"ქართული ოცნება" მოსახლეობას პურს ვერ აძლევს და სანახაობას სთავაზობს, დაჭერა რა პრობელმაა, ყველაფერი მათ ხელშია, - ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდებას.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ სახელდახელოდ შეთითხნილი ბრალდებები დომინოსავით იშლება. ამის მაგალითად მაჭავარიანს ვანო მერაბიშვილთან ერთად მოჰყავს ბაჩო ახალაიას, ნიკა გვარამიასა და ალექსანდრე ხეთაგურის მაგალითები.
"დღევანდელმა მმართველმა გუნდმა ეს გზა აირჩია და ამით ცდილობს მიმდინარე პროცესების გადაფარვას. როცა ის ვერ აძლევს პურს მოსახლეობას, სანახაობას სთავაზობს. მიმაჩნია, რომ ორი თვით ციხეში ვანოს ფიზიკურად არყოფნა ხელს არ შეუშლიდა გამოძიებას. მინდა მკაფიო ხაზი გავავლოთ: ჩვენ არ ვამბობთ, რომ თუ არსებობს ბრალდებები, არ უნდა ჩატარდეს გამოძიება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორთვიანი პატიმრობა არ არის სწორი. ძალიან ბევრი სხვა პროცესიც მიმდინარეობს, მაგალითად, ბაჩო ახალაიას სასამართლო და თქვენ ხედავთ, სასწრაფოდ და სახელდახელოდ შეთითხნილი ბრალდებები როგორ იშლება დომინოსავით. ასე მოხდა ნიკა გვარამიაზე, ბაჩო ახალაიაზე, ალექსანდრე ხეთაგურზე და იგივე განმეორდება ვანო მერაბიშვილზეც. ეს არის პრობლემა, თორემ დაჭერა რა პრობლემაა?! ყველაფერი მათ ხელშია!", - აღნიშნა მაჭავარიანმა.