ნინო ბურჯანაძე არის ჩემი შვილის მკვლელი, ის ჩემი შვილის სისხლს ვერ ჩამოირეცხავს, - ამის შესახებ განცხადებას 2011 წლის 26 მაისის ღამეს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედამ, ანა აზაურაშვილმა გააკეთა.
ანა აზაურაშვილმა დღეს "პირველი რადიოს" რადიოკლუბში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან 26 მაისის ღამის დეტალები გაიხსენა.
"ბურჯანაძე არის ჩემი შვილის მკვლელი, ის ვერ ჩამოირეცხავს სისხლს და ნუ ადებს ხელს ნურავის, ნურც ვანოს. მან გამოიწვია სისხლისღვრა. ღამის 12 საათამდე ჩემს შვილს ტელეფონით ველაპარაკებოდი, 12 საათზე კი უკვე ვეღარ დავრეკე, პირველის 15 წუთისთვის ის უკვე გარდაცვლილი იყო. როდისღა მოასწრო ინსცენირება ვანო მერაბიშვილმა, როდისღა მოკლა ჩემი შვილი, როდისღა მოასწრო თეატრალიზებული წარმოდგენა? ეს ხომ აბსურდია. უბრალოდ, ის გარბოდა ვირთხასავით, თავისთვის და თავისი ოჯახისთვის უნდა ეშველა. სწორედ ამ დროს გაიტანა ჩემი შვილი. მე არ ვიცი ზუსტად ვინ იჯდა საჭესთან, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის ოჯახი იყო", - განაცხადა აზაურაშვილმა.
აზაურაშვილის თქმით, მისი ოჯახის წევრები შეხვდნენ ბურჯანაძეს, ბურჯანაძის მხრიდან იყო დახმარების შემოთავაზებაც, თუმცა აზაურაშვილი არ აკონკრეტებს რა დახმარებაზე იყო საუბარი.
"ჩემი ოჯახის წევრებს შესთავაზა დახმარება, თუმცა ჩვენ მკვლელისგან არანაირ დახმარებას არ ავიღებთ, ამიტომ მას ამ საუბარში აღარ გავყევით", - აცხადებს ანა აზაურაშვილი.
იგი ბურჯანაძის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დასკვნა, რომელსაც ბურჯანაძე საზოგადოებას აჩვენებს, ყალბია. დასკვნაში ასახულია ვიდეოკადრების ექპერტიზის დასკვნა.
მისივე თქმით, დასკვნის მიხედვით, "ჩანაწერში ფიქსირდება ავტოკოლონის მოძრაობა, რომელსაც გვერდით მოჰყვება ადამიანების ჯგუფი, ავტომობილების შეჯახება ადამიანთან ან რაიმე უცხო სხეულთან არ ფიქსირდება. კადრში დაფიქსირებულია ავტომობილის მკვეთრი აწევა და დაწევა სავალი ნაწილიდან, რაც სავარაუდოდ, გამოწვეულია რაიმე საგანზე გადავლით. ეს ავტომობილი, ექვსი ავტომობილისგან შემდგარ კოლონაში არის მეხუთე, ბოლოს წინა და არის ღია ფერის". აზაურაშვილი მიიჩნევს, რომ დასკვნა ყალბია და არ ასახავს რეალობას.
ანა აზაურაშვილს პრეტენზიები ახალ ხელისუფლებასთანაც აქვს. ის აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული ალექსანდრე ბიბილურის პოლიტპატიმრად ცნობა და ციხიდან გამოშვება უკანონო იყო.
გარდა ამისა, აზაურაშვილის თქმით, ახალი გამოძიების პირობებში ის პირები არ დაუკითხავთ, ვინც მის შვილთან ერთად იმყოფებიდა 26 მაისის ღამეს.
აზაურაშვილი მთავრობას მოუწოდებს, რომ "ბესელიას და კაკაბაძის დაკრულზე ნუ ცეკვავენ".