"საერთო სასამართლოების შესახებ", კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა, პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გაავრცელა.
საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კანონში "საერთო სასამართლოების შესახებ", რომელიც რამდენიმე დღის წინ შევიდა ძალაში. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის დამკვიდრების საქმეში.
დამოუკიდებელი, ძლიერი, ეფექტიანი მართლმსაჯულება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია და ჩვენ, როგორც საქართველოს მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობის მქონე პოლიტიკურმა ძალამ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ სასამართლო სისტემამ ჩაურევლად დაიწყოს არსებობა და განვითარება.
9 ივნისს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, სადაც მოსამართლეები თავიანთ წარმომადგენლებს რეფორმირებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩევენ. იმედს გამოვთქვამ, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლად და კვალიფიციურად გამოიყენებენ მათთვის მინიჭებულ გაზრდილ უფლებებს, ხოლო არჩევნების პროცესი გამჭვირვალე და გახსნილი იქნება დამკვირვებლებისთვის.
ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემისთვის, არ გამოვრიცხავ, გარეშე პირებს გაუჩნდეთ იმის ცდუნება, რომ ზეგავლენა მოახდინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნების შედეგებზე. ეს დაუშვებლად მიმაჩნია, რადგან იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, გარანტირებული უნდა იყოს მის საქმიანობაში ჩაურევლობა.
მჯერა, რომ დღეს საქართველო ისე ახლოს არის დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების მიზანთან, როგორც არასდროს. დარწმუნებული ვარ, როგორც სასამართლო სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ, ყველა აცნობიერებს ამ მოვლენის მნიშვნელობას. ამიტომ, ყველამ ერთად შევუწყოთ ხელი მოსამართლეებს, რათა მათ შეძლონ დამოუკიდებლად და ჩაურევლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი",-ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.