კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირისთვის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავების უფლების შესაძლო მინიჭების ინიციატივას ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირებს.
"მე მესმის ეს რატომაც კეთდება, შარშან "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანეს, რომლითაც არჩევნებში მონაწილეობა, ასევე უმაღლესი თანამდებობების დაკავების უფლება მიეცათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს და ამ შესწორებით იპოვეს გამოსავალი, რადგან არ უნდოდათ ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა აღედგინათ. ახლა როცა მმართველი გუნდი გამოდის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებთან დაკავშირებით მსგავსი ინიციატივით, რა თქმა უნდა, ეს ისევ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება. უნდა ვნახოთ, ზუსტად რას ითვალისწინებს ცვლილებები, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნული გარდამავალი ჩანაწერის გამო შეიქმნა კრიზისული სიტუაცია და თუ ახლა ივანიშვილი დათმობს საფრანგეთის მოქალაქეობას, მას მოუწევს დატოვოს პრემიერის პოსტიც. ეტყობა ამ აბსურდული მდგომარეობიდან ეძებენ გამოსავალს. როგორც ცნობილია, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ მთავრობა უნდა გადადეს და მისი შემადგენლობა ახლადარჩეულმა პირველმა პირმა თავიდან უნდა წარადგინოს, რადგან ის გარდამავალი დებულება, რომელზეც მოგახსენეთ, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედებს, ბიძინა ივანიშვილს აღარ ექნება უფლება იყოს პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს უმრავლესობა ახლა", - განაცხადა ძაბირაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირისთვის საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავების უფლების შესაძლო მინიჭების ინიციატივას, კონსტიტუციონალისტი მას გაუმართლებლად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ აღნიშნული კუთხით, კანონმდებლობა, პირიქით, კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.
"ეს ინიციატივა არაა გამართლებული ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე. არა თუ პრეზიდენტის, პრემიერისა თუ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავების უფლება არ უნდა მიეცეთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, არამედ, მე დიდი სიამოვნებით გავავრცელებდი შეზღუდვას მთავრობის და პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებითაც. უმაღლესი პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლები უნდა იყვნენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. ამის არგუმენტი ძალიან მარტივია – არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს მთავრობა, რომელთა წევრებიც, ამავდროულად, სხვა ქვეყნის მოქალაქეცაა. როცა ორმაგი მოქალაქეობა არსებობს, პირს გარკვეული ვალდებულებები აქვს იმ ქვეყნის წინაშე, რომლის მოქალაქეცაა, მაგალითად, შეიძლება საქართველოს მთავრობის სხვა ქვეყნის მოქალაქე წევრი სამხედრო სამსახურში გაიწვიონ? ეს როგორი იქნება?", - აღნიშნა კონსტიტუციონალისტმა.
საქართველოს კონსტიტუციამ შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების შესაძლებლობა დაუშვას.
მმართველი გუნდის მხრიდან კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები 29-ე მუხლის 1/1-პუნქტის გადახედვას ითვალისწინებს, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
"საუბარია საკითხზე, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. ვფიქრობთ, ეს საკითხი გადასაწყვეტია, ხოლო როგორი იქნება ცვლილებები, მოკლე ხანში ნახავთ. რამდენიმე დღე მოითმინეთ და გაიგებთ, რა ცვლილებებზეა საუბარი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ.
სააგენტოს კითხვაზე, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, გახდება თუ არა აღნიშნული სამი თანამდებობის დაკავება ორმაგი მოქალაქეებისთვის დასაშვები, ხმალაძემ განაცხადა, რომ "ეს შესაძლებელია".