უახლოეს მომავალში გენერალი თამაზ თამაზაშვილი მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში ორ სარჩელს შეიტანს.
ამის შესახებ დღეს მედია-კავშირ "ობიექტივში" გამართულ პრესკონფერენციაზე თამაზ თამაზაშვილმა და მისმა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადეს.
ადვოკატის თქმით, პირველი სარჩელი უკავშირდება იმ კლიპებს, რომელიც წინასაარჩევნოდ გადიოდა.
"ეს იყო წამების ტიპის მოქმედება. წარმოიდგინეთ, ადამიანი საპყრობილეში იყო და მას რადიოდან გამუდმებით ესმოდა მასთან დაკავშირებული ისეთი დანაშაულის შესახებ, რასაც ბუნებაში ადგილი არ ჰქონია. სარჩელი შევა გიგა ნასარიძის წინააღმდეგ, რომელიც თავისი არასამთავრობო ორგანიზაციით "ნაციონალურ მოძრაობაზე" იყო მიბმული და მოპასუხე მხარე ასევე, სავარაუდოდ, პრეზიდენტიც იქნება, ვინაიდან ის საჯაროდ, ყველა შეხვედრაზე თამაზ თამაზაშვილს ახსენებდა და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მას დამნაშავედ მოიხსენიებდა", - განაცხადა გელაშვილმა.
მისივე თქმით, მზადდება მეორე სარჩელიც ოლეგ პამფილოვის წინააღმდეგ, რომელმაც თამაზ თამაზაშვილის შვილის, ლექსო თამაზაშვილთან დაკავშირებით ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა.
"კვლავ აგრძელებენ თამაზაშვილის ოჯახის შეურაცხყოფას. პამფილოვმა გააკეთა განცხადება, თითქოს 13 წლის წინ, 2000 წელს, თამაზაშვილის ქალიშვილის ბანკეტზე, რესტორნის ეზოში ლექსო თამაზაშვილმა მოახდინა აფეთქება, რა დროსაც ერთი პოლიციელი გარდაიცვალა. ეს არის ცილისწამების უსუსური მცდელობა. ამ შემთხვევას ჰყავს თვითმხილველები, რომლებიც ზუსტად ასახელებენ, თუ რა მოხდა. ამ განცხადებების გამავრცელებლებს ალბათ, ავიწყდებათ, რომ ამ დროს ლექსო თამაზაშვილი მეექვსე კლასის მოსწავლე იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს, 2000 წელს, პამფილოვი საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა. მაინტერესებს, ეს მისი ინფორმაციაა თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიაწოდა და რატომ მოხდა ამ განცხადების გაკეთება სწორედ მაშინ, როცა თამაზაშვილის საქმეში ბრალდებული პოლიციელები გააქტიურდნენ", - განაცხადა გელაშვილმა.