კანონმდებლები ცდილობენ განსაზღვრონ ის, თუ სად მთავრდება პოლიტიკა და იწყება ბიზნესი

კანონმდებლები ცდილობენ განსაზღვრონ ის, თუ სად მთავრდება პოლიტიკა და იწყება ბიზნესი


მმართველობის რესპუბლიკური ფორმის გაჩენის დღიდან, ხალხის რჩეულებს ისეთ ცდუნებასთან უწევთ ბრძოლა, როგორიცაა, მისცენ თუ არა კერძო ფინანსურ ინტერესებს მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის საშუალება. ამას ვერც საქართველომ აარიდა თავი.

როგორც ეს ოფიციალური დოკუმენტებიდან ჩანს, კომპანიებს, რომლებშიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის დეპუტატებს პირდაპირ თუ ირიბად აქვთ წილი, ძვირადღირებულ სამთავრობო კონტრაქტებზე მიუწვდებათ ხელი. ქართული კანონმდებლობა უკრძალავს დეპუტატებს აქციების საკონტროლო პაკეტის ფლობას ნებისმიერ კომპანიაში, მაგრამ იმის უფლებას აძლევს, რომ დეპუტატობის დროს თავიანთი წილები ნათესავებს ან ბიზნესპარტნიორებს გადასცენ. საქართველოს მოქალაქეების ნათესაური კავშირების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეპუტატს, რომელიც თუნდაც ფორმალურად გამიჯნულია საწარმოსგან, ძველებურად აქვს კომპანიაზე და მის მართვაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.

დეპუტატები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად ასახონ დეკლარაციებში კომპანიები, რომლებშიც მათ წილი აქვთ, მაგრამ კრიტიკოსთა თქმით, ამ დეკლარაციების გადამოწმების და პოტენციური ინტერესთა კონფლიქტების გამოვლენის მექანიზმები საკმაოდ სუსტია.

შექმნილი სიტუაციის საილუსტრაციოდ, ორ მაგალითს მოვიყვანთ. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, შარშან, 3.2 მილიონი დოლარის [5,4 მილიონი ლარი] ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში ორმა კომპანიამ გაიმარჯვა, კერძოდ სადილერო კომპანია Kia Motors Georgia-მ და სურსათით მომარაგების კომპანიებმა MegaFood-მა და FoodService-მა, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი პარლამენტის დეპუტატებთან სააკაშვილის პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოდგილე გოჩა ენუქიძე სიებში მითითებულია, როგორც 25%-იანი აქციების პაკეტის მფლობელი ერთდროულად როგორც კომპანია Kia Motors Georgia-ში, ასევე Iberia Business Group-ში, რომელიც თბილისის შემოგარენში ნახმარი ავტომობილების უზარმაზარი ბაზრობის მმართველია. ამ ყველაფრის გარდა, ის აქციების მცირე პაკეტების მფლობელია კიდევ 26 ფირმაში.

ენუქიძეს, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრია, ხელი მიუწვდება სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტებთან და გამოყოფილ სახსრებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. როგორც ამას ოფიციალური დოკუმენტები მოწმობს, ოთხმა კომპანიამ, რომლებსაც ის ნაწილობრივ ფლობს, 2011 წელს 1,98 მილიონი ლარის (1,2 მილიონი დოლარი) ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგო სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ავტომობილებით, ავტონაწილებით მომარაგებასა და მომსახურებაში.

გარდა ამისა, როგორც პარლამენტის დეპუტატმა, მან ხმა მისცა საქართველოს საგადასახადო კოდექსში იმ ცვლილებების შეტანას, რომელიც ავტომობილების იმპორტიორებს 50%-იან შეღავათს აძლევს სააქციზო მოსაკრებელზე, რომელსაც იმპროტირებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის იხდიან გარკვეული დროის განმავლობაში მათი რეექსპორტის შემთხვევაში. კომპანია Iberia Business Group-ის საავტომობილო ბაზრის ბიზნესი სწორედ ავტომობილების რეექსპორტზე დგას.

ენუქიძემაც და პარლამენტის კომიტეტის იმ წარმომადგენლებმაც, რომლებსაც ინტერესთა კონფლიქტზე არსებული ეჭვების შესწავლა ევალებათ, EurasiaNet.org-ის არაერთგზის თხოვნას კომენტარზე უარით უპასუხეს.

ინტერესთა კონფლიქტის პოტენციური შემთხვევები მხოლოდ ენუქიძით არ შემოიფარგლება. ოფიციალური მონაცემების თანახმად, რესტორნებისა და სასტუმროების სურსათით მომარაგების კონმპანიებმა, რომლებიც აგრარული საკითხების საპარლამენტო კომიტეტის და თბილისის ცენტრალური მთაწმინდის რაიონის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს არჩილ გეგენავას ოჯახს ეკუთვნის, სარფიანი სახელმწიფო კონტრქტები მოიპოვეს საბავშვო ბაღების, მართლწესრიგის დაცვის ორგანოებისა და შეირაღებული ძალების კვების პროდუქტებით მომარაგებაზე. ბოლო 11 თვის განმავლობაში ორმა კომპანიამ Megafood-მა და FoodService-მა სხვადასხვა საქონლით მომარაგებაზე 5,3 მილიონი ლარის (3,2 მილიონი დოლარი) ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვეს. დოკუმენტების მიხედვით, კომპანიების Megafood-ისა და FoodService-ის მფლობელი გეგენავას ძმა ანდრო გეგენავაა.

