ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, "სოფელ დიცთან მავთულხლართების დამონტაჟების ფაქტმა შეიძლება, გამოიწვიოს იმედგაცრუება და შემდეგ ისევ პროტესტი, რაც, თავის მხრივ, შემდგომ დესტაბილიზაციაში გადაიზრდება".
როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცლებულ განცხადებაში აღნიშნული, გორის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ დიცის მოსახლეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მავთულხლართების დამონტაჟებასთან დაკავშირებით გამოთქმული პროტესტის შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები 27 მაისის საღამოს შემდგომი (მოსალოდნელი) სიტუაციის განსახილველად ადგილზე შეიკრიბნენ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეხვედრას ყველა მონაწილე მხარის მოთხოვნის შესაბამისად ესწრებოდა.
28 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციების ხელმძღვანელი შემთხვევის ადგილზე სიტუაციის შესაფასებლად, დამატებითი ინფორმაციის შესაგროვებლად და დამოუკიდებელი აზრის ჩამოსაყალიბებლად დაბრუნდა, რაც წინ უსწრებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში პარასკევს დაგეგმილ შეხვედრას, სადაც ყველა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ეს საკამათო საკითხი განიხილოს.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა მავთულხლართების დამონტაჟების შემთხვევების ზრდა, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამან შეიძლება, გამოიწვიოს იმედგაცრუება და შემდეგ ისევ პროტესტი, რაც, თავის მხრივ, გადაიზრდება შემდგომ დესტაბილიზაციაში. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარი პრიორიტეტია. მავთულხლართების მონტაჟი ხელს უშლის ხალხის ცხოვრებას და იწვევს ოჯახებისა და საზოგადოების დაყოფას. ეს დაუშვებელია. მავთულხლართების დამონტაჟებისს გამო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე აღნიშნა, რომ სოფელი დიცი არცერთი მხრიდან უსაფრთხოებით უზრუნველყოფილი არ არის. არსებითად, ამან შეიძლება, გამოიწვიოს უფრო ესკალაცია, ვიდრე დაძაბული ვითარების განეიტრალება", - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანდჟეი ტიშკევიჩმა.
ცნობისთვის, 2008 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები სადღეღამისო პატრულირებას ახდენდნენ, განსაკუთრებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, იმისათვის, რომ ადგილზევე შეესწავლათ სიტუაცია, ინციდენტები და მოეხერხებინათ ზოგადად უშიშროების უზრუნველყოფა შესაბამის ტერიტორიებზე.
"ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (ფარგლებში) მეშვეობით, რომელიც მოიცავს სატელეფონო ცხელ ხაზსა და ყოველთვიურ შეხვედრებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ეუთო-სთან ერთად, ხელს უწყობს ყველა მხარეს შორის დისკუსიების გამართვას იმისთვის, რომ გამონახონ გზები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად, რათა მათ თავისუფლად გადაადგილება შეძლონ", - აცხადებენ მისიაში.