტიტველა ბიჭის ცხედრის სურათი, აქ ჩამოიკიდება თაბუკაშვილის ქუჩაზე დანგრეული სახლის ფოტოსურათი, ორჯერ დარბეული მიტინგის რეპროდუქცია. ესეც კარგი იქნება, რადგან ესეც ნაყოფია თქვენი პოლიტიკაში მოღვაწეობის და ესეც დღევანდელი საქართველოს სახეა.
ისიც საქართველოს სახეა და არის ასევე უდიდესი ნეგატივი, რომელიც ჩანს და რომელსაც ვერავინ ვერასდოს ვერ დამალავს, როგორც არ უნდა ეცადოს. ამიტომ, მე გთავაზობთ, რომ ეს რეპროდუქციები გამოვფინოთ. მოგვეცით საშუალება და ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ და ნახონ ადამიანებმა.
ეს არის საქართველოს პარლამენტი და არა მხოლოდ ნაცმოძრაობის პარლამენტი. ჩვენც ვართ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები ოპოზიციიდან და ამიტომ, ჩვენც გვაქვს უფლება, მივიღოთ სხვადასხვა რეპროდუქციების გამოფენაში და ე.წ. მიღწევების წარმოჩენაში მონაწილეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ დღეების განმავლობაში მუდმივად ტრიალებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ეკრანებზე, მე გიორგი ცაგარეიშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი ამ ტიბუნიდან პირდაპირ ვაცხადებ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ არჩევანი არის ევროპა და საქართველოს ინტეგრირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ აღიარებენ და ხაზს უსვამენ იმას, თქვენთან ერთად და სხვა უამრავ ადამიანთან ერთად, რომ დღეს ჩვენი მიწა-წყლის 20% არის ოკუპირებული რუსეთის სამხედრო ძალების მიერ. ამასთანავე ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ვაღიარებთ და ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ასი ათასობით ადამიანი გამოდევნილია თავისი მიწა-წყლიდან და რუსული ჩექმა არის, როგორც სამაჩაბლოში, ახალგორში, ისე ე.წ. ზემო აფხაზეთში, ანუ კოდორის ხეობაში. ამით მე ხაზს ვუსვამ დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროატლანტიკური არჩევანი და ერთხელ და სამუდამოდ ამაზე კითხვებს წერტილი უნდა დაესვას.
აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი და აბსოლუტურად უნიჭოდ დადგმული შავი პიარი აგორებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მართული მედიასაშუალებების მიერ. რამდენიმე მედიასაშუალების მიერ არის თითიდან გამოწოვილი და თქვენ ვერაფრით შეძლებთ იმას, რომ „თავისუფალი დემოკრატების“, სხვა პოლიტიკური ოპოზიციისგან მტრის ხატის შექმნათ და ამას ცდილობთ 2007 წლის ნოემბრიდან დაწყებული. მე თვითმხილველი ვარ, როგორ გინდოდათ წარმოჩენა, რომ ჩვენ ვართ „ფეესბეშნიკები“, „კაკებეშნიკები“, „გერეუშნიკები“ და რა ვიცი, ჩახვედით ნიკოლოზ მეორის „ოხრანკამდე“, მაგრამ ეს არ გამოგივათ იმიტომ, რომ თუ თქვენ გიძგერთ მკერდში ქართული გული, მეც მიძგერს და თქვენზე -არანაკლებ, რომ იცოდეთ, ბატონებო!
სამწუხაროა, რომ დღეს არავინ არ არის აქ და კარგი იქნებოდა, რომ შემობრძანებულიყავით და ჩემი სიტყვისთვის მოგესმინათ. თუ გინდათ, რომ ლეგალური ბრძოლის საშუალებები გამოგეყენებინათ, მაშინ, სამართლებრივ სიბრტყეში გადადით და არა ისე, როგორც ახლა აკეთებთ თვალთმაქცურად. გააგზავნეთ ვენეციის კომისიაში პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონი, სადაც დისკრიმინაციული წესები შეგაქვთ. რას უშვებით სტრასბურგის შეთანხმებას, ოპოზიციურ პარტიებთან დადებულს? სანაგვეზე გადააგდეთ, როგორც ყველა შეთანხმება? რისთვის დატოვეთ ოპოზიციური პარტიების ლიდერები მთელი თვეების მანძილზე, ევროსაბჭოს ეგიდით ხომ აწარმოებდით მოლაპარაკებას ჩვენს ზურგს უკან? გააგზავნეთ პროექტი, სადაც ყველაფერს კრძალავთ. სადაც ელემენტარული განძრევის საშუალებასაც კი აღარავის უტოვებთ. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ბოქლომები ჩამოვკიდოთ ჩვენს პარტიულ ოფისებზე და მოვშორდეთ ამ ქვეყანას?
