ახლა მინდა დავუბრუნდე ჩვენს ამჟამინდელ საჭირბოროტო პრობლემებს. სადაო არ არის, რომ ხელისუფლება, იგივე ნაციონალური მოძრაობა, არჩევნების პერიოდში კარგად ორგანიზებული და მობილურია. იყენებს რა სახელისუფლო და არასახელისუფლო რესურსებს, ის ახერხებს საარჩევნოდ არა მარტო მისი მხარდამჭერების მობილიზებას, არამედ მთელი მექანიზმი აქვს შემუშავებული, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიმხროს, რათა საარჩევნო ყუთებში ხელისუფლების შესანარჩუნებლად საჭირო უფრო და უფრო მეტი საარჩევნო ბიულეტენი აღმოჩნდეს. ამისთვის აქვს შექმნილი კორპუსის კოორდინატორთა სამსახური, რომელსაც, თავის მხრივ, თითოეულ სადარბაზოში, უბანში თუ ჩიხში პოლიტიკური აქტივისტი ჰყავთ. ამ მიზნით არ ერიდებიან პატიმართა და პირობით განთავისუფლებული ასეულ ათასობით ადამიანისა და მათი ოჯახების ეფექტურად დაშინებას, რომ ისინი მათ სამსახურში ჩადგნენ. შექმნილი აქვთ არალეგალური ე.წ. ზონდერბრიგადები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში აშკარა ტერორს მიმართავენ და აწიოკებენ მათთვის პოლიტიკურად არასასურველ ოპოზიციონერ აქტივისტებს. პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო საარჩევნო შტაბებად არიან ქცეულნი, ეს ყველაფერი უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა.
ამხელა საარჩევნო მონსტრის არაფრად ჩაგდება და შესაბამისი ორგანიზაციული ძლიერების მქონე აპარატის ჩამოუყალიბებლობა ოპოზიციის მხრიდან იქნება უდიდესი უპასუხისმგებლობისა და თავის ნებაზე პროცესების მიშვების გამოხატულება, რომელიც მორიგი დამარცხების საფუძველი გახდება. მხოლოდ პოლიტიკური პარტიები ანალოგიურ შრომატევად სამუშაოს, დიდი სურვილი რომ ჰქონდეთ, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, მაინც ვერ გააკეთებენ. ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან საზოგადოების უმრავლესობას სრულიად არ აინტერესებს პოლიტიკური საქმიანობა და პარტიის ოფისში ქუდიც რომ შეუგდო, იქ შემსვლელი მაინც არ არის. მაგრამ ამავე ადამიანებს ვინმეზე არანაკლებ არ უყვართ თავიანთი ქვეყანა და ბევრჯერაც დაამტკიცეს, რომ მაღალი ხარისხის სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააჩნიათ. ამიტომ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებებისათვის მებრძოლმა პოლიტიკურმა ძალებმა, მხედველობაში კი პირველ ყოვლისა ბიძინა ივანიშვილის დიდი რესურსების მქონე ახალ პოლიტიკურ ძალას ვგულისხმობ, აქცენტი საზოგადოების ამ უდიდესი ნაწილის ამ ბრძოლაში აქტიურ ჩართვაზე უნდა გააკეთონ და ხელი უნდა შეუწყონ ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნას, რომელშიც მოხდება ზემოთ აღნიშნული ადამიანების მასობრივი კონსოლიდაცია.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალები პრიორიტეტულად არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას მიიჩნევენ, ხოლო 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო და იმავე წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების სახელისუფლო ძალების მხრიდან მასობრივი გაყალბების მწარე გამოცდილება გაგვაჩნია, რომელსაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა და საზოგადოებამ ვერაფერი ეფექტური ვერ დაუპირისპირეს, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა გაყალბებული არჩევნების იურიდიულად გამარჯვებად გაფორმება და ხელისუფლების უზურპაცია, მიზანშეწონილი იქნება შეიქმნას საქართველოს ამომრჩეველთა ხმების დაცვის კომიტეტი (შემდგომში ხმების დაცვის კომიტეტი). იგი უნდა გახდეს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც ორგანიზაციას გაუწევს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას, ანუ დაიცავს ხალხის მიერ ოპოზიციისთვის მიცემულ ხმებს სახელისუფლო ძალების მხრიდან გაყალბებისაგან და უზრუნველყოფს ოპოზიციის ხელისუფლებაზე სავარაუდო გამარჯვების შენარჩუნებას.
