მიუხედავად უპრეცედენტო ამნისტიისა, სიტუაცია კონტროლის ქვეშაა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.
მისივე განმარტებით, იანვრიდან ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობამ იკლო.
"ჩვენ ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ დანაშაულის მატებასთან დაკავშირებით. ეს არ წარმოადგენს სიმართლეს, ის სპეკულაციის ნაწილია. ავიღოთ 2006-2009 წლის შედეგები, ასევე მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემები და შევადაროთ წინა წლების იმავე პერიოდს - ახლანდელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა 20, 25 და 30 %-ით მეტიც იყო. ეს ფაქტი არავინ იცოდა, რადგან მასზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა და მედიით არ შუქდებოდა. რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პერიოდს, ჩვენ განვახორციელეთ სისტემური ცვლილებები, რეორგანიზაცია და ახალი თანამშრომლები მივიღეთ. ოთხი ახალი დეპარტამენტი ჩამოვაყალიბეთ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, დაახლოებით 3-4 თვე. იანვრიდან, დანაშაულის რაოდენობამ კლება დაიწყო. მე სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ მიუხედავად უპრეცედენტო ამნისტიისა და დაახლოებით 11 ათასი გათავისუფლებული პატიმრისა სიტუაცია კვლავაც კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, საქართველოს შს მინისტრის თქმით, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით ქვეყანაში დანაშაულმა ოდნავ მოიმატა, თუმცა აღნიშნულს "ბევრი ფაქტორი და მიზეზი" განაპირობებდა.
"უპირველეს ყოვლისა, პოლიცია და შსს იყო უკიდურესად პოლიტიზირებული საარჩევნო კამპანიის პერიოდში, პოლიციის უმთავრესი საზრუნავი არჩევნები იყო. პოლიციის თითოეული თანამშრომელი იმაზე მუშაობდა, თუ როგორ მოეპოვებინა ხმები, რადგან სწორედ ეს ჰქონდათ დავალებული წინა მთავრობისა და ყოფილი შსს მინისტრისგან. მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო პარალიზებული და დემორალიზებული", - აღნიშნა შს მინისტრმა.