დეპუტატებმა

დეპუტატებმა "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონში ცვლილებები განიხილეს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონში ცვლილებები განიხილეს. დეპუტატ გედევან ფოფხაძის თქმით, კანონში ცვლილებების მიხედვით, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვეყნის პატრნიორ ქვეყნებთან ინფორმაციის გაცვლის პროცედურები მარტივდება. 

"ამ დრომდე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიწოდებისათვის დადგენილი პროცედურები ხელისუფლებას ხელს უშლიდა პარტნიორი ქვეყნებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებაში. ამ დრომდე ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელი იყო რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ან პრეზიდენტის მოტივირებული განკარგულების საფუძველზე. კანონში ამგვარი ჩანაწერის არსებობა გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კანონპროექტი არეგულირებს სახელმწიფო საიდუმლოების სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კანონით გათვალისწინებული აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვედანაყოფების სამხედრო ოპერატიულ-საბრძოლო დავალებებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით გაცვლილ/გადაცემულ სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე.