შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ქურთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავა. დაკავებულები არიან კასრაძე, კახნიაშვილი, ჭულუხაძე და გოჩაშვილი.
მათი დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით მოხდა, რომელიც კვალიფიცირდება როგორც, სამსახურეობრივი სიყალბე და ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულ თამაზ კასრაძის და გულნარა კახნიაშვილის ინტერესებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე იცავს.
ცინცაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატი აცხადებს, რომ კონკრეტულ დეტალებზე საუბარს საქმის მასალების გადაცემის შემდეგ შეძლებს.
ლიახვის ხეობის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა.
"ხელისუფლებას დიდი ხანია სურდა ხეობიდან დევნილი მუნიციპალიტეტის გამგებლების შეცვლა და ახლა ამგვარი გზებით ცდილობს მათზე ზეწოლას" , – აღნიშნა ბადრი ბასიშვილმა.
ბრალის ოფიციალურად წარსადგენად პროკურატურას 24 საათი რჩება. პროკურატურას კი ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.