ეს გინდათ თქვენ, მაგრამ გპირდებით, რომ ამას ვერასდროს ვერ მიაღწევთ იმიტომ, რომ ჩვენი დანიშნულება არის ამ ქვეყნის ბედნიერებისთვის ბოლო ამოსუნთქვამდე ბრძოლა და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის. მათ შორის - ვერც თქვენ. გამოდით და აღიარეთ, რომ ეს კანონით, მთელი პოლიტიკური სპექტრის ზურგს უკან რომ გაქვთ გაგზავნილი, მთელი ის პროცესი, რომელსაც აწარმოებდით ოპოზიციასთან მოლაპარაკებებით, პირდაპირ სანაგვეზე მოისროლეთ.
შემთხვევით რომ არ ჩამვარდნოდა ეს დოკუმენტი, საერთოდ ვერავინ ვერ გაიგებდა ამის შესახებ. რატომ მოხდა ისე, რომ მართული მედიასაშუალებების ჟურნალისტებს ეს კანონპროექტი ყველას აქვს და პარლამენტის წევრმა პარტიზანულად უნდა იმოქმედოს, რომ მოიპოვოს ფუნდამენტარული დოკუმენტი, რომელზეც დაფუძნებულია პარტიის ლეგარული საქმიანობა.
შემდეგ, როგორც კი პროტესტი გამოიხატება, ეგრევე წამოაძახებთ ადამიანებს, დაღუპვისკენ მიგყავთ ქვეყანაო. აი, ვის მიჰყავს დაღუპვისკენ, ეს ძალიან კარგად ჩანს. საქართველო დაღუპვისკენ მიგყავთ თქვენ, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიგყავთ სამოქალაქო კონფრონტაციისკენ. სამოქალაქო ჯგუფებს, პოლიტიკურ ჯგუფებს არ აძლევთ განვითარების საშუალებას.
როდესაც ბატონი ივანიშვილი თავდაცვის სამინისტროსთვის ხარჯავდა მილიონობით ლარს, ფაქტობრივად იყო თქვენი პოლიტიკური გუნდის თანადამფინანსებელი სხვა დამფინანსებლებთან ერთად, როდესაც, თურმე სოროსთან ერთად ასი ათასზე მეტ საჯარო მოხელეს ხელფასს უხდიდა, მაშინ ის კარგი კაცი იყო, ქართველი, ნამდვილი პატრიოტი, მაგრამ, როდესაც მან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყო, მაშინ ის არის რუსეთუმე და ვიღაცის მიერ ჩამონერგილი? თქვენი გაგებით არის რუსეთუმე იმიტომ, რომ თქვენთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ თქვენ არ გთხოვათ თანხმობა და ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ მისთვის თავს ლაფი დაგესხათ მისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მის გარშემო ერთიანდებიან. მაგრამ ეს არ გამოგივათ.
მე გთავაზობთ, რომ მოექცეთ სამართლებრივ ჩარჩოებში და აწარმოოთ აბსოლუტურად გამჭვირვალე და ლეგალური პროცესი პოლიტიკურ ოპონენტებთან. თქვენ ეს ქვეყანა რამდენჯერმე უფსკრულის პირას მიიყვანეთ. სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანეთ ეს ქვეყანა, როდესაც მიტინგების დარბევით იყავით დაკავებული. როდესაც თქვენი ოპონენტების გატაცებით, ცემით, ტყეპით, მათი საკუთრების მოსპობით იყავით დაკავებული.
დეპუტატებო, ამ ტრიბუნიდან გეხვეწებოდით, რომ შეგეწყვიტათ ეს განუკითხაობა, მაგრამ - არა. რაც უფრო ხმამაღლა გეხვეწებოდით, მით უფრო მაგრად გვირტყამდით თავში. თქვენ გგონიათ, ამას დაიჯერებს ვინმე? როდის უნდა დასრულდეს ეს ვაკხანალია? როდის უნდა დაესვას ამას წერტილი? მარტო თქვენია ეს ქვეყანა? ჩვენ რა გავაკეთოთ? როგორ ვიცხოვროთ? ან ჩენ, ან ჩვენმა ოჯახის წევრებმა ან ჩვენმა თანამემამულეებმა?
ადამიანებს სცემთ, აწამებთ, სახლებში უვარდებით და ეს ყველაფერი როდის უნდა დასრულდეს? მაგრამ იცოდეთ, თუ თქვენ არ დაასრულებთ ამას, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ერთ მშვენიერ დღეს დაასრულებს. აბა როგორ შეიძლება, ეს გრძელდებოდეს ყოველ დღე რვა წლის გამნმავლობაში?
თურმე, ყველა თქვენი პოლიტიკური ოპონენტი არის რუსეთუმე, ვიღაცა ბინძური გენერლის აგენტი საქართველოში. წყალს წაუღია ყველა გენერალი, ვინც კავკასიის გადაღმაა. წყალს წაუღია, ამას გეუბნებით ქართველი კაცი ამ ტრიბუნიდან და შეწყვიტეთ ადამიანებისთვის ასეთი იარლიყების მიკერება. თქვენ არ ხართ ჩემზე მეტი ქართველები. თუ გინდათ, ყველაფერში გავეჯიბროთ ერთმანეთს. არ გრცხვენიათ? გვეძახეთ ახალ დილიდან დაღამებამდე, რომ ჩვენ ვართ ვიღაცა ნაძირალა აგენტი თუ „ფეესბეშნიკის“ მიერ აქ ჩანერგილი აგენტები.
