შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი არ უნდა იყოს იმუნიტეტი, - ამის შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ევროპული პოლიტიკის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც ის ვანო მერაბიშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
ამასთან, მინისტრი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი ინტერესით დაკავებას გამორიცხავს და აღნიშნულს სამართლიანობის აღდგენას უწოდებს.
"როდესაც კანონდარღვევისთვის დავაპატიმრე საკუთარი მოადგილე, რატომ არ შეიძლება დავაკავოთ თუნდაც ყოფილი მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი, თუ გაირკვევა, რომ მან კანონი დაარღვია?! ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დააპატიმრებენ თუ არა მას. ჩვენ საქართველოს მოსახლეობამ აგვირჩია, რომელიც სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. 2011 წლის 26 მაისს ქუჩაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი?! ხალხი გვთხოვს სამართლიანობის აღდგენას. ამ გარდაცვლილი ადამიანების მშობლები ქუჩაში არიან გამოსულები და პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით პროკურატურის წინ რიგში დგანან. მათ ასევე შეხვედრა უნდათ ჩემთან, მე რა პასუხი შემიძლია გავცე?! რომ ვერ დავაპატიმრებ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს და ვერ აღვადგენ სამართლიანობას, იმიტომ, რომ ეს ყოველივე პოლიტიკური საკითხია და სენსიტიური თემაა?! ეს სამარცხვინო ფაქტი იქნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობას პატივს უნდა სცემდნენ.
"ადამიანებს ციხეებში აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ქუჩებში კლავდნენ. ვინ უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი?! ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის სრულიად ნორმალური, რადგან ხალხი სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. ჩვენ ამას პირადი ინტერესის გამო არ ვაკეთებთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად, იმისათვის რომ ვასწავლოთ ხალხს კანონის პატივისცემა", - აღნიშნა შს მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს.
"წარმოვიდგინოთ, რომ მე ვარღვევ კანონს, 4, 5 ან 10 წლის შემდეგ კი, როდესაც შესაძლოა ეს მთავრობა აღარ იყოს, ახალმა ხელისუფლებამ აღმოაჩინოს ჩემი დანაშაული. მე მაქვს თქვენთან კითხვა, - უნდა დამკითხონ და დამაპატიმრონ, თუ არა? იმ შემთხვევაში, თუ ვიღებდი ქრთამს და ვიყენებდი ვინმეს უძრავ ქონებას, მისი ნებართვის გარეშე და თუ მედება ბრალი ვინმეს მკვლელობაში, უნდა დავისაჯო თუ არა? შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, არ უნდა იყოს იმუნიტეტი, ყველა უნდა იყოს პასუხისმგებლობით აღსავსე და კანონზე ზევით არავინ უნდა იდგეს. სწორედ ასე გვესახება დემოკრატია. არავინ იქნება პრივილეგირებული ამ ქვეყანაში და ესაა სწორედ ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ", - დასძინა მინისტრმა.
გარდა ამისა, მან სამინისტროდან რიგი თანამშრომლების გათავისუფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყება დატოვეს მათ, ვინც "არ იყო ნამდვილი პოლიციელი".
"ყოველ წელს შს სამინისტროდან 3 500-მდე თანამშრომელს ითხოვდნენ და არავის აქამდე ეს საკითხი არ განუხილავს. მათ ეს საკითხი წამოსწიეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ახალი ძალაა. ახლა აცხადებენ, რომ მე სამსახურიდან დავითხოვე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები. დიახ, მე ეს გავაკეთე! ისინი არ იყვნენ ნამდვილი პოლიციელები და არ იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას. მე ისინი გავათავისუფლე იმიტომ, რომ ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს. ეს იყო პოლიტიკური რეპრესიის მანქანა და სწორედ ამიტომ გავაუქმე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აღნიშნულის გარდა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საზღვრის დემარკაციის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ პროცესი მიმდინარეობს.
"საზღვრის დემარკაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს, ის წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვაცნობეთ ქვეყანაში არსებულ ყველა საელჩოს და ევროკავშირს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორშაბათს ვგეგმავთ პრეზენტაციას, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუ კონკრეტულად რა ადგილებში მიმდინარეობს დემარკაციის პროცესი", - განმარტა შს მინისტრმა.