1 ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლეთათვის და იმ პირებისთვის, რომელთაც სხვა სადაზღვევო პაკეტი არ გააჩნიათ.
ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"ვადასტურებ, რომ პირველი ივლისიდან იმ კონტინგენტზე, რომელიც სხვაგან არსად არ არის დაზღვეული, მშობიარობა უფასო იქნება. აქ 28 თებერვლამდე დაზღვევის არმქონე ადამიანები მოიაზრებიან, რაც შეეხება ფასწარმოქმნის მოდელს, ეს იგივეა, რაც 28 თებერვლამდე მოქმედებდა. ჩვენ დავუკავშირდით პრაქტიკულად ყველა დაწესებულებას და შევთავაზეთ მოეწოდებინათ ფასები როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე გართულებულსა და საკეისრო მშობიარობაზე. ფასები სწორედ მათთან შეთანხმებით შეჯერდა", - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე განმარტებით, მათ, ვისაც მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში მშობიარობის სურვილი ექნებათ, სადაც მშობიარობის ღირებულება მაღალია, ფასნამატი თავად უნდა დაფარონ, რაც შეეხება წინასამშობიარო პერიოდს, სერგეენკოს თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული მომსახურების საყოველთაო დაზღვევის პაკეტში გადატანა არ იგეგმება.