ქართულმა მხარემ სოფელ დიცში, შესაძლოა, სამართალდამცველების რაოდენობა გაზარდოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო მონიტორების გაზრდასაც მოითხოვს. "ვითხოვთ მონიტორების რაოდენობის გაზრდას და ეს საკითხი მთავრობის სხდომაზეც განვიხილეთ. არ გამოვრიცხავთ პოლიციელების რაოდენობის გაზრდასაც, თუ ეს არ გამოიწვევს საერთაშორისო საზოგადოების უკმაყოფილებას. ეს მოხდება მათთან შეთანხმებით. დიცში განვითარებულ მოვლენებზე ყველა ჩავაყენეთ საქმის კურსში, იმედია, მონიტორების გაზრდას შევძლებთ, შეიძლება პოლიციაც დავამატოთ და გავამაგროთ ადგილობრივი მოსახლეობა. პოლიტიკურად ამაზე მეტის გაკეთება დღეს საჭირო არაა. დაველოდოთ, ვნახოთ, საიდან მოდის და რა დონეზეა ეს გადაწყვეტილება მიღებული", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მოთმინებაა საჭირო და ყველაფერი დალაგდება. "მოვითმინოთ და დავალაგებთ ყველაფერს. რაც მთავარია, მათ, ვინც დაზარალდა და უფლებები შეელახა, მაქსიმალურად დავეხმარებით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.