თბილისის მერიის მიერ დედაქალაქის საკრებულოში წარდგენილი პროექტით, დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2 ლარი და 50 თეთრი იქნება.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დედაქალაქის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, თბილისის მერიამ ერთ სულ მოსახლეზე დასუფთავების მოსაკრებლად 2,50 ლარი განსაზღვრა, 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის კი ტარიფი ორი ლარით განისაზღვრა.
ირაკლი აბესაძის განმარტებით, საკანონმდებლო მოთხოვნით, მოსაკრებლის ოდენობა გაწეული მომსახურების ხარჯებს უნდა ფარავდეს. მისივე თქმით, კანონით დაწესებული ზედა ზღვარი- 3 ლარი თბილისში მომსახურების ხარჯებს არ ფარავს, რადგან მერიას მომსახურების გაწევა გაცილებით მეტი უჯდება. თუმცა, აბესაძის ინფორმაციით, პარლამენტან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, მომსახურება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება.
"დასუფთავების მოსაკრებლის მნიშვნელოვანი გაძვირება რომ არ მოხდეს, ჩვენ გვქონდა შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. მიღწეულია შეთანხმება, რომ აღნიშნული მომსახურება გათავისუფლებული იქნება დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან, საგადასახადო კოდექსში შევა შესაბამისი ცვლილებები, თუ 2.50 ლარს დავაწესებთ გადასახადს, მაინც საჭირო იქნება 15 მილიონიანი სუფსიდია. შევთანხმდით, დღგ-სგან გათავისუფლების შემთხვევაში, გადასახადი იქნება 2,50 ლარი, რათა მოსახლეობისათვის მოსაკრებლის მნიშვნელოვნად გაძვირება არ მოხდეს. შევთანხმდით სიტყვიერად, რომ გონივრული და სწორია, მომსახურება გავათავისუფლოთ დღგ-სგან იმისათვის, რომ ჩვენ საშუალება გვქონდეს შევინარჩუნოთ 2,50 ლარიანი მოსაკრებელი, რომელიც არსებობდა", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე ინფორმაციით, პარლამენტი შესაბამის პროცედურებზე მსჯელობას მიმდინარე კვირაში დაიწყებს. მერია საკრებულოში კენჭისყრაზე გადაწყვეტილების ჩავარდნას არ ელოდება.
ამასთან, აბესაძის მტკიცებით, საკრებულოს უმცირესობის მიერ დასახელებული ტარიფები კონკრეტულ გაანგარიშებას არ ეყრდნობა და ციფრები "ციდან მოტანილია".
საკრებულოს უცირესობაში შემავალი ფრაქციები დედაქალაქის მერიის მიერ წარგენილი პროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება- თბილისელების" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები მერიის პროექტს მხარს არ დაუჭერენ. უმცირესობა ერთიან ტარიფზე საბოლოოდ შეჯერებული ჯერ არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი დასუფთავების მოსაკრებლად 1,50 ლარით განსაზღვრას დაუჭერენ მხარს.
დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით კენჭისყრა საკრებულოში 31 მაისს გაიმართება. დასუფთავებისა და ელექტროენერგიის მოსაკრებლის გამიჯვნის შესახებ კანონი ძალაში 1 – ლი ივნისიდან შედის.