უმრავლესობამ ახლა მაინც უნდა დაასრულოს ინფანტილური ტიტინი, რომ კეთილი კრავი პუტინი ჩვენი ყიჟინით გავაბოროტეთ და გავამგელეთ , - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი უნდა დასრულდეს, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალ მავთულხლართებს აგებენ.
"თქვენ ახლაც ვერ აცნობიერებთ, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპაცია მიმართულია იმისკენ, რათა საქართველო არ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ და განვითარებულ სახელმწიფოდ. ინფანტილური ტიტინი, რომ კეთილი კრავი პუტინი ჩვენი ყიჟინით გავაბოროტეთ და გავამგელეთ, ახლა მაინც უნდა დაასრულოთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც ვხედავთ ყოველდღიურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი მავთულხლართების და რუსეთის სულ უფრო და უფრო ახალი განცხადებების სახით, როდესაც ამბობენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ეს პრობლემა არ შეიცვლება არც რუსეთის აგენტების, შკრილნიკოვისა და ჩახალიანის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებით, არც ონიშჩენკოს ინსპექტორების დევნით კახეთის ვენახებში, არც კრემლში ჩამოვლილი დავლურით, არც სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით, არც თეატრალური წარმოდგენებით", - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ამ ფონზე ოკუპაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიღება სრულიად მიუღებელია.