"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ქუთაისში მომუშავე ადვოკატები ხვალ, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გაფიცვას დაიწყებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხატიაშვილმა განუცხადა, შესაძლოა, გაფიცვებმა მთელი საქართველო მოიცვას.
როგორც ხატიაშვილი აცხადებს, პარლამენტი ადვოკატების უფლებების შეზღუდვას აპირებს, რასაც არ დაუშვებენ.
ადვოკატების პროტესტის მიზეზია საპროცესო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რომლითაც ადვოკატს ჩხრეკის, ამოღების და საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება არ ეძლევა.
როგორც ცნობილია, კანონპროექტი, რომელიც ადვოკატს აღნიშნულ უფლებებს ანიჭებდა პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, მეორე მოსმენისას კი - მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, ეს ნორმა გაუქმდა და კანონის მოქმედებამ 2014 წლის სექტემბრამდე გადაინაცვლა.
"ჩვენი მოთხოვნაა, მოხდეს ჩვენი უფლებების გაზრდა და არა შეკვეცა. ჩვენ სანამ ჩვენსას არ მივაღწევთ არ გავჩერდებით. ყველაზე უკიდურეს ფორმას უნდა მივმართოთ, რადგან ერთი რამე თუ დავთმეთ, მერე ბევრს დაგვათმობინებენ", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.