"სამოქალაქო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს თსუ-ის თავისუფალ სტუდენტთა კავშირიც ეხმაურება. როგორც კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა , პარლამენტმა უნდა დასძლიოს პრეზიდენტის მიერ "სამოქალაქო კოდექსში" შეტანილი ცვლილებების კანონპროექტზე დადებული ვეტო, რომლითაც უნივერსიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტირება აღარ შეეძლებათ.
კავშირის წევრები აცხადებენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახლა არ აქვს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი, რადგან იგი არასამეწარმეო იურიდიული პირია. როგორც ნიკოლოზ მეტრეველი აცხადებს, მათ უკან ძალიან ბევრი სტუდენტია, რომელსაც პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევა სურს. მისივე თქმით, გამოსავალს უნივერსიტეტისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუტის მინიჭება წარმოადგენს.
"ცოტა უხერხულია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერისტეტს არ ჰქონდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი და იყოს კერძო მიზნებზე ორიენტირებული. ამჟამად უნივერსიტეტს არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი აქვს", - აღნიშნა ნიკოლოზ მეტრეველმა.
პარლამენტმა "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებები 19 აპირლს შეიტანა, რის შემდეგაც, კანონპროექტს მიხეილ სააკაშვილმა ვეტო დაადო.
"მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ყოველთვის თავის პოლიტიკის და პირადი ინტერესებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს, ამ კანონპროექტს ვეტო დაადო. მას ამ საქმეში მხარს უჭერენ მის მიერ დანიშნული ზოგიერთი ლექტორი და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სააკაშვილის მიერ კანონპროექტზე დადებული ვეტო დაძლიონ", - განაცხადა თავისუფალ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარემ ნიკოლოზ მეტრეველმა.