საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ვანო მერაბიშვილის მიმართ 26 მაისთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებას ეთანხმება.
როგორც ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე განუცხადა, აშკარა იყო რომ აქციის დაშლისას გამოყენებული იქნა არაპროპორციული ძალა.
"მე გუშინ მოვისმინე ბრალდების შინაარსი, რომელშიც ნათქვამია, რომ აშკარად არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული და ზომები იქნა მიღებული არა მიტინგის და შეკრების დაშლისთვის, არამედ აქციის მონაწილეების მიზანმიმართულად დასჯისთვის. გარკვეულწილად, ეს ჩემი აზრით, ნამდვილად ასე იყო. ძალა, რომელიც იქნა გამოყენებული იმ რაოდენობის შეკრებილი ადამიანების მიმართ, აშკარად არაპროპორციული იყო და ფორმები, რა ფორმებითაც ეს მოხდა, აბსოლიტურად მიუღებელია. აღსანიშნავია, ისიც რომ ამ ღონისძიების დაშლის შემდეგ ამან მიიღო პოლიტიკური ანგარიშსწორების ხასიათი, რომლებიც ქუჩიდან გადავიდა პოლიციის შენობებში. ფაქტია, რომ ძალადობა მოხდა დაშლის შემდეგაც, რომლის აუცილებლობაც აღარ არსებობდა", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.
მისივე თქმით, რა სიმძიმის არის დანაშაული, ეს უკვე აბსოლუტურად გამოძიების გადასაწყვეტია.
რაც შეეხება თამაზ თამაზაშვილის დაკავებას, კობა ნარჩემაშვილი მის დაკავებას უკანონოს უწოდებს. ნარჩემაშვილის თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში, თამაზაშვილი იყო საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
"თამაზ თამაზაშვილის დაკავება მოხდა უკანონოდ. გენერალს, სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროსს, საბარგულში ავტომატის დება არ სჭირდება, ადამიანს რომელსაც აქვს ტაბელური იარაღები გაფორმებული, რაში სჭირდება ავტომატის ქონა საბარგულში? თუ მასალები არსებობს, არ დაიწყოს გამოძიება და პროკურატურამ ეს უნდა გადადოს, რადგან ის შს მინისტრის ახლო ნათესავია? მე როგორც ვიცი, დაკავებულებს აქვთ არეგუმტები და ორივე მხარე შეეცდება თავის სიმართლის დამტკიცებას", - აღნიშნა ნარჩემაშვილი
რაც შეეხება ნარჩემაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც შს ყოფილი მინისტრი აცხადებს, ის სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი თქმით, პარტიის, რომლის დამფუძნებელიც არის გია ჟორჟოლიანი, ყრილობა 5 ივნისს გაიმართება.