დღეს ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა.
ბიუროს სხდომას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველო, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე წარმოადგენდა, აზერბაიჯანის, სომხეთის და უკრაინის წარმომადგენლები.
ევროპარლამენტის მხრიდან კი ევროპის სახალხო პარტია, კონსერვატორები, ალდე და სოციალისტები.
სხდომას ხელმძღვანელობდა თანაპრეზიდენტი უკრაინის მხრიდან ტარასიუკი, ხოლო ევროპარლამენტის მხრიდან სივიეჩი. სხდომაზე არ იყო წარმოდგენილი მოლდოვა.
ბიუროს სხდომაზე დადგა სასწრაფო რეზოლუცია (Urgent Resolution) შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.
რეზოლუციას ხელი მოაწერეს როგორც ევროპის სახალხო პარტიის წევრებმა, ასევე საქართველოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვიქტორ დოლიძემ მოითხოვა სიტყვა, რომლითაც მან მიმართა ბიუროს წევრებს.
დაძაბული კამათისა შემდეგ ბიუროზე რეზოლუციის პლენარულ სესიაზე განსახილველად გატანა ჩავარდა, რადგან მან ბიუროს წევრთა ხმები ორი მესამედი ვერ მიიღო.