თუ ბიძინა ივანიშვილი დაამყარებს საბოლოო კონტროლს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, შესაძლოა, მოსკოვმა მასთან უფრო სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს , - ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში რუსმა პოლიტოლოგმა და სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენჰაუერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მოვლენათა განვითარებაზეა დამოკიდებული, "იმაზე, თუ როგორ და რით დასრულდება გარდამავალი პერიოდი, ხელისუფლების გადაცემა სააკაშვილისგან ივანიშვილისთვის".
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარების გართულების ფონზე, რუსულ-ქართული ურთიერთობების შეფასებისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ "რუსულ-ქართული ურთიერთობა სტაბილურად ცივი, ნელთბილია".
კითხვაზე, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. საზღვრის გადმოწევის შესახებ, პაველ ფელგენჰაუერის თქმით, ის არ არის დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებმა მიიღეს.
"პუტინს და სხვებს, კრემლში, სხვაც ბევრი საზრუნავი აქვთ და საქართველოს არ უკავია ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი რუსეთის მაღალჩინოსნების დღის წესრიგში. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება უფრო დაბალ ეშელონებში მიიღეს. მაღალ დონეზე კი მხოლოდ დაამტკიცეს, დაადასტურეს, რადგან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების რუსული პოლიტიკა უცვლელია. ამ მხრივ, დათმობაზე წასვლას ახლა არავინ აპირებს. ასე რომ, ამ ტიპის ურთიერთობებში დიდი გარღვევა მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა ფელგენჰაუერმა.