დავით ბაქრაძე არის ყველაზე რეიტინგული პირი "ნაციონალურ მოძრაობაში" და ამიტომაც თვლიან მას თამაზაშვილი და ივანიშვილი ყველაზე საშიშ ადამიანად, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა თამაზაშვილის მიერ დავით ბაქრაძეზე გაკეთებული განცხადება. თამაზაშვილმა დღეს თქვა, რომ ბაქრაძე ყველაზე საშიშია, რადგან ხბოს თვალები აქვს და ამ დროს მენტალიტეტში რა აქვს, კაცმა არ იცის.
როგორც ირმა ნადირაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, როგორც ჩანს, თამაზ თამაზაშვილი, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიქრობს, რომ ყველაფრის უფლება აქვს. "არ გამიკვირდება, თუ ხვალ ბაქრაძის თვალებზე ისაუბრებენ წულუკიანის მამა ან გენერალური პროკურორის სიმამრი. არ ვიცი როდის აქეთ გახდა თამაზიშვილი საჯარო პირი ან პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს. როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის სიმამრის სტატუსი მას ყველაფრის უფლებას აძლევს. მე ვიცი რატომ არის ყველაზე საშიში ბაქრაძე თამაზაშვილისთვის და ასევე ივანიშვილისთვის, რომლემაც უფრო ადრე დაიწყო ეს კამპანია. შეგახსენებთ, რომ მთელი ერთი საათი ისაუბრა ივანიშვილმა დავით ბაქრაძეზე, ნინო შუბლაძის ეთერში. ახლა ამას აგრძელებს თამაზაშვილი. გასაგებია, ბაქრაძე არის ყველაზე მაღალრეიტინგული ადამიანი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". ის არის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ სავარაუდოდ გეუბნებით და იმ ფონზე, როცა მათ მარგველაშვილი ჰყავთ დაყენებული კანდიდატად, მე არ გამიკვირდება, რომ ხვალ მაგალითად ბაქრაძის თვალებზე ილაპარაკოს წულუკიანის მამამ, ან ვთქვათ გენერალური პროკურორის სიმამრმა", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ირმა ნადირაშვილმა.
ამასთან, ნადირაშვილი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად ვანო მერაბიშვილი დასახელდეს. მისი თქმით, პარტია გენერალური მდივნის დაკავებით სტრესში ჩავარდა, რის გამოც ჭიანურდება კანდიდატის დასახელება, თუმცა, გადაწყვეტილებას აღნიშნულ თემაზე უახლოს 3 კვირაში გააჟღერებენ.
"ჩვენ ბევრ კანდიდატს განვიხილავთ, მათ შორის სერიოზულად განიხილება ვანო მერაბიშვილის კანდიდატურაც. მას უფლება აქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს, ის არ არის მსჯავრდებული, ის არის მხოლოდ ბრალდებული და კანონით ამის უფლება აქვს. ის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აკავებენ პარტიის გენერალურ მდივანს, ალბათ ხვდებით, ამ დროს პარტია რამხელა სტრესში ვარდება. ამიტომ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ცოტა გაჭიანურდეს, მაგრამ ვნახოთ, უახლოეს სამ კვირაში ალბათ ჩვენს გადაწყვეტილებას ყველას გეტყვით", - აღნიშნა ნადირაშვილმა.