„მასთან დაკავშირებული ჩემი ყველაზე საყვარელი საქმე კვერცხებია“, – ამბობს ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, რომელიც გეგენავას ოჯახის აქტივებს ნახევარი წლის განმავლობაში სწავლობდა. „ის კვერცხებთან დაკავშირებულ უკლებლივ ყველა ტენდერში იმარჯვებდა მთელი საქართველოს მასშტაბით, დაწყებული ბათუმის საბავშვო ბაღებიდან დამთავრებული რუსთავის საბავშვო ბაღებით“.

განცხადებაში, რომელშიც გეგენავამ EurasiaNet.org-ს მისი ოფიციალური წარმომადგენლის საშუალებით უპასუხა, მან უარყო ტენდერებთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ფაქტი, ასევე ისიც, რომ მან როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ამაში რაიმე როლი ითამაშა, დაიმოწმა რა ის ფაქტი, რომ მისი ოჯახის არცერთ კომპანიაში მას საკონტროლო პაკეტი არ ეკუთვნის. ენუქიძის შემთხვევის მსგავსად, ხელისუფლება არ ავლენს იმის არანაირ სურვილს, რომ გეგენავას ქმედებებთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება დაიწყოს.

როგორც ეს EurasiaNet.org-ის მიერ ღიად ხელმისაწვდომი დოკუმენტების შესწავლიდან ჩანს, 2010 წლის დეკლარაციების მიხედვით პარლამენტის 28 დეპუტატს შესამჩნევი კავშირები აქვთ ამა თუ იმ კომპანიებთან, ან „პარტნიორების“ ან „აქციონერების“ სახით. პარლამენტი სულ 150 დეპუტატისგან შედგება. გეგენავას, მისი პირადი დეკლარაციის თანახმად, კომპანიებში ნაკლები წილი აქვს – მხოლოდ 13, მაგრამ მისმა ურთიერთობამ ოჯახის საწარმოებთან არაერთხელ აღძრა ოპოზიციური ორგანიზაციების და მედიის ეჭვები.

ის, რომ ხელისუფლებას აშკარად არ აქვს სურვილი გამოიძიოს ინტერესთა კონფლიქტის პოტენციური შემთხვევები, საგანგაშო სიგნალია ისეთი ანტიკორუფციული ორგანიზაციებისთვის, როგორიც არის Transparency International Georgia. „რადგან ჩვენ ამდენი ბრალდება გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები მართავენ ან ფლობენ კომპანიებს, ჩემთვის უცნაურია ის ფაქტი, რომ არცერთ ასეთ შემთხვევაზე გამოძიება არ ტარდება“, – ამბობს Transparency International-ის მეცნიერ თანამშრომელი ერეკლე ურუშაძე, რომელიც თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ ანტიკორუფციულ კანონმდებლობას სწავლობს.

პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეპუტატების საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებისთვის მექანიზმების განმტკიცების ინიცირება მოახდინა და შეიმუშავეს ისეთი მექანიზმები, როგორიცაა, დეპუტატების მხრიდან საქმიან საწარმოებში საკუთარი წილების დეკლარირება. პარტია მხარს უჭერდა იმასაც, რომ მექრთამეობაზე მუხლი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესულიყო და თანამდებობის პირები ვალდებულნი გამხდარიყვნენ წარმოედგინათ დეკლარაციები შემოსავლებსა და საკუთარ ქონებაზე. 2009 წელს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა ანტიკორუფციული საბჭო საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის სამუშაოს კოორდინაციისთვის.

იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტმანეტის უფროსის ოთარ კახიძის მტკიცებით, მთავრობა „სისტემატიურ კორუფციასთან ბრძოლის მხრივ აქტიურად მოქმედებს“. 2003 წლიდან, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა, კორუფციის ბრალდებით პარლამენტის ექვსი დეპუტატის და 15 მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, აღნიშნავს იგი.

„ამ ჩინოვნიკებიდან ბევრი, მათ შორის დეპუტატიც, მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ“, – წერს იგი. „მთავრობა ერთგულია კორუფციასთან ბრძოლის სახელმწიფო მმართველობის ყველა ელემენტში“.

ინტერესთა კონფლიქტებთან დაკავშირებული პრობლემა ის არის, რომ ისინი შეიძლება არსებობდნენ კორუფციის სიბრტყეში გადაუსვლელად. როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, საქართველოში „სინამდვილეში არ არის… გამიჯნული“ საქმიანობის საჯარო და კერძო სფერო, აღნიშნავს ამერიკულ უნივერსიტეტთან არსებული ტრანსნაციონალური დანაშაულის და კორუფციის კვლევის თბილისის ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი ალექსანდრე კუპატაძე.

მაგალითად, Transparency International-ის ანგარიშის თანახმად, ავტოდილერული და ავტომომსახურების კომპნია Tegeta Motors-მა 2008 წელს სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაზე 500 000-ზე მეტი ლარი (303 ათასი დოლარი) დახარჯა – ოფიციალურად დასაშვებ ზღვარზე ხუთჯერ მეტი. იმავე წელს, კომპანიის თანადამფუძნებელი თემურ კოხოძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით პარლამენტის დეპუტატი გახდა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, კომპანია Tegeta Motors-მა ავტონაწილების, აქსესუარებისა და ძრავის ზეთებით მომარაგებაზე გამოცხადებული 533 ათას ლარზე (323 ათასი დოლარი) მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერების გამარჯვებული გახდა, მაგრამ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე ხმას არავინ იღებს.

შესაძლო ეს ნელ-ნელა მოხდეს – ქართული დემოკრატიის შემგომ განვითარებასთან ერთად, აღნიშნავს კუპატაძე. „რაღაც ეტაპზე“ ასეთი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტების რაოდენობა იზრდება, ამბობს იგი. მართალია, კითხვა იმის თაობაზე, თუ როდის მიაღწევს საქართველო ამ ეტაპს, ჯერ-ჯერობით ღიად რჩება.
foreignpress.ge