ირაკლი ალასანია: „ვარდების რევოლუციის“ ღირებულებებს ახალი ხელისუფლება მიაღწევს“

ირაკლი ალასანია: „ვარდების რევოლუციის“ ღირებულებებს ახალი ხელისუფლება მიაღწევს“

„ვარდების რევოლუციიდან“ 8 წელი შესრულდა. 21-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, რომელზეც ხმათა უმრავლესობით მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

აღნიშნულს წინ 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები უძღოდა, რომლის შედეგების გაუქმებას მიხეილ სააკაშვილი და მისი აქტივისტები ითხოვდნენ. ქვეყნის მიერ განვლილ ბობოქარ წლებს პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები აფასებენ.

„საქართველო აშკარად წინ არის, ვიდრე 8 წლის წინ იყო, ისევე, როგორც, 8 წლის წინ ვიყავით უფრო წინ, ვიდრე 8 წლით ადრე“, - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია. მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით:

„მთავარი, რაც ვერ მოხერხდა, არის ის, რომ თავისუფალი ეროვნული სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდა. იმიტომ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები არ არის ძლიერი და ჩამოყალიბებული. არის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა. იმედი მაქვს, რომ „ვარდების რევოლუციის“ ღირებულებები, რისთვისაც მაშინ ხელისუფლება შეიცვალა, ნამდვილად იქნება მიღწეული, ოღონდ მომავალში, ახალი ხელისუფლების მიერ“.

„მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, შესაძლოა, გამხდარიყვნენ საქართველოს ისტორიაში მართლაც სერიოზული დამსახურების მქონე ადამიანები, რადგან „ვარდების რევოლუციამ“ მათაც და ქვეყანასაც წინსვლის ძალიან დიდი შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ეს ყველაფერი გაფლანგეს, - ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი.

მისი თქმით, დრო და შესაძლებლობა გაუაზრებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკასა და თვითტკბობაში გაიფლანგა:

„მათი დამსახურებით, სიღარიბეშია ჩვენი მოსახლეობის ნახევარი, ტერიტორიების სერიოზული ნაწილი ოკუპირებულია და გვყავს უამრავი დევნილი, ვერც დემოკრატიული ინსტიტუტები განავითარეს, ვერც ნატო-ს დავუახლოვდით, რუსეთთან ვერ დაალაგეს ურთიერთობა და პრაქტიკულად, ის შანსი, რომელიც ხელისუფლებას 8 წლის წინ მიეცა, გაიფლანგა თვითტკბობაში“.

„ქრისტიან–დემოკრატების“ ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით,  რევოლუციური ხელისუფლების მთავარი მიღწევა ის იქნება, თუ ამ ქვეყანაში ახალი რევოლუციის აუცილებლობა აღარასოდეს გაჩნდება:

„ეს იქნება მათი მთავარი მიღწევაც და მთავარი ჩავარდნაც, თუ მათ მოუწევთ იმავე გზით წასვლა ხელისუფლებიდან, როგორც მოვიდნენ. ამიტომ ჩვენ ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ასე არ მოხდეს“.

ქართველი ექსპერტები რევოლუციიდან დღემდე პერიოდს მთლიანობაში დადებითზე უფრო, უარყოფითად აფასებენ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ „საჭიროა, შეიცვალოს მართვა, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არსებობს“:

„ცვლილებებს ხელისუფლება მოახდენს თუ სხვა ძალა, ეს თვითონ პროცესმა უნდა გვიჩვენოს. თუ ხელისუფლება მოახერხებს და მოახდენს იმ ცვლილებებს, რომელსაც მისგან საზოგადოება ითხოვს, მაშინ დარჩეს, თუ არ შეუძლია, მაშინ უნდა შეიცვალოს. მაგრამ ძველ გუნდს გამოცდილება უფრო დიდი აქვს.

მართალია, 8 წელი ერთნიშნა რიცხვია, მაგრამ სახელისუფლებო ცხოვრებისთვის საკმაოდ დიდი დროა. ამ პერიოდმა პროცესები საკმაოდ დინამიური გახადა, ვიდრე 2003 წლამდე იყო. მნიშვნელოვანი ძვრაა კორუფციის საფეხურების დაშლაში, თვალში საცემი ნაბიჯები გადაიდგა საგარეო ურთიერთობების კუთხითაც. ამ პერიოდმა სრულიად სხვა კლიმატი შექმნა, ყოველ შემთხვევაში - დასაწყისში მაინც.

