დავით გურამიშვილის სახელობის უნივერსიტეტ "იბერიას" ყოფილი რექტორი დავით ჩიტაია შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ამირან მესხელის და ვანო მერაბიშვილის სიმამრის ალიბეგ სალაყაიას პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.
როგორც დღეს "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში" გამართულ პრესკონფერენციაზე უნივერსიტეტის ყოფილმა რექორმა დავით ჩიტაიამ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები წლების განმავლობაში მას აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ.
მისივე თქმით, 2009-2010 წლების განმავლობაში მას 2 მილიონ 700 ათასი ლარი გამოსძალეს.
"უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, როდესაც აკრედიტაციისთვის ვემზადებოდი ჩემთან შემოვიდნენ სოდის წარმომადგენლები და საბუთები წაიღეს. ამ დროს ოთხ უმაღლეს სასწავლებელში ერთდროულად მოხდა შეჭრა და დოკუმენტაციების დაილუქა. ამის შემდეგ დამიბარეს და მითხრეს, რომ უნდა გადამეხადა 200 ათასი დოლარი, "ნაციონალების" ხარკი, რომელიც პარტიის ანგარიშზე უნდა დამერიცხა. თუმცა, მე, 70 ათასზე მეტი თანხა არ მქონდა, რისი გადახდის შემდეგაც საბუთები დამიბრუნეს, თანხა ხელზე გადავიხადე, დარჩენილი 130 ათასი კი ვალად დამრჩა", – განაცხადა ჩიტაიამ.
მისივე თქმით, აღნიშნულის შემდეგ სისტემატურად ხდებოდა დაშინება და შანტაჟი ამირან მესხელისა და ალიბეგ სალაყაიას სახელით.
"მე პირადად სამჯერ შევხვდი ალიბეგ სალაყაიას, რომელმაც 51 ათასი დოლარი გამომძალა და მერე მომთხოვა დარჩენილი 130 ათასის გადახდა. რაზეც უარი განვაცხადე. ამის შემდეგ მოხდა ჩემი დაკავება. დაკავების დროს ხელზე მქონდა 17 ათასი დოლარი, რომელიც ჩამომართვეს და გირაოს თანხად 140 ათასი ლარი შემიფარდეს. ამის გარდა კი, შსს-სთვის 27 ათას დოლარიანი მანქანის "ჰიუნდაი ტუქსონის" ყიდვა მთხოვეს. ჩემმა მეუღლემ სახლი ჩადო გირაოში, რის შემდეგაც გადაიხადეს 140 ათასი ლარი, ხოლო ჩემი ბუღალტრის თანაშემწის სახელზე აყიდინეს მანქანა, რომელმაც შსს-ს ჩუქება გაუკეთა", – აღნიშნა ჩიტაიამ.
მისივე თქმით, შსს-სთვის ნაჩუქარი მანქანით შსს ყოფილი მინისტრი ეკა ზღულაძე დადიოდა და ეს მანქანა დღემდე შსს-ს საკუთრებაში ირიცხება.
ჩიტაია აცხადებს, რომ მისი დაკავება მოხდა სამჯერ 180-ე თაღლითობის მუხლით, მას კი ბრალს მეგობარი უნივერსიტეტის რექტორის დახმარებაში დებდნენ.
"ჩემი დაკავება მოხდა თვენახევრიანი, 7-თვიანი და 6-თვიანი ინტერვალებით, 440 ათასი ლარი საპროცესო გადამახდევინეს. უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან კი 2 მილიონ 100 ათასი ლარი წაიღეს. 165 ათასი დოლარი კი "ნაციონალებს" ხელზე გადავუხადე. ჩემგან ფული უშუალოდ მიჰქონდა მესხელის დეიდაშვილს, რომელიც ამავე დროს სალაყაიას ახლობელია, მთლიანობაში ახალციხელების წრე იყო, რომელიც ფულს მძალავდა", – აცხადებს ყოფილი რექტორი.
მისივე თქმით, უნივერსიტეტში მუშაობდა 150-მდე პროფესორი, მათ შორის იყო ირაკლი ბათიაშვილი, მამუკა არეშიძე, ალექსანდრე ჩიქოვანი, ზაალ გოგსაძე, რის გამოც "ნაციონალბი" მას ოპოზიციური "ბუდის" შექმნაში ადანაშაულებდნენ.
"მათ სასტიკად მომთხოვეს ბათიაშვილის და ოპოზიციურად განწყობილი ლექტორების გაშვება, თუმცა მათ მოთხოვნას არ დავემორჩილე, სწორედ ამიტომ ხდებოდა ამდენი უსამართლობა ჩემს წინააღმდეგ. ბოლოს მოხდა ის, რომ უნივერსიტეტი დაიხურა და იქ მყოფი სტუდენტები სხვადასხვა უმაღლეს სასაწავლებლებში გადაანაწილეს", – აღნიშნა ჩაიტაიამ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურაში სარჩელი უკვე შეტანილია და მიმდინარეობს გამოძიება.