სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემაზე დაწესებული შეზღუდვა, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვედანაყოფების ოპერატიულ-საბრძოლო დავალებების განხორციელების მიზნით გაცვლილ სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო საიდუმლოებაზე არ გავრცელდება.
ამას "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს.
კანონპროექტის ავტორისა და ინიციატორის, დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობისას ხშირად არსებობს საჭიროება მონაწილე ქვეყნების კოორდინირებისთვის გარკვეული სახის სამხედრო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია გაიცვალოს. მისივე თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა საქართველოს არ აძლევს აღნიშნული სახის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის შესაძლებლობას, რამაც კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობა წარმოშვა.
"ცვლილება შესაძლებელს გახდის გარკვეული ოპერაციების წარმოებისას მოსალოდნელი სავალალო შედეგების პრევენცია მოხდეს, ასევე, აამაღლებს ქვედანაყოფის მიერ საბრძოლო მოქმედებების ეფექტურობას" ,- აცხადებს ჩიქოვანი.
საპარლამენტო კომიტეტები, მათ შორის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წარმოდგენილ ინიციატივას მხარს უჭერს.