კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირისთვის საქართველოს პრეზიდენტის , პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავების უფლების შესაძლო მინიჭების ინიციატივას იწუნებს და ფიქრობს, რომ აღნიშნული ქვეყნის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დემეტრაშვილმა განუცხადა, მსგავსი პრეცენდენტი მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის მაგალითზე არ უნახავს.
"მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად კონსტიტუციის 29-ე მუხლის გადასინჯვა, რომელიც ადგენს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. მე მაოფლიოში არც ერთი პრეცენდენტი არ ვიცი, სადაც სხვა ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს ამ თანამდებობების დაკავების უფლება. ეს ჩემთვის მიუღებელია და ჩემი აზრით, ეწინააღმდეგება ქვეყნის სუვერენიტეტს", - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
მისივე განმარტებით, ის კონსტიტუციაში ჩადებული იმ მოქმედი ნორმის წინააღმდეგიცაა, რომლითაც პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ნატურალიზებული საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს კონსტიტუციამ შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების შესაძლებლობა დაუშვას.
მმართველი გუნდის მხრიდან კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები 29-ე მუხლის 1/1-პუნქტის გადახედვას ითვალისწინებს, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
"საუბარია საკითხზე, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. ვფიქრობთ, ეს საკითხი გადასაწყვეტია, ხოლო როგორი იქნება ცვლილებები, მოკლე ხანში ნახავთ. რამდენიმე დღე მოითმინეთ და გაიგებთ, რა ცვლილებებზეა საუბარი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ხმალაძემ.