ამისთვის საჭიროა შეიქმნას ხმების დაცვის კომიტეტის მთავარი კომიტეტი პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დანიშნული წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც წერილობით ჩამოაყალიბებს ხმების დაცვის კომიტეტის სამოქმედო წესდებას, რომელშიც განსაზღვრული იქნება მისი ცენტრალური და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ხმების დაცვის ჯგუფების უფლებები და ვალდებულებები. ასევე – შექმნის და უხელმძღვანელებს საქართველოს რაიონების მიხედვით ჩამოყალიბებულ ხმების დაცვის კომიტეტებს.
რაიონულმა კომიტეტებმა უნდა ჩაატარონ შემდეგი სამუშაოები:
ჩამოაყალიბონ რაიონის საარჩევნო უბნებზე ხმების დაცვის საუბნო კომიტეტები თითოეული 10 კაცის შემადგენლობით, დაუნიშნონ ხელმძღვანელი პირი, განუსაზღვრონ სამოქმედო უბანი და მიანიჭონ ნომერი უბნების მიხედვით. საუკეთესო ვარიანტია საუბნო კომიტეტები შეიქმნას ქალაქის უბანში არსებულ მაცხოვრებელთა, ხოლო სასოფლო დასახლებებში სოფლების მაცხოვრებელთა შემადგენლობიდან. საქართველოში 3600 საარჩევნო უბანია, ხმების დაცვის საუბნო კომიტეტებში უნდა გააწევრიანონ საერთო ჯამში 36 ათასი კაცი.
იქედან გამომდინარე, რომ არსებობს ფაქტები, როცა ხელისუფლება ხმების გასაყალბებლად ხშირად იყენებდა მკვდარი სულებისა და საცხოვრებელ ბინებში ადამიანების ყალბი ჩაწერის მექანიზმს, ხოლო მის წინააღმდეგ ეფექტური ინსტრუმენტის, ბიომეტრიული პასპორტების შემოღებაზე უარს აცხადებს, არჩევნებამდელ პერიოდში საქართველოს ხმების დაცვის კომიტეტის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენა კონკრეტული აღწერის საშუალებით. აღნიშნული სამუშაო უნდა ჩაატარონ ხმების დაცვის საუბნო კომიტეტებმა.
თითოეულ საარჩევნო უბანზე საუბნო ხმების დაცვის კომიტეტმა საცხოვრებელი სახლების უშუალო ჩამოვლით უნდა შეადგინოს საცხოვრებელ ბინებში რეალურად ჩაწერილ და მცხოვრებ ამომრჩეველთა კარტოთეკა პირადობის მოწმობების მონაცემების მიხედვით;
ეს კარტოთეკა აუცილებელია შედგეს როგორც წერილობითი დოკუმენტაციის ფორმით, ასევე სპეციალურად შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, რომელსაც მაღალი დონის დაცვის სისტემა და სპეციალური პაროლი ექნება დაყენებული. კარტოთეკის პროგრამები ცალ–ცალკე უნდა იყოს შემუშავებული საარჩევნო უბნის, რაიონული საოლქო უბნისა დ ხმების დაცვის მთავარი კომიტეტისათვის;
აღნიშნული კარტოთეკის საიმედოობის მიზნით, სასურველი იქნება ამომრჩევლებისათვის და მათი პირადობის მოწმობებისთვის სურათების გადაღება ფოტო აპარატით ან მობილურით და მათი მყისიერად განთავსება ნოუთბუქის საშუალებით კარტოთეკის კომპიუტერულ პროგრამაში ამომრჩევლის ნუმერაციის მიხედვით.
