რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, "სოფელ დიცის მიმდებარედ არანაირი საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა, არამედ რუსები იმ პოზიციებს იკანონებენ, რომლებსაც მიიჩნევენ, რომ 2008 წელს დაიპყრეს".
ზაქარეიშვილის განმარტებით, "იქ არანაირი საზღვარი არ გადის, არამედ გამყოფი ხაზებია და იგივე 200-300 მეტრზეა საუბარი, სადაც გადასვლისთვისაც ქართველებს ისედაც აკავებდნენ, უბრალოდ ახლა იქ მავთულხლართების გაბმა და საგუშაგოების მშენებლობა მიმდინარეობს".
"სამწუხაროდ, ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რისი უფლებაც და რისი საშუალებაც ჩვენ რუსებს 2008 წლის აგვისტოში მივეცით. რუსებმა მკაფიოდ იგრძნეს, რომ ქართულ-ოსური შერიგება დაიწყო და ამ ნაგებობებს და მავთულხლართებს სწორედ ოსების წინააღმდეგ აკეთებენ და არა ქართველების, რათა ისინი აქეთ არ გადმოვიდნენ. ქართველები თუ შედიოდნენ 300-400 მეტრით შიგნით შეშის, ხილის ან ჯონჯოლისთვის, უკან ბრუნდებოდნენ. ოსები 200-300 მეტრით კი არ შემოდიან, არამედ გორში, თბილისში ჩამოდიან. აქ ვაჭრობენ, მკურნალობენ და მათ ტოტალურად დაიწყეს ქართველებთან ურთიერთობა და ამის წინააღმდეგ არის რუსეთის ქმედება მიმართული", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის გამოცდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის.
"რუსებს უნდათ ემოციებში აგვიყოლიოს, როგორც ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა. ჩვენი ამოცანაა სიმშვიდე შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. მადლობა ღმერთს სისხლი არ იღვრება. ჩვენ ადგილზე უნდა შევინარჩუნოთ მოსახლეობა. მაქვს ინიციატივა, რომელსაც მთავრობას წარვუდგენ იმ პირების აღრიცხვის შესახებ, რომლებიც დაზარალდნენ და შესაძლოა მათთვის კომპენსაციების გაცემა მოხდეს. რუსეთი 300 მეტრით კი არა, კილომეტრებით არის შემოსული და თქვენ გინდათ 200-300 მეტრის გამო გამოვუცხადოთ რუსებს ომი?! მათ სურთ, ჩაგვრთონ მოლაპარაკებებში იმის თაობაზე, თუ სად გადის საზღვარი. შეიძლება, შემდეგ 400-500 მეტრიც დათმონ, მაგრამ ამით მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების ლეგიტიმაციას მოახდენენ, ამიტომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავერთვებით ამ თამაშში და მოლაპარაკებებში. გვირჩევნია 200 მეტრი იყოს კილომეტრების ნაწილი, ვიდრე ამის ლეგალიზაცია მოვახდინოთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ქათულმა მხარემ მოსახლეობის უფლებები აუცილებლად უნდა დაიცვას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მომხდარის თაობაზე, თუმცა სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ "მსოფლიო რუსეთის უხეში ძალის წინაშე უძლურია".