მერაბიშვილს, ადეიშვილს და სააკაშვილს, რომლებიც ფარული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების სისტემის ორგანიზატორები იყვნენ , ამნისტია არ შეეხებათ, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მახინჯი სისტემის შექმნა მათი ინიციატივით ხდებოდა, რასაც ათასობით და ათიათასობით შემსრულებელი ჰყავდა. თუმცა, როგორც მინისტრი აცხადებს, ეს ადამიანები რეჟიმის მსხვერპლნი არიან და მათ მიმართ გარკვეული სახის ამნისტია უნდა განხორციელდეს.
"შს სამინისტროს არქივში მსგავსი ტიპის მასალების შეგროვება წლების განმავლობაში ხდებოდა და საქართველოს თითოეული მოქალაქე ტელეფონს ტოვებდა და მეორე ოთახში გადიოდა სასაუბროდ. ეს არის ანომალია, ეს აღარ უნდა განმეორდეს, ამ საკითხზე იმედია გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ეს ადამიანები პასუხს აგებენ. არქივები უნდა განადგურდეს და განადგურდება კიდეც. ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი, ვინც ეს მახინჯი სისტემა შექმნა, ცხადია ამინისტირებულები არ უნდა იყვნენ. თუმცა, ამ ქვეყანაში ათასობით და ათობით ადამიანი იყო რეჟიმის მსხვერპლი და ბუნებრივია მათ გარკვეული სახის ამნისტია უნდა შეეხოთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.