თუ ამ სამუშაოს ჩატარება სწორად დაიგეგმება, იგი არ არის რთული და ძლიერ შრომატევადი. თითოეულ საარჩევნო უბანზე საშუალოდ გაწერილია 1000–დან 1500–მდე ამომრჩეველი, ხმების დაცვის საუბნო კომიტეტის 10 წევრი, ორკაციან 5 ჯგუფად დაყოფილი, თუ სისტემატურად იმუშავებს დღის განმავლობაში ოთხი საათის ხანგრძლივობით, მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში შეძლებს აღნიშნული კარტოთეკის მაღალ დონეზე შედგენას. უფრო კონკრეტულად ეს ნიშნავს თითოეული 2-კაციანი ჯგუფის მიერ მთელი თვის მანძილზე მაქსიმუმი 300 ამომრჩევლის მონაცემების დოკუმენტალურად ჩაწერას, ფოტოების გადაღებასა და კომპიუტერულ პროგრამაში დაფიქსირებას, რასაც თავის მხრივ, 20 დღის მანძილზე დაახლოებით 150 ოჯახის ინსპექტირება დასჭირდება, ანუ დღეში 8 ოჯახის, თითოეულში საშუალოდ 2 ამომრჩეველის აღწერით. დანარჩენი 10 დღე საჭირო იქნება მოსახლეობის პირველი შემოვლისას დაუფიქსირებლად დარჩენილი ამომრჩევლის კარტოთეკაში შესატანად და სიების დასაზუსტებლად.
ხმების დაცვის კომიტეტის ცენტრალური ოფისის მიერ ამ კარტოთეკის კომპიუტერული ვერსიის ინტერნეტში არჩევნებამდე სპეციალურ საიტზე განთავსება საშუალებას მისცემს მოსახლეობას ხმების დაცვის კომიტეტთან თანამშრომლობით მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო სიების დაზუსტებაში. ამ კარტოთეკის საშუალებით გაირკვევა უკანასკნელ წლებში სადაოდ ქცეული საკითხებიც, რეალურად რამდენი ამომრჩეველია საქართველოში და ამომრჩეველთა რაოდენობით მანიპულირება აძლევდა თუ არა ხელისუფლებას მასშტაბური გაყალბების საშუალებას.
შემდგომში ამ კარტოთეკით იოლი გახდება ოფიციალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად საარჩევნო სიების ზუსტი კორექტირება. სხვათა შორის, ურიგო არ იქნება, ხელისუფლების გადაწყვეტილებით აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა რომ მიიღოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საჯარო რეესტრმა, მხოლოდ – რეალურად საქმის გაკეთების სურვილით და არა ხელის შეშლისა და ამ საქმის ჩაშლის მიზნით. თორემ, დამოუკიდებლად თავად როგორ უშედეგოდ ართმევენ თავს ზუსტი საარჩევნო სიების დადგენას, ეს საზოგადოებამ უკვე ბევრჯერ გამოსცადა. არც იმ ასიათასობით ლარის ამ საქმისათვის პარტიებისთვის ყოველგვარი კონტროლის გარეშე გამოყოფა არის დასავიწყებელი, რომლებმაც ქრთამის გაცემის სახე მიიღო ზოგიერთი პარტიისთვის, რათა, პირიქით – სიებში მასშტაბური დარღვევები არ გამოვლენილიყო. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ შესაბამისი მოცულობის სამუშაო მათი მხრიდან ნამდვილად არ განხორციელებულა.
ეს კარტოთეკა ხმების დაცვის კომიტეტების ხელში იქნება ძლიერი სამართლებრივი იარაღი არჩევნების დღეს მკვდარი სულების, ე.წ. კარუსელებისა და სხვა მეთოდებით ხმების გაყალბების დასაფიქსირებლად და აღსაკვეთად.
