ჯონდი ბაღათურიამ და „ქრისტიან-დემოკრატებმა“ პარლამენტის სხდომაზე იჩხუბეს. მართალია, უმრავლესობა ძალიან ცდილობდა, რომ ბაღათურია, ვეფხვაძე და თარგამაძე გარეთ გაესტუმრებინათ, რათა ჩხუბი უკონტროლო სივრცეში გაეგრძელებინათ, მაგრამ არც ერთმა მათგანმა სხდომათა დარბაზიდან ფეხი არ მოიცვალა, თუმცა საქმე ფიზიკურ შეურაცხყოფამდე არ მისულა. სამაგიეროდ ერთმანეთს ხელისუფლების ინტერესების გამტარებლები და გაუნათლებლები ეძახეს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წარმომადგენელს, ჯონდი ბაღათურიას „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერის, გიორი თარგამაძის გამოსვლა არ მოეწონა.
თარგამაძემ თავისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ განაცხადა, „ვარდების რევოლუციის“ 8 წლისთავზე ქვეყანაში ბევრი პრობლემაა შექმნილი და ხელისუფლებამ „ზარ-ზეიმის ნაცვლად ამ პრობლმებზე უნდა ისუბროს“.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოხდა ბევრი ისეთი რამ, რაც საკმაოდ სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მათ შორის ისეთები, რომელთა ჩამოთვლასაც კი შეიძლება აზრი არ ჰქონდეს, მაგრამ რვა წლისთავზე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ამ ხნის განმავლობაში იყო უპრეცედენტო შემთხვევები ადამიანის უფლებების, საკუთრების უფლებების დარღვევის. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა გირგვლიანის მკვლელობა, მოხდა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები, რომელიც ჯერჯერობით კვლავ გამოუძიებელია.
„სწორედ ამ ხნის განმავლობაში, ვერ მოვახერხეთ და ვერ ჩამოვაყალიბეთ ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც შექმნის გრძელვადიანი პოლიტიკური სტაბილური განვითარების საშუალებას. კვლავ გვაქვს თავკომბალა პოლიტიკური სისტემა, რომელის სათავეშიც დგას ერთი დომინანტი პოლიტიკური პარტია, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, „ამ ხნის განმავლობაში, ღარიბი კიდევ უფრო მეტად გაღარიბდა და მდიდარი კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა“.
თარგამაძემ ისიც აღნიშნა, რომ „ენა, რომლითაც ხელისუფლება მიმართავდა თავის ოპონენტებს არ შეცვლილა და ეს არის ის, რაც უნდა შეიცვალოს, თუნდაც, ამ რვა წლის შემდეგ“.
ფაქტია, რომ თარგამაძემ მხოლოდ „ვარდების რევოლუციაზე“ და აქედან გამომდინარე საკითხებზე ისაუბრა და მას არც ოპოზიცია და არც პირადად ჯონდი ბაღათურია არ უხსენებია.
მაგრამ ბაღათურიამ გასაპროტესტებელი მაინც აღმოაჩინა და პარლამენტის თავმჯდომარეს უსაყვედურა, თარგამაძეს სიტყვა ჩემს ნაცვლად რატომ მიეცითო.
„იმისთვის, რომ უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კამათი უფრო რიხიანად გამოჩენილიყო ჩემი რიგი თარგამაძეს გადასცეს. მით უმეტეს თემის კარგად წარმოჩენა სურდათ. ისედაც ვიცოდით, რომ ომი რუსეთის ინსპირირებული იყო…“ – აღნიშნა ბაღათურიამ.
ბაღათურიამ დავით ბაქრაძეს მოუწოდა, რიგი დაიცვას და დეპუატებს სიტყვა ისე მისცეს. ბაქრაძემ ბაღათურიას განუმარტა, რომ მისი რიგი არ იყო და თუ სურდა გამომსვლელთა სიასაც აჩვენებდა.
ჯონდი ბაღათურიას თქმით კი, ბოლო დროს ქართულ ხელოვნებასა და პოლიტიკაში ერთდროულად გამოჩნდა ახალი მიმდინარეობა. ბათუმში დედა–ენის გიგანტური კოშკის დადგმით დაიწყო და კლაიპედაში გიგანტური ხაჭაპურების ცხობით გაგრძელდა, ამას მოჰყვა კვერცხები და „შლოპანცები.“
„ბოლო „შედევრი“ კი გიგანტური ველოსიპედია. ამ დროს მოხუცებსა და ბავშვებს წამლის ფული არ აქვთ. ჩემთვის გასაგებია ამ გიგანტიზმის იდეის შემოქმედი ვინ არის“, - განაცხადა ბაღათურიამ და, როგორც თავად აღნიშნა, „ლურჯი მელას“ ზღაპარი გაახსენდა.
„შესანიშნავი ზღაპარია. მელას, როდესაც ქათმის ქურდობაზე წაასწრეს და ნაგაზები გამოედევნენ, ის ლურჯი საღებავით სავსე კასრში ჩავარდა. ლურჯად შეღებილი მელა თანამოძმეებისგან განსხვავდებოდა. ამით მან დანარჩენები დაარწმუნა, რომ გამორჩეულია და სავარაუდოდ, ნათელ მომავალს და 100 დოლარიან პენსიას დაპირდა. ამიტომ მოძმეებმა მელა გაამეფეს. მაგრამ, გამეფებისთანავე სხვებს ბორკილები დაადო და მათი სარჩო დაისაკუთრა. მერე ისე მოხდა, რომ მელას წყალი გადაესხა – აღმოჩნდა, რომ ის ჩვეულებრივი მელაა.
