სოციალური საცხოვრისისთვის ბენეფიციართა შესარჩევად კომისია იქმნება. აღნიშნულ საკითხზე დღეს, თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. სხდომას თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა ესწრებოდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოდან აცნობეს, დედაქალაქის მთავრობის ინიციატივით, ბენეფიციართა შესარჩევად კომისია საკრებულოს, მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. პროექტს "სოციალური საცხოვრისი" ქალაქ თბილისის მთავრობა და საკრებულო ერთობლივად ახორცილებენ.
როგორც საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაჩანიძემ განმარტა, აღნიშნული პროექტი შვეიცარიის მთავრობის დახმარებით ხორციელდება. პროექტში ასევე ჩართულია გაეროს განვითარების სააგენტო, რომელმაც თბილისის მერიაში არსებულ ბაზაზე იმუშავა და არასამთავრობო სექტორი და ორგანიზაცია შეარჩია.
"დედაქალაქის მერიაში არსებულ დაახლოებით 7500 განცხადებიდან არასამთავრობოების მიერ პირველ ეტაპზე 300-მდე ოჯახი შეირჩა, ხოლო დამატებითი კრიტერიუმების საფუძველზე შემდგომ უკვე 47 ოჯახი. ამ ჯერზე კომისიის შექმნის აუცილებლობა დადგა და სწორედ მისი წევრების გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩევა ის 24 ოჯახი, რომელიც პირველ ეტაპზე დიდ დიღომში მშენებარე სოციალური საცხოვრისით უნდა დაკმაყოფილდეს. კომისიის შემადგენლობა შეზღუდული არ არის. მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საკრებულოსა და მერიის, ასევე გაეროს, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები", – განაცხადა გიორგი ჩაჩანიძემ.
უცხოური ორგანიზაციების მოთხოვნით 24 ოჯახიდან 7 დევნილის სტატუსით უნდა სარგებლობდეს, დანარჩენი 17 კი დედაქალაქში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი უნდა იყოს.