ხმების დაცვის საუბნო კომიტეტის მოვალეობა არჩევნების დღეს იქნება:
1. საარჩევნო უბნების კომისიების ოპოზიციური პარტიების წევრებთან თანამშრომლობით გააკონტროლონ საარჩევნო უბანში არსებული კანონთან შესაბამისი მდგომარეობა;
2. წინასწარ შედგენილი ამომრჩეველთა კარტოთეკების საშუალებით ზუსტად აღნუსხონ არჩევნებში მონაწილე პირთა ვინაობა და რაოდენობა;
3. კანონის დაცვის ფარგლებში შეეწინააღმდეგონ აშკარა გაყალბებასა და ძალადობას და თუ აუცილებელი გახდება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში რაიონული კომიტეტებთან შეთანხმების საფუძველზე სხვადასხვა საუბნო კომიტეტებმა ერთმანეთს გაუწიონ ფიზიკური დახმარება;
4. ვიდეოკამერებით ან მობილური ტელეფონებით დააფიქსირონ:
ა) ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენელთა ძალადობის, მუქარის ან სხვა გზით არჩევნების გაყალბების ფაქტები;
ბ) ე.წ. კარუსელების გზით არჩევნების გაყალბებაში შემჩნეული პირები და მათი სხვადასხვა უბანზე გადამყვანი ავტომანქანები;
გ) მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ სასწრაფოდ აცნობონ რაიონულ კომიტეტებს და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად გადაუგზავნონ დოკუმენტაცია და გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა.
ხმების დაცვის მთავარმა და რაიონულმა კომიტეტებმა უნდა ჩაატარონ შესაბამისი სამუშაოები, რათა ხმების დაცვის საუბნო კომიტეტები შეიქმნას იმ რაიონების საარჩევნო უბნებშიც (ახალქალაქი, მარნეული, ბოლნისი, ახალციხე, ზუგდიდი და სხვა), სადაც ხელისუფლებამ ყველაზე მეტად გააყალბა არჩევნები, რათა ამ დასახლებულ პუნქტებშიც მოხერხდეს უშუალოდ ამომრჩევლებთან ამ ღონისძიების მიზნის ახსნა, ამომრჩეველთა კარტოთეკის შედგენა და არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე შესაბამისი კონტროლის მექანიზმის ამუშავება.
ამომრჩეველთა აღწერასთან ერთად ხმების დაცვის საუბნო კომიტეტებმა თითოეულ საარჩევნო უბანზე პარალელურად ორგანიზაცია უნდა გაუწიონ ხმების დაცვის მოხალისეთა საუბნო ჯგუფის შექმნას. მისი შემადგენლობის რაოდენობა შეზღუდული არ არის. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაეწერება ამგვარ მოხალისეთა ჯგუფებში, მით უფრო მეტი შანსია რომ საქართველოს ამომრჩევლებმა ღირსეულად დაიცვან თავიანთი საარჩევნო ხმები. თითოეული საარჩევნო უბნის აღნიშნულ ჯგუფში თუ ჩაეწერება საშუალოდ 100–200 ადამიანი, მაშინ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საქართველოს ხმების დაცვის კომიტეტში გაერთიანებული იქნება დაახლოებით ნახევარი მილიონი აქტიური ამომრჩეველი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გადამწყვეტ სიტყვას იტყვის საკუთარი ხმების დაცვის საქმეში. მიზანშეწონილია რომ აღნიშნული ხმების დაცვის მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობა იყოს კონსპირაციული, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს
მასში გაერთიანებული ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიების დაგეგმვისა და განხორციელების საშუალება.
რეჟიმთან დაპირისპირებისას ადამიანები რომ უფრო მოტივირებულები და გაბედულები იყვნენ, აუცილებელია შეიქმნას ისეთი სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ადამიანებზე განხორციელებული რეპრესიების შემთხვევაში მათ სამართლებრივ და სოციალურ დაცვას. კერძოდ, უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური ფონდი, რომელიც გამიზნული იქნება ოპოზიციური აქტივისტების მიმართ რეჟიმის მიერ ამ ბრძოლაში მიყენებული ზიანის აღსარიცხავად და ასანაზღაურებლად, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დასაფინანსებლად, სამართლებრივი დევნის დაწყებისას მათთვის ადვოკატის დაქირავების უზრუნველსაყოფად, ხოლო დაპატიმრების შემთხვევაში მათი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გასაწევად.