როგორ დაგიმტკიცოთ ეს? გინდათ, ხატი მოიტანეთ და დავიფიცებ, თუ გჯერათ ამის. ასე გაგრძელება არ შეიძლება და ამიტომ გთავაზობთ, დაუბრუნდით სამართლებრივ ველს, თუ გაქვთ ამის შნო და ლაზათი და დაელაპარაკეთ ადამიანებს საქართველოს პოზიციიდან გამომდინარე და არა ისე, როგორც ეს სააკაშვილს და მერაბიშვილს უნდათ“.
ცაგარეიშვილის ამ გამოსვლას დარბაზში მყოფი ერთად-ერთი დეპუტატი, დავით ბაქრაძე ყოველგვარი კომენტარის გარეშე ისმენდა. პარლამენტის თავმჯდომარეს არაფერი უთქვამს არც ჯონდი ბაღათურიას და დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოსვლების შემდეგ.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ ხელისუფლებას საპროცესო შეთანხმების მანკიერი პრაქტიკიდან მიღებული თანხების გაურკვეველი მიზნებით გახარჯვას საყვედურობდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ დაამკვიდრა საპროცესო კოდექსში ე.წ. რევოლუციური ცვლილებები, რამაც კვაზი იურიდიული სამართებრივი ფორმა მიიღო და რაც ევროსაბჭოში მათიას იორშმაც გააკრიტიკა.
„მათიას იორშმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმოდგენა საპროცესო შეთანხმებების სამართლიანობაზე, მთლიანად სცილდება ევროსაბჭოს დეპუტატების წარმოდგენას სამართალზე“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმებების პრაქტიკის შედეგი იყო ის, რის წინააღმდეგაც გაილაშქრა ბადრი პატარკაციშვილმა და რასაც უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უწოდებდა „კონტრიბუციას კერძო სამართლის იურდიულ პირის პენიტეციური სისტემის განვითარების ფონდში“, რომელშიც დატერორებულ ბიზნესმენებს თუ ჩინოვნიკებს მილიონები შეჰქონდათ.
ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ ეს თანხები შედიოდა კერძო სამართლის იურიდიული პირის ფონდში, საიდანაც შემდეგ თანხები გადაიქაჩა ევროპაში და შემდეგ საზოგადოებამ ეს თანხა მიუნხენსა და საფრანგეთში, პოლიტდევნილების ხელში იხილა.
„ამ თანხებიის დიდი ნაწილი აღმოჩნდა შემდგომში გადინებული ევროპის სახელმწიფოებში და იქიდან წარიმართა გაურკვეველი პროცესები, თუმცა, დღემდე არ მიგვიღია პასუხი, როგორ განიკარგა ეს თანხები და არავის წარმოუდგენია ანგარიში ამის შესახებ“, – დასძინა ლორთქიფანიძემ
ჯონდი ბაღათურიას თქმით კი „ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა უკვე დაწყებულია და ხალხს მისი ლიდერიც უკვე არჩეული ჰყავს“. ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლისას გააკეთა.
„იმდენად უცხო ორგანიზმი გახდა პრეზიდენტი და ხელისუფლება მოსახლეობისთვის, რომ ქვეყანაში რეალურად ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობაა დაწყებული“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ და დასძინა, რომ ხალხს ამ მოძრაობის ლიდერი უკვე არჩეული ჰყავს, მიუხედავად იმისა რა შავი პიარიც უნდა აწარმოოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ.
მისი თქმით, რა კონტექსტებიც არ უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ რუსეთის აგენტობასთან დაკავშირებით და რა სამარცხვინო განცხადებებიც არ უნდა აკეთოს „ჭეშმარიტი არისტოკრატიის წარმოამდგენელმა“ ნუგზარ წიკლაურმა, ლიდერი უკვე არჩეულია და ოქტომბრის არჩევნებზე მისი უბრალოდ გაფორმება მოხდება.
ხელისუფლება კი, ბაღათურიას თქმით, ქვეყნის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიღმა დარჩა და მისი სრული მარგინალიზაცია მოხდა. მისივე თქმით, ხელისუფლების მარგინალიზაციის დადასტურებაა ისიც, რომ უმრავლესობის წევრები დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გავიდნენ და ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ განცხადებებს არ მოუსმინეს.
„თქვენ ემიჯნებით საკუთარ ხალხს, რაც ძალიან ცუდია და ძალიან სამწუხაროა, რომ ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ შტურმში საპარლამენტო უმცირესობაც გიჭერთ მხარს“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.