ვშიშობ, ასე არ დამთავრდეს ყველა ის ზღაპარი, რომელიც გენიალური შეპირებებით და ცრემლების გადმოყრით იწყება. მაგრამ, სახელმწიფო ქონების მითვისებით, ხალხის გაქურდვით, გიგანტური ძეგლებით და საპროცესო შეთანხმებების გაფორმებით გრძელდება“, - განაცხადა ბაღთურიამ და ამის შემდეგ უკვე, უმრავლესობასთან ერთად, „ქრისტიან–დემოკრატები“ გააკრიტიკა.
„მეგობრებო, ამ დარბაზში რამდენი ინსპირირებული სპექტაკლიც არ უნდა დადგათ და მე ხელი რომც არ შეგიშალოთ, თქვენ ამას ინერციით მიყვებით. ეს ყველაფერი კომიკურია, ყველამ ყველაფერი იცის. თქვენ ცდილობთ, ამით გადაფაროთ ის ახალი ტალღა და სიცოცხლე, რაც ახალი საქართველოს იმედებს უკავშირდება“, – განაცხადა ბაღათურიამ.
ბაღათურიას ამ გამოსვლას არც ხელისუფლების და არც „ქრისტიან-დემოკრატების“ მხრიდან პასუხი დაუყოვნებლივ არ მოჰყოლია. ბაღათურიას შემდეგ რამდენიმე დეპუტატი გამოვიდა და მხოლოდ მათ შემდეგ გამოსულმა ვეფხვაძემ იძია შური.
„ძალიან ხშირად, როდესაც ბატონი ჯონდისგან ლაზღანდარობა და ჯამბაზობა მოდის, ჩვენ არ ვპასუხობთ. როგორც ჩანს, ზოგს ეს ჩვენს სისუსტედ მიაჩნია. მგონი ჯამბაზობას დასასრული უნდა ჰქონდეს. ამ შემთხვევვაში ცილისწამებას თავი უნდა დავანებოთ. ბატონო ჯონდი, როდესაც უმცირესობაში კარს გვიმტვრევდით და მიღებას გვთხოვდით, ეტყობა, მაშინ უნდა გაგვეღო კარი და როგორც თქვენ აცხადებთ, ინსინუაციები და სპექტაკლები არ იქნებოდა.
ვაღიარებ, რომ შევცდით, როდესაც უმცირესობაში არ მიგიღეთ. თქვენ „ლურჯი მელა“ ხალხური გგონიათ და მხოლოდ მულტფილმში გაქვთ ნანახი. სინამდვილეში ეს სულხან–საბა ორბელიანის იგავ–არაკია. უმცირესობაში ბატონი თამაზ კვაჭანტირაძე აგიხსნიდათ, რომ არა ხალხური ზღაპარი, არამედ გენიალური ქართველი მწერლის და ენციკლოპედისტის დაწერილია.
ხანდახან სხვა მულტფილმი მახსენდება – „ყურშა გაყოყოჩდა“. ბატონო ჯონდი, სამწუხაროდ ბევრი პოლიტიკოსი ამ შთაბეჭდილებას ტოვებს“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
მას გამოსვლა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც ჯონდი ბაღათურიამ „ქრისტიან–დემოკრატების“ მისამართით ადგილიდან არაერთი განცხადება გააკეთა.
ამ დროს უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზურაბ მელიქიშვილის გამოსვლის ჯერი იყო და მიკროფონთან რომ მივიდა, პარლამენტის თავმჯდომარემ იხუმრა, „ერთი მულტფილმი თქვენც გაიხსენეთ, თორემ მოგვეჭრა უმრავლესობას თავიო“.
მაგრამ მელიქიშვილს მულტფილმის გახსენება ბაღათურიამ და თარგამაძემ არ აცალეს, რომლებიც ადგილებიდან განაგრძობდნენ ერთმანეთის ლანძღვას.
დაბაზში ატეხილი ხმაურის გამო კი მელიქიშვილმა სიტყვის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ბაქრაძემ მანდატურებს სიმშვიდის დამყარება მოსთხოვა. რადგან ჯონდი ბაღათურია გიორგი თარგამაძისკენ იშვერდა ხელებს და რაღაც რეპლიკებს ისროდა.
მანდატური ბაღათურიასთან მივიდა და სთხოვა, რომ გაჩუმებულიყო, მაგრამ ბაღთურია მაინც არ გაჩუმდა და ამის გამო პარლამენტის თავმჯდომარე მანდატურებს გაუბრაზდა.
„მანდატურს ვთხოვ, ან წესრიგი დამყარეთ ან დეპუტატს დაატოვებინეთ დარბაზი, რა არის ეს ხელის მოხვევა და თათუნი? ან გააჩერეთ ან გაუშვით გარეთ დარბაზიდან. რისთვის ბრძანდებით მანდ, კაცო“, - მიმართა ბაქრაძემ მანდატურებს.
მათ გარეთ გასვლისკენ მოუწოდებდნენ მელიქიშვილი და ცისკარიშვილიც. ბაღათურია და თარგამაძე კი ერთმანეთის ლანძღვას განაგრძობდნენ:
გიორგი თარგამაძე: - სწორედ, ამის მოსმენა სურს უმრავლესობას...
ჯონდი ბაღათურია: - რა გინდა მითხრა, რომ მე ხელისუფლებასთან შეკრული ვარ?
გიორგი თარგამაძე: - შენ იმის თავიც არ გაქვს, რომ შეკრული იყო... … შეკრულზე მეტი არა ხარ, რისი გამკეთებელი ხარ?
სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის მანდატურის სამსახურის თანამშრომლის ჩარევის შემდეგ განიმუხტა და ბაღათურია ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.