ზემოთ აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად საჭიროა ამ ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შედგენა და მისი დაფინანსება. ამ საკითხზეც გარკვეული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს საკითხი ცალკე მსჯელობის საგანია.
წერილი დასაბეჭდად მზად იყო. როცა გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა საარჩევნოდ 60 ათასი დამკვირვებლის მომზადების შესახებ. თუ ამ ინიციატივას გავაერთიანებთ ხმების დაცვის კომიტეტის შექმნის ამ მოსაზრებასთან, მაშინ ამ საქმის ფინანსურად და ორგანიზაციულად გადაწყვეტა ბევრად გაიოლდება.
ხალხის სამართლიანი ძალის შესახებ
საქართველოში სახელისუფლო მმართველობაზე დაკვირვების 20–წლიანი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ დემოკრატიის ლოზუნგით ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილება ბევრად უფრო განხორციელებადია, ვიდრე ამ რევოლუციების შემდგომ რეალურად დემოკრატიული რეფორმების გატარება.
ფაქტია, რომ ის ძალები, რომლებიც უჯანყდებიან მმართველ რეჟიმებს სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ყოფილ რეჟიმზე უსამართლო და ხალხის უფლებების აბუჩად ამგდებ მმართველობებს ამყარებენ. ძალადობრივი მეთოდებით ამხობენ რა ძველ ხელისუფლებას, მათ ხელში უვარდებათ შეუზღუდავი, უკონტროლო ძალაუფლება, რომელსაც კონსტიტუციურადაც ისე იფორმებენ, რომ მხოლოდ შენიღბული დიქტატურა გვრჩება ხელთ.
პოლიტიკური მიმდინარეობის ანარქიზმის ერთ–ერთი ფუძემდებელი, ბაკუნინი აღნიშნავდა: „ძალაუფლების მოპოვება ტირანად აქცევდა თავისუფლების ყველაზე ერთგულ მეგობარსაც კი“. ბენჯამინ ფრანკლინი ადამიანის ფსიქოლოგიური ფენომენის თვისებად მიიჩნევდა ფულისა და ძალაუფლების მიმართ ამ უკანასკნელის დამოკიდებულებას: „არსებობს ორი ვნება, რომლებსაც გააჩნიათ დიდი გავლენა ადამიანურ საქმეებზე, ეს არის ძალაუფლების სიყვარული და ფულის სიყვარული... როცა ისინი ერთიანდებიან, წარმოქმნიან ყველაზე მძაფრ ქმედებებს.“
მოქალაქეების მიმართ მასობრივად სიცოცხლის, თავისუფლებისა და ქონების ხელყოფაზე მძაფრი რა უნდა იყოს? ამას სახელმწიფოებრივი ბერკეტების გამოყენებით აღწევს ძალაუფლების ხელში ჩამგდები პიროვნება, რასაც დიქტატურას, ტირანიას და დესპოტიზმს უწოდებენ. მის არსს კი თავისი სისასტიკითა და განუკითხაობით, აგერ 8 წელია სააკაშვილის რეჟიმი პრაქტიკული მასტერკლასებით გვაცნობს 7 ნოემბრის, 6 მაისის, 15 ივნისისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევებით, ასი ათასობით ციხეებში გამოკეტილი და პირობითი პატიმრით, ზონდერბრიგადების მიერ პოლიტიკურ აქტივისტებზე ფიზიკური ტერორით, მედიაზონდერბრიგადების მიერ სიცრუის პროპაგანდით მოსახლეობის ტვინის გამორეცხვით, 5 იანვრისა და 21 მაისის არჩევნების აშკარა გაყალბებით, ყაჩაღური მეთოდებით ადამიანებისათვის ბიზნესის წართმევებით, მისი სრული ოლიგარქიული მონოპოლიითა და ე.წ. სინგაპურიზაციით, ანუ ხელისუფლებაში მრავალი ათეული წლით დარჩენისათვის ოპოზიციისთვის ხელების გადაგრეხვის პოლიტიკით. ვფიქრობ, ლორდ ექტონს ეს სიტყვები რომ არ დაეწერა, იგი მაინც მოუვიდოდა ვინმეს თავში სააკაშვილის პოლიციური რეჟიმის შეფასებისას: „ყველანაირი ძალაუფლება არის გამრყვნელი, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება არის გამრყვნელი აბსოლუტურად“.
