დენის დიომკინი, “Reuters”
ვლადიკავკაზი – ნატო ახლა გაფართოვებული იქნებოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, რუსეთი რომ 2008 წელს აჯანყებული რეგიონის დასაცავად საქართველოში არ შეჭრილიყო, განაცხადა ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
მოსკოვი სასტიკი წინააღმდეგი იყო დასავლური სამხედრო ალიანსის ექსპანსიისა ისეთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა.
2008 წლის სამიტზე ნატო საქართველოს შესაძლო წევრობას შეჰპირდა, მაგრამ თბილისის ენთუზიაზმი ალიანსში შესვლაზე გაცივდა ხანმოკლე ომის გამო, რომელიც იმავე წელს მოგვიანებით მოხდა, როდესაც რუსეთის არმია საქართველოში ამ უკანასკნელის აჯანყებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დასაცავად შეიჭრა.
„თქვენ რომ… უკან დაგეხიათ 2008 წელს, გეოპოლიტიკური სიტუაცია დღეს განსხვავებული იქნებოდა“, – უთხრა მედვედევმა თავისი გამოსვლის დროს ჯარისკაცებს სამხედრო ბაზაზე ვლადიკავკაზში, რომელიც საქართველოს საზღვრისგან ჩრდილოეთით მდებარეობს.
„და რამდენიმე ქვეყანა, რომელთა ალიანსში შეყვანასაც (ნატო) ცდილობდა, დღეს დიდი ალბათობით უკვე მისი წევრები იქნებოდნენ“.
ცივი ომის დასრულების მიუხედავად, რუსეთს მთელი რიგი უთანხმოებები აქვს ნატოსთან ანტისარაკეტო თავდაცვაზე, ბაკლანეთსა და ბოლოს ლიბიაზე, სადაც მოსკოვი სკეპტიკურად იყო განწყობილი ალიანსის დაბომბვის კამპანიაზე, რომელმაც მუამარ კადაფის დამხობას შეუწყო ხელი.
„ჩვენ უარი ვთქვით (ნატოსთან) პირდაპირ კონკურენციაზე, მაგრამ… ჩვენ ახლა განსხვავებული ხედვები გვაქვს მთელი რიგი უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაზე“, – თქვა მედვედევმა.
მედვედევის თქმით, მალე რუსეთი იმ გეგმების შესახებ განაცხადებს, რომლითაც უპასუხებს ევროპაში სარაკეტო თავდაცვის ფართან დაკავშირებულ შეერთებული შტატების გეგმებს. მოსკოვი ამბობს, რომ ფარი ახალ გამალებულ შეიარაღებას გამოიწვევს.
პრეზიდენტის აგრესიული რიტორიკა მომავალ თვეში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს უძღვის წინ. მედვედევს მისმა წინამორბედმა, პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ ლიდერობა ჩააბარა, პარტიის, რომლის რეიტინგიც ეცემა.
პუტინმა, რომელმაც 2008 წელს საქართველოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე მედვედევს საკუთარი ოფისი დაუთმო, განაცხადა, რომ მომავალი წლის არჩევნებში პრეზიდენტის თანამდებობის დაბრუნებას აპირებს.
foreignpress.ge
837
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85