ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული მოვლენები არის ჩვენი მთავარი საზრუნავი და საწუხარი, _ ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გუშინ, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში ფილიპ დიმიტროვთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დიმიტროვთან შეხვედრა მას სწორედ ამ თემასათნ დაკავშირებით ჰქონდა. "ე.წ. ადმინისტრაციულ საღვართან განვითარებული მოვლენები არის ჩვენი მთავარი საზრუნავი და საწუხარი, გუშინდელი დღიდან მოყოლებული. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯები გადავდგათ, რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადავდგით. ერთ-ერთი იყო სწორედ ეს შეხვედრა, რადგან ევროკავშირს ჰყავს სადამკვირვებლო მისია და მის მოწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით ევროკავშირის განცხადება, ეს იქნება აქ, ადგილზე გაკეთებული, დიმიტროვის მიერ, თუ ეს იქნება ბრიუსელში, ცენტრიდან გაკეთებული. ეს არის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომლის მობილიზებასაც ჩვენ შევუდექით გუშინ და მთელი ამ დღეების განმავლობაში", – აღნიშნა გუშინ მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციას გაეგზავნა საპროტესტო ნოტა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რომელშიც ქართულმა მხარემ გამოთქვა მკაფიო და ძლიერი პროტესტი და მოსთხოვა რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების დაცვა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულება.
გარდა ამისა, როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, დღეს სტრასბურგში დაგეგმილია კონსოლიდირებული მოხსენების განხილვა. მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკანიანი იმყოფება სტრასბურგში და მის მოხსენებაში ძალიან დიდი ადგილი დაეთმობა სწორედ ახლა მიმდინარე მოვლენებს. ფანჯიკიძის განმარტებით, თავად კონსოლიდირებულ მოხსენებაში ეს საკითხი არ არის შესული, რადგან ის არ მოიცავს გუშინდელ პერიოდს და ეს საკითხი შევა შემდეგ მოხსენებაში, რომელიც შემოდგომაზე იქნება. "გარდა ამისა, ჩვენ ველით ევროკავშირის განცხადებას ხვალ სტრასბურგში", - აღნიშნა გუშინ მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს საკითხი არ არის აბაშიძე- კარასინის შეხვედრის თემა და ფორმატი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისივე თქმით, წარმოუდგენელია ახლა ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები და წყნარად გააგრძელონ საუბარი ღვინისა და კულტურის შესახებ.
"რა საკვირველია ამ საკითხზე აუცილებლად გამახვილდება ყურადღება, ოღონდ რა თქმა უნდა, ამ შეხვედრიდან ამ საკითხის გადაწყვეტას არ ველი. რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებებს, რომელიც 26-27 ივნისს გაიმართება, იქ უკვე სერიოზულად დადგება ეს საკითხი", – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გარდა ამისა, ბრიუსელში იმყოფება პარლამენტის დელეგაცია "ევრონესტის" შეხვედრაზე და იქაც გაჟღერდება ეს საკითხი. "ჩვენ გამზადებული გვაქვს იქ მომხდარი მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც დაეგზავნა საელჩოებს. საელჩოებს აქვთ მიცემული დავალება, რომ მათ ქვეყნებს და მთავრობებს შეატყობინონ საქართველოში მომხდარის შესახებ. ეს არის საერთაშორისო რეაქცია, რომლის კონსოლიდაციასაც ჩვენ ვახდენთ გუშინდელი დღიდან მოყოლებული და რომელიც, იმედი გვაქვს, რაღაც შედეგს გამოიღებს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.