პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას ეგონა, რომ ახალ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის სხვა დამოკიდებულება განვითარდებოდა.
ამის შესახებ ივანიშვილმა "პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში რუსი სამხედროების მიერ საზღვრის გადმოწევის ფაქტს გამოეხმაურა.
ივანიშვილი აცხადებს, რომ მისთვის რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედება მოულოდნელი იყო.
"ის, რაც ხდება, ძალიან არასასიამოვნო და მართალი რომ გითხრათ, გაუგებარიცაა, რამეთუ მე მეგონა, სხვა დამოკიდებულება განვითარდებოდა ახალ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის. ჩვენ არ ვაკლებდით არაფერს სიტუაციის დასალაგებლად. ჩემთვის ძალიან მოულოდნელია და მაქსიმალურად ვცდილობთ, გავერკვეთ, საიდან მოდის ეს, უმაღლესი ხელისუფლებიდან თუ... არ გამოვრიცხავ, რომ ეს მინისტრის ან დაბალ დონეზე, შესაძლოა, გენერლის დონეზეც წყდებოდეს. ძალიან სამწუხაროა. მე მძიმე დასკვნების გაკეთებას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს ჩვენი შერბილებული რიტორიკის შედეგია. ამას არ ვეთანხმები. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური, ნორმალური, ჯანსაღი რიტორიკა, რომელსაც არ ვფარავთ და ისევ გავაგრძელებთ. ვცდილობთ, ყველაფერი დავალაგოთ დიპლომატიით და ნორმალური გამონათქვამებით და არა ომით. რთულია, ადრეც არასდროს მითქვამს, რომ მოვალთ და ხუთ წუთში ყველაფერს დავალაგებთ და გავარკვევთ. რა თქმა უნდა, სიტუაცია, საიდანაც ჩვენ დავიწყეთ, იყო ძალიან რთული და დღესაც არის რთული. ეს რა თქმა უნდა, მარტივად ვერ დალაგდება და ჩვენ არასდროს გვქონია ამის ილუზია. მაშინაც კი, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, მე არასდროს ამ საკითხს არ ვამართლებდი. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. თუ გნებავთ, ეს ფაქტიც ამას ადასტურებს. მე არასდროს მითქვამს, რომ ჩვენ მოვალთ და ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.