გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო სირიის სახელისუფლებო ჯარების მიერ ქალაქ კრუისერზე განხორციელებულ იერიშსა და სამხედრო ოპერაციების დროს საზღვარგარეთ დაქირავებული მეომრების გამოყენების ფაქტს გმობს. ამის შესახებ საუბარია საბჭოს მიერ მიღებულ სპეციალურ რეზოლუციაში.
საბჭომ რეზოლუცია 36 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო. საბჭოს 8 წევრმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. რეზოლუციის წინააღმდეგ მხოლოდ ვენესუელის დელეგაცია გამოვიდა. სირიის ხელისუფლების მხარდამჭერმა რუსეთის ფედერაციამ, რომელსაც წელს საბჭოს მუშაობაში ხმის უფლება არ აქვს, რეზოლუციას ცალმხრივი და ოდიოზური უწოდა.
ლიბანის რადიკალური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა" ღიად აცხადებს, რომ მხარს უჭერს სირიის მოქმედ ხელისუფლებას. „ჰეზბოლას" წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ კრუსეირზე განხორციელებულ იერიშშიც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაშარ ასადის რეჟიმის სასარგებლოდ კონფლიქტში ერაყელი შიიტებიც აქტიურად არიან ჩართული.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის მხარდაჭერით, ყატარის ინიციატივას წარმოადგენს, მკაცრად მოითხოვს, რომ გაეროს ჰუმანიტარულ სააგენტოებს მიეცეთ ყველანაირი საშუალება, მოსახლეობას აღმოუჩინონ ჰუმანიტარული დახმარება.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში და კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ორი წელია მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, დაიღუპა 80 ათასზე მეტი ადამიანი და 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.