შვეიცარიის ელჩის გაუნტერ ბეხლერის განცხადებით, საქართველოს საპროტესტო ნოტას რუსეთის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
ამის ბეხლერმა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
"ჩვენ კარგად შევისწავლით არსებულ ფაქტებს და იმ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება მედიისა თუ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, შვეიცარია მზად არის, ჩაერთოს საქმეში თუკი ორ ქვეყანას შორის არსებობს გაუგებრობა. ჩვენ უკვე გავუგზავნეთ ნოტა რუსეთს. როგორც წესი, რამდენიმე დღე სჭირდება რეაგირებას, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ ყოფილა და დაველოდებით პასუხს", - განაცხადა ბეხლერმა.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ჯარების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციის გავლით რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.