რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "რუსი და ქართველო ხალხის ერთიანობის ფონდის" პრეზიდენტმა, ვლადიმერ ხომერიკმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა რომ ჯერჯერობით ამის სურვილი პრემიერ-მინისტრს არ გამოუთქვამს.
"მე ვარ ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი და მისგან მაქვს ინფორმაცია, რომ გამოთქვამს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილს. ჯერჯერობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან მხოლოდ ის ითქვა, რომ ჯერ მზად არ არის პიტუნთან შესახვედრად. რუსეთის მთავრობა და რუსი ხალხი ახალი ქართული მთავრობის მოსვლას მიესალმა და დიდი იმედები იყო ახალი მთავრობის მიმართ, რომ ურთიერთობები დათბებოდა", - განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.
მისივე თქმით, წესით შეხვედრა უნდა წამოსულიყო საქართველოს მხრიდან.
"მოვიდა ახალი მთავრობა და უნდა თქვას, როგორ აპირებს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას", - განაცხადა ხომერიკმა. მისივე ვარაუდით, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი პუტინთან შეხვედრისგან თავს იმ მიზეზით იკავებს, რომ მას ზურგზე აწევს ამერიკა.
რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც ხომერიკი მიიჩნევს, საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მხრიდან ოკუპირებული არ არის.
"მაშინ რუსეთი ოკუპირებულია საქართველოს ხალხის მხრიდან, რადგან რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს. არ ვთვლი, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, რუსეთს პირდაპირი ოკუპაცია არ განუხორციელებია. 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გამოწვეული იყო საქართველოს მთავრობის, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის მხრიდან. მას სურდა, რომ რუსი და ქართველი ხალხი ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა. რაც შეეხება აღიარებას, რუსეთს არ ჰქონდა ალბათ სხვა გზა, თუმცა ჩემთვის ეს მისაღები არ ყოფილა", - აღნიშნა ხომერიკმა.
მისივე თქმით, რუსეთის ინტერესში შედის თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო.
"საქართველოში უნდა მოვიდეს მთავრობა, რომელიც იქნება პროქართული და არ იქნება არც რუსეთის და არც ამერიკის ინტერესების გამტარებელი. საქართველოში არის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოს ინტერესები დაუკავშირონ ნატო-ს და ამერიკას რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთს. საქართველოში ასეთი პოლიტიკის გამტარებლად და პროქართულ ძალად კახა კუკავას მივიჩნევ", - განაცხადა ხომერიკმა "პრაიმ-ტამის" პრესკლუბში გამართულ პრეკონფერენციაზე.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები, რადგან დაიწყოს ურთიერთობების დათბობა ორ ქვეყანას შორის.
ამასთან, როგორც ხომერიკი აცხადებს, საქართველომ დაუშვა დიდი შეცდომა, რომ გახსნა ოკუპაციის მუზეუმი, ასევე აღიარა ჩერქეზთა გენოციდი.
ხომერიკის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი არ უნდა გაგრძელდეს.