ამ წარმატებებში დიდი როლი იმან ითამაშა, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ახალგაზრდები ახალი ძალითა და შეუპოვრობით, რამაც სწორედ ეს დინამიურობა განაპირობა, მაგრამ სწორედ ამ მიზეზითვე გაჩნდა პრობლემებიც: ბევრი საკითხის არაკომპეტენტურად გადაწყვეტამ, ზედმეტმა თავდაჯერებულობამ პოლიტიკაში და ეკონომიკაში შესაბამისი შედეგები მოიტანა.

სწორედ პოლიტიკაში ახალგაზრდების თავდაჯერებულობის მიზეზი იყო 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. საუბარი იმაზე, თუ ვინ დაწყო ომი, ზედმეტია, ფაქტი ისაა, რომ საქართველო ამ ხაფანგში აღმოჩნდა.

გარდა ამისა, ბიზნესს, სასამართლოს და მედიას თავისუფლება შეეზღუდა, რამაც დასავლეთთან ურთიერთობაში ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ვფიქრობ, ახალგაზრდული გამოუცდელობით იყო გამოწვეული უპრეცედენტო საპროტესტო ტალღაც, რაც ასეთი სიხშირით არც ერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე რევოლუციიდან დღემდე განვლილ დროს „გადასარევი სასტარტო მდგომარეობიდან დაკარგული შესაძლებლობების ხანამდე პერიოდად“ აფასებს:

„2004 წელს არჩეულმა გუნდმა მის მიერვე არჩეულ გზას გადაუხვია, რასაც ჯგუფში შიდა დესტაბილიზაცია და დაშლა მოჰყვა: უამრავი სუბიექტი მას როგორც პიროვნულად, ისე ჯგუფურად გამოეყო, რამაც შედეგად 2008 წლის კატასტროფამდე მიგვიყვანა.

დემოკრატიული ძალები ნელ-ნელა ავტორიტეტული ძალებით შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, ეს ყველაფერი გადაფარა შეცდომებმა, რომელიც მმართველმა გუნდმა დაუშვა და საბოლოო ჯამში, საზოგადოების გახლეჩვა მოახდინა, გააჩინა შიდა დაძაბულობის კერა, არასტაბილურობის განცდა და არა მარტო ჩვენში, არამედ ჩვენს მოკავშირეებშიც, რაც განვითარების შეფერხებას იწვევს“.

ამავდროულად, მისი აზრით, „განცხადებები იმის შესახებ, რომ დღევანდელი ხელისუფლება უნდა წავიდეს, საკითხის სწორად დაყენება არ არის“.

„ვთვლი, რომ უნდა ჩატარდეს აბსოლუტურად გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები, ყოველგვარი გაყალბების ნიშნების გარეშე. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვთქვათ, რამდენად შედეგიანი და ახალ პროცესებზე ორიენტირებული იქნება საქართველოს ხალხის არჩევანი.

ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ ვინმე უნდა წავიდეს ან წამოვიდეს, არასწორად მიმაჩნია. თუ ვინმე ხელისუფლების ძალადობრივი გზით შენარჩუნებას და არჩევნების გაყალბებას შეეცდება, მაშინ საუბარი იმაზე, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი უნდა შეიცვალოს, გამართლებული იქნება“.

პოლიტოლოგი ვაჟა ლორთქიფანიძე კი აცხადებს, რომ „ხელისუფლება, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე დემოკრატიისკენ ისწრაფვოდა, ყველა დემოკრატიულ ღირებულებას უხეშად არღვევდა“:

„ამ ამბისთვის „რევოლუცია“ არასდროს მიწოდებია. არც ერთი პოლიტოლოგიური, სოციოლოგიური დასავლური განმარტებით, ის, რაც 2003 წელს მოხდა, რევოლუცია არ არის. რაც მოხდა, ჩვეულებრივი გადატრიალება და ხელისუფლების ხელში ძალის გამოყენებით აღება იყო.

ჩემთვის მთავარი, რაც ამ პერიოდში მოხდა, საბაზრო ეკონომიკაა და რაღაც წინსვლები, ბენებრივია, არის, მაგრამ თვალსაჩინოა ძალიან დიდი სხვაობა დეკლარილებულ ღირებულებებსა და რეალურ ვითარებას შორის. ხელისუფლება ერთი ღირებულების დეკლარირებას ახდენს და სრულიად საწინააღმდეგოს აკეთებს.

თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს იყო ნაბიჯი დემოკრატიისკენ, მაშინ ლიბერალური დემოკრატიის ყველაზე დიდი ღირებულებები თავისუფლების, სიცოცხლის და კერძო საკუთრების უფლებაა. მითხარით, რომელი ეს უფლება არ იქნა უხეშად დარღვეული და ფეხქვეშ გათელილი საქართველოში?!

