ქართველი მეღვინეები მაქსიმალურად ჩქარობენ, თუმცა გადაწყვეტილებებს რუსული სახელმწიფო უწყებებისგან ელოდებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ლევან დავითაშვილი რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშენკოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი მეღვინეები არ ჩქარობენ და ამ ეტაპზე აქციზური მარკებისთვის არავის მიუმართავს.
"ჩვენი ინფორმაციით, აქციზურ მარკებზე განაცხადები მინიმუმ ხუთ კომპანიას მაინც აქვს შეტანილი. ეს არის რაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, თუმცა შეიძლება მეტსაც აქვს შეტანილი და ისინი უახლოეს ხანში მიიღებენ აქციზებს. ამიტომ, ვერ დავეთანხმები ონიშენკოს განცხადებას, რომ არავინ არ ჩქარობს. უბრალოდ სახელმწიფო რეგისტრაცია დასრულებული აქვს მხოლოდ 9 კომპანიას, დანარჩენები რეგისტრაციის პროცესში არიან. ტექნოლოგიურად ასე ხდება- ჯერ ონიშენკოს უწყებასთან სახელმწიფო რეგისტრაცია უნდა მიიღონ, ამის შემდეგ შეუძლიათ აქციზებზე მიმართვა. თითქმის ყველა კომპანია, რომელსაც რუსეთში პროდუქციის შეტანის უფლება მიეცა, ამ პროცესში ჩართულია",-განაცხადა დავითაშვილმა.
რაც შეეხება ონიშენკოს მიერ დაწუნებულ ღვინოებს, დავითაშვილის განმარტებით, შეიძლება კონკრეტული ღვინის შემთხვევაში არ იყო ტემპერატურული რეჟიმი, კერძოდ შენახვის პირობები დაცული.
"მეორე მომენტიც არის, იყო ნათქვამი, რომ ერთ-ერთ ღვინოში HO2 არის მომატებული. ეს ქართული და ევროპული კუთხით ნორმალურად ითვლება, შეიძლება რუსული სტანდარტით არ არის მისაღები",-განმარტა დავითაშვილმა.
რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს განცხადებით, რუსულ ბაზარზე სახელმწიფო რეგისტრაცია ქართული ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებელი ცხრა კომპანიის 104-მა სახეობამ გაიარა. ამის შესახებ "ვესტი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ქართული ღვინოებისთვის აქციზური მარკები უკვე დამზადებულია, თუმცა ჯერჯერობით, რუსულ ბაზარზე ღვინოები არ შესულა.
"ამ ეტაპზე აქციზური მარკებისთვის არავის მოუმართავს, თუმცა ისინი უკვე დამზადებული გვაქვს. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ქართველი მწარმოებლები არ ჩქარობენ", - განაცხადა "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა.
გასულ კვირას გენადი ონიშენკომ კომპანია "შუხმან ვაინსის" წარმოებული ღვინის სამი სახეობა დაიწუნა და განაცხადა, რომ "ისინი დაძმარებულია".