საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სოფელ დიცთან, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განვითარებულ მოვლენებს რუსეთის ხელისუფლებაში მყოფ იმ ძალებს უკავშირებს, რომელთაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ სურთ.
ამის თაობაზე პოზიცია უსუფაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონთან შეხვედრისას დააფიქსირა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმას ელოდება.
"შესაძლოა, ეს იყო მცდელობა რუსეთის ხელისუფლებაში გარკვეული ძალების მხრიდან, რომ დიალოგის პირველ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის დაიწყო, ხელი შეეშალოს. ეს არის პირველი და საწყისი ნაბიჯები, მაგრამ, როგორც ჩანს, გარკვეულ წრეებს კრემლში ეს ნაბიჯებიც კი აღიზიანებს. ამ დროს, ასეთ ვითარებაში ადმინისტრციული საზღვრის გადმოწევა და დამატებითი პრობლემების შექმნა, ჩანს, რომ ამ მიზანსაც ემსახურება. ჟან კლოდ მინიონს მოვახსენე, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იქნება პრინციპული, მაგრამ ფრთხილი, რათა ამ კონკრეტულმა მოვლენამ იმ ძალებს, რომელთაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზება არ სურთ, თავიანთი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა არ მისცეს", - განუცხადა ჟურნალუსტებს დავით უსუფაშვილმა.