ფასადურად თითქოს დემოკრატიისკენ მივდივართ, მაგრამ მე ვეთანხმები დავით მაღრაძეს, რომ ეს არის აღმოსავლური ტიპის დესპოტია. ამ თვალსაზრისით, ეს წლები არ არის დადებითი ჩვენი ქვეყნისთვის, ტყუილი, არგაკეთებული საქმის გაპიარება, გლამურული ცხოვრების ჩვენების მცდელობების პერიოდია.

სინამდვილეში, დემოკრატიული ღირებულებები დაითრგუნა, მასმედია არ არსებობს, უფრო მეტიც, ტელევიზიები, გამონაკლისის გარდა, ხელისუფლების კერძო საკუთრება გახდა. საინფორმაციო სააგენტოებში ცოტა მეტი თავისუფლებაა, მაგრამ სამწუხაროდ, მათ ბევრად ნაკლები სეგმენტი აქვს მიცული, ვიდრე ტელევიაზიას ჰყავს მაყურებელი.

განათლების სფეროში აბსოლუტურად გაუმართლებელი ცვლილებები განხორციელდა, რომელსაც პირადად მე რეფორმას ვერ დავარქმევდი. რეფორმა მიმართულია გაუმჯობესებისაკენ, აქ კი მოხდა პროფესორ-მასწავლებლებთან ანგარიშსწორება და მეტი არაფერი. ანალოგიური მოხდა კულტურის სფეროში.

მედიცინის სფერო დანგრეულია. ახლა რომ ჰკითხოთ, რაღაც პატარა გაიხსნება და დიდი ზარზეიმია, მაგრამ ძირითადში ჩვენი ფუნდამენტური სკოლები მედიცინისა - ნერვოლოგიის, კარდიოლოგიის, მთელი ეს მიმართულებები, რომელშიც საქართველო ლიდერი იყო აღმოსავლეთ ევროპაშიც კი, მოისპო და განადგურდა.

ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია. ფორმალური მაჩვენებლებით ბიზნესის დაწყება მარტივია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბიუროკრატიული მექანიზმები შეამცირეს, შენიღბულად ათჯერ მეტი კონტროლია ბიზნესზე.

მახსოვს, გვპირდებოდნენ, რომ პრეზიდენტის მეორედ არჩევის დროს საქართველოს გააერთიანებდნენ. სამწუხაროდ, ტერიტორიები კვლავაც ოკუპირებულია. რა საკვირველია, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის და ამავდროულად ჩვენი ხელისუფლების სრული უგუნურობის გამო 1/5 ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა მოწყვეტილია“.

რაც შეეხება ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობას, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ „ის, რომ ერთი ხელისუფლება წავიდეს და მეორე მოვიდეს, თვითმიზანს არ წარმოადგენს“:

„ასეთი თვითმიზანი არ არსებობს. მე მინდა, ყველა ზემოაღნიშნული მიმართულებით შედეგი დავინახო. თუ ეს ხელისუფლება შეძლებს, საზოგადოების მოთხოვნები შეასრულოს, მაშინ იყოს და შეასრულოს. მაგრამ ამ ხელისუფლების ბუნება ისეთია, რომ ამას დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს, ამიტომაც უნდა დათმოს.

8 წელი არც ისე ცოტაა, ამერიკაში ეს ორი საპრეზიდენტო ვადაა და თუ ჩვენ ყველაფერში მაგალითს ამერიკელებისგან ვიღებთ, მაშინ ეს მაგალითიც გამოვიყენოთ. ეს ხალხი ხელისუფლებაში 1995 წლიდანაა პრაქტიკულად. საკმარისია 15 წელი, მოვიდეს ახალი ძალა.

მე ვერ გეტყვით, რა ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, თუმცა შემიძლია, ვისაუბრო ივანიშვილის პიროვნებაზე. მას დიდი ხანია, ვიცნობ, დიდი ხანია, ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ ის ძალიან სერიოზული ადამიანია და დიდი პოტენციალი გააჩნია ცოდნისა და გამოცდილების. რატომაც არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ადამიანს, რომელმაც შექმნა უდიდესი საბანკო და საფინანსო სისტემა რუსეთში ველური დაპირისპირების პერიოდში?!

არავის არ დასცდენია სიტყვა, რომ ივანიშვილი აკრძალული მეთოდებით მოქმედებდა. მან ყველაფერი თავისი შრომით შექმნა, არასდროს ყოფილა რუსეთის ხელისუფლების ნებიერა. 1995-96 წლებში ის რუსეთიდან გააგდეს კიდეც, მაგრამ იმდენად ძლიერად შექმნა თავისი ფინანსური მექანიზმები, რომ ამ ბანკმა გაუძლო. ის აფასებს ფუნდამენტურ ღირებულებებს. რატომაც არ უნდა მივცეთ შანსი, პოლიტიკაში მოვიდეს?!“.