იმის გამო, რომ ხელისუფლების ამგვარი უზურპატორებისგან მომავალშიც არ ვართ დაზღვეული, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ კანონის საფუძველზე ხალხს ჰქონდეს იარაღის ფლობისა და მისი გამოყენების უფლება. აშშ–ს კონსტიტუციის 1791 წლის მეორე შესწორებაში აღნიშნულია: „რამდენადაც თავისუფალი სახელმწიფოს უშიშროებისათვის საჭიროა კარგად ორგანიზებული მილიცია, არ უნდა ირღვეოდეს ხალხის უფლება იქონიოს და ატაროს იარაღი“.
ამგვარივე კანონმდებლობის საფუძველზე შვეიცარიის მსგავსად საქართველოში უნდა შეიქმნას მრავალრიცხოვანი სახალხო ლაშქრის სამხედრო სტრუქტურა, რომელიც არა მარტო საგარეო მტრის თავდასხმის შემთხვევაში სარეზერვო შეიარაღებული ჯარის ფუნქციას შეასრულებს, არამედ, ამასთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან ხალხის უფლებების მასობრივად გათელვის შემთხვევებში, რაც არსობრივად მისი ლეგიტიმაციის დაკარგვას ნიშნავს, სამართლიანი ძალის როლი და ამგვარი ტირანიის ნეიტრალიზება დაეკისრება.
სახალხო ლაშქრის უფრო ადვილად ორგანიზებისათვის მისი სტრუქტურები უნდა ჩამოყალიბდეს ტერიტორიული პრინციპით საქართველოს დიდ ქალაქებსა და რაიონებში, მაგალითად: თბილისში, რუსთავში, გორში, ხაშურში, ზესტაფონში, ქუთაისში, თელავში, გურჯაანში, სამტრედიაში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმში. მასში გაწევრიანდებიან 20 წლის ასაკიდან 60 წლამდე ჯანმრთელი, არანასამართლევი, ან ნასამრთლეობა მოხსნილი მამაკაცები, ხოლო ნებაყოფლობით ქალები, რომლებიც წელიწადში სულ მცირე 2 კვირიან სამხედრო მომზადებას გაივლიან. მათ განკარგულებაში იქნება საომარი ვითარებისათვის განკუთვნილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ყუმბარმტყორცნები და სტინგერის სტილის საზენიტო დანადგარები. ეს იარაღი უნდა განთავსდეს თითოეული მოლაშქრის საცხოვრებელ ბინაში სპეციალურ ლითონის სათავსოებში ჩაკეტილ მდგომარეობაში ზედ დადებული ტვიფრით და მათი დაცვის უზრუნველსაყოფად პოლიციაში სიგნალიზაციაზე უნდა იყოს ჩართული.
სახალხო ლაშქარი ჩვეულებრივი სამხედრო წესით ათეულებად, ასეულებად და ათასეულებად უნდა იყოს ნაწილებად დაყოფილი. თითოეული სტრუქტურის ხელმძღვანელობა არჩეული უნდა იქნას დემოკრატიული პრინციპების დაცვით, თავად ამ სტრუქტურებში გაწევრიანებული მოლაშქრეების მიერ კენჭისყრის საფუძველზე. ომის პირობებში სახალხო ლაშქარი დაექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს, ხოლო ტირანიასთან ბრძოლის პირობების შექმნის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სახალხო ლაშქრის ნაწილების პირადი შემადგენლობის შესაბამისი კრებები, სადაც უმრავლესობის პრინციპით უნდა იქნას გამოტანილი გადაწყვეტილება ტირანული ხელისუფლებისათვის გადადგომის ულტიმატუმის წაყენებისა და წინააღმდეგობის შემთხვევაში მისი ნეიტრალიზების შესახებ.
დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ვინმეს გულუბრყვილობად მოეჩვენოს ამგვარი ფუნქციების მატარებელი სახალხო ლაშქრის შექმნის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები, მაგრამ, საჭიროა იმის კარგად გაცნობიერება, თუ რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ასეთ სახალხო ლაშქარს. ჯერ ერთი, საქართველოს ეყოლება რამდენიმე ასეულ ათასიანი ბრძოლისუნარიანი სარეზერვო ჯარი, მეორეც, მას ექნება ტირანიისკენ გადახრილი ხელისუფლებისათვის დიდი პრევენციული ფუნქცია, რომელიც ოდნავ გონიერ ხელისუფალს დიქტატურის დამყარების სურვილს ამ საკმაოდ ძლიერი სამართლიანი სახალხო ძალის პირობებში, სავარაუდოდ, გაუქრობს, ხოლო თუ მაინც უკან არ დაიხევს და განაგრძობს ტირანულ მმართველობას, მაშინ ხალხს ექნება შესაბამისი იარაღი, რომ გაუმკლავდეს და მოიშოროს ამგვარი ხელისუფლება.
სასამართლო სისტემაში სახალხო მსაჯულის ინსტიტუტის შემოღების საფუძველი მსოფლიო პრაქტიკაში არის ხალხის ნების უზენაესობისა და მისი გადაწყვეტილების ყველაზე მეტი სისწორისა და სამართლიანობის პრინციპი. ლაპარაკია ზოგან მხოლოდ 12 და ზოგან მეტი მსაჯულის გადაწყვეტილებაზე. ხოლო სახალხო ლაშქრის პირობებში, რომელშიც საზოგადოების ყველაზე ჯანსაღი ფენების ასი ათასობით ადამიანი იქნება გაწევრიანებული, ამ გაერთიანების მიერ აღიარებული დემოკრატიული წესებით მიღებული დასკვნა ჭეშმარიტად საყოველთაო სახალხო სამართლიან გადაწყვეტილებად იქნება შეფასებული.
ზედმეტად პაციფისტურად განწყობილი ადამიანების გასაგონად, რომლებიც ყოველგვარი სამოქალაქო დაპირისპირების წინააღმდეგი არიან, რა საფუძველიც არ უნდა ჰქონდეს მას, მტკიცედ ჩამოყალიბებულ აზრს ვიტყვი, ამით ისინი ეგუებიან ტირანული ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების დიდი ნაწილის მიმართ ბუნებით მინიჭებული უფლებების შელახვას, სავარაუდოდ, მრავალი წლის განმავლობაში, რაც საერთო ჯამში უამრავ მსხვერპლს იწვევს, ხოლო ადამიანთა მსხვერპლის მიუღებლობა კი სწორედ მათი პაციფიზმის მთავარი მოტივია და ამ შემთხვევაში ისინი წინააღმდეგობაში ვარდებიან. ამიტომ უდავო საკითხად მიმაჩნია ის, რომ ხალხს აქვს უფლება წართმეული თავისუფლების დასაბრუნებლად, თუ აუცილებლობა მოითხოვს, იარაღითაც იბრძოლოს. აქ უპრიანია გავიხსენოთ ჩვენი სულიერი კოდექსის „ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონი: „მოყვარე მტერი ყოველთა მტერთაგან უფრო მტერიაო“. საკუთარი ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება კი სწორედ ასეთი მოყვარე მტრის კატეგორიას განეკუთვნება.
ამგვარი მოვლენების შესახებ თავისუფლებისათვის უდიდესმა მებრძოლებმა, აშშ–ს დამოუკიდებლობის
დეკლარაციის შემქმნელებმაც იფიქრეს და ამიტომაც
ჩაწერეს მასში ეს სიტყვები: „...მაგრამ როდესაც გაუთავებელი უსამართლობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მისი გამუდმებით ერთი მიზნისკენ წარმართვა
ხალხს აბსოლუტური დესპოტიზმით ემუქრება, მისი უფლება და ვალია ბოლო მოუღოს ამგვარ მთავრობას და აღავლინოს მოღვაწეთა ახალი დასი თავისი მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
ამგვარივე შეხედულებაა გატარებული გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ამ ამონარიდში: „...აუცილებელია უფლებებს იცავდეს კანონის ძალა, იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ...“