რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, როსტომ სოსიაშვილს მალე გაათავისუფლებენ.
როგორც ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ორ დონეზე წარმოებს, ერთის მხრივ, შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელსაც ამმხრივ დიდი გამოცდილება დაუგროვდა და მეორეს მხრივ, ეს თემა განხილვის საგანია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.
"სოსიაშვილის ბედი უნდა გადაწყდეს საკმაოდ მალე, დაახლოებით იმავე პერიოდში, რაც სხვა უკანონოდ დაკავებულთა შემთხვევაში", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გორის რაიონის სოფელ დიცში რუსმა სამხედროებმა 24 წლის ადგილობრივი როსტომ სოსიაშვილი დააკავეს.
მისი დაკავება იმ ტერიტორიასთან ახლოს მოხდა, რომელზეც ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი რამდენიმე დღის წინ გაავლეს.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდამ ე.წ. მესაზღვრეები შენიშნა და იქვე მყოფი მოზარდების გაფრთხილება სცადა, რის შემდეგაც მას ხელბორკილები დაადეს, მანქანაში ჩასვეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.
როგორც დაკავებულის დედა აცხადებს, მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მედიკამენტების მიღება სისტემატურად სჭირდება.