პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, "კონსტიტუციაში ჩადებული ნორმა, რომლითაც პრემიერ-მინისტრს ვითომ პოლიტიკური აქტივობის საშუალება მიეცა, სიმახინჯეა".
ასე პასუხობს უსუფაშვილი უმაღლეს თანამდებობის პირებთან დაკავშირებით ორმაგი მოქალაქეობის საკითხთან მიმართებაში კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე დასმულ კითხვას, თუმცა მოსალოდნელი საკონსტიტუციო ინიციატივის დეტალებზე საუბრისგან და კონკრეტული განმარტებისგან თავს იკავს.
"საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შემიძლია, გითხრათ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს არანაირი ცვლილება არ შეეხება. ამ თემაზე იყო სპეკულაციები და განვმარტავ, რომ ეს ასე არ მოხდება. მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო საკითხების გადასაწყვეტად კომისია შეიქმნება, რომელიც უახლოეს ხანებში ამოქმედდება და მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს. რაც შეეხება მიმდინარე თემებს, მაგალითად, ის სიმახინჯე, რაც ჩაიდო იმისთვის, რომ ვითომ პრემიერ-მინისტრს ივანიშვილს პოლიტიკური აქტივობის საშუალება მისცემოდა და რომლის თანახმადაც, უცხოელს საქართველოში შეუძლია იყოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მე თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე გავხდები, აღარ შეიძლება ვიყო პარლამენტის თავმჯდომარე, ლოგიკური და ნორმალურია?! ქვეყანა სწორ გზაზე უნდა დავაყენოთ, მათ შორის კონსტიტუციური ცვლილებებით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით უსუფაშვილმა.