"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მერაბიშვილისთვის მეორე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს პოლიტიკურ დევნად აფასებენ.
როგორც საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, ვანო მერაბიშვილი ციხეში ორჯერ ვერ ჩაჯდება, შესაბამისად, მეორე აღმვეთი ღონისძიება არაფერს ცვლის.
"სასამართლო პროცესის ჩანიშვნის შესახებ ორი საათით ადრე გავიგეთ და მხოლოდ იმიტომ, რომ პროცესს არ დავსწრებოდით. ეს ქმედება არანაირ ჩარჩოში არ ჯდება და ვწუხვარ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს ბერკეტებს ოპოზიციასთან საბრძოლველად", - განაცხადა ვაშაძემ.
მეორე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას შეუსაბამოს უწოდებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ ვანო მერაბიშვილი მიმალვას არ აპირებს.
"ასეთ ვითარებაში, ძირითადი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნისთვის მეორე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება მიგვაჩნია შერჩევით სამართლად და პოლიტიკური დევნად", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.