საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით ოფიციალურ თბილისს მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩ ფილიპ დიმიტროვთან შეხვედრის შემდეგ ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
"გუშინ ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული მოვლენები რასაკვირველია, ჩვენი მთავარი საზრუნავია, გუშინდელიდან მოყოლებული. დღეს სწორედ ამის გამო მქონდა შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენელთან. ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯები, რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგმულია. სწორედ ერთ-ერთი იყო ეს შეხვედრა, რადგან ევროკავშირს ჰყავს სადამკვირვებლო მისია და მისიის მიერ მოწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით, ევროკავშირის განცხადება იქნება ეს ადგილზე დიმიტროვის მიერ გაკეთებული, თუ ბრიუსელიდან, ცენტრიდან გაკეთებული, ეს არის საერთშორისო მხარდაჭერა, რომლის მობილიზებასაც ჩვენ გუშინ შევუდექით და ვაგრძელებთ ამ დღეების განმავლობაში", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რუსეთს გაეგზავნა ნოტა, რომელშიც მკაფიო და ძლიერი პროტესტია გამოთქმული.
"მოვთხოვეთ რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების დაცვა. ასევე მოვთხოვეთ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ხელშეკრულების პირობების შესრულება და გამოვხატეთ პროტესტი იმის გამო, რაც ხდება", - განაცხადა მინისტრმა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ხვალ სტრასბურგში დაგეგმილია კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა და მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის სიტყვაში ამ თემას ძალიან დიდი ადგილი დაეთმობა.
"თავად კონსოლიდირებულ მოხსენებაში ეს ფაქტი რა თქმა უნდა, შესული არ არის. რადგან ის გუშინდელ პერიოდს არ მოიცავს. იგი შევა შემდეგ მოხსენებაში, რომელიც შემოდგომაზე იქნება. გარდა ამისა, ჩვენ ხვალ სტრაბურგში ევროკავშირის განცხადებას ველით", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.