საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, აიძულონ რუსეთი, უკანონო ქმედებები შეწყვიტოს.
ამის შესახებ ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1171-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მეშვიდე კონსოლიდირებული მოხსენება განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ თავის განცხადებაში ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა, მათ შორის, რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმის ფაქტზე და ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რათა აიძულონ რუსეთის ფედერაცია მსგავსი უკანონო ქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთანაც გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის მიმდინარე თანამშრომლობის პროცესები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. სხვა საკითხებთან ერთად გენერალურმა მდივანმა თავისი უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ეფექტურობას ხაზი გაუსვა. მან ასევე დააფიქსირა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენა გაგრძელდება და საქართველოს საკითხი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად იქნება.