საბავშვო ბაღებში კატასტროფების პრევენციის დანერგვისთვის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ერთი მხრივ - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტსა და მეორე მხრივ - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის - „სეივ ზე ჩილდრენ" და „არბაითერ-სამარიტერ ბუნდ".
მემორანდუმის მიზანია საბავშვო ბაღებში კატასტროფების რისკის შემცირების მეთოდების დანერგვა, რაც რისკ-ფაქტორების პრევენციის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მემორანდუმის თანახმად განხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგებისა და შესაბამისი სასწავლო მასალის მომზადება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ექსპერტები აქტიურად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან საბავშო ბაღების პერსონალს კატასტროფების დროს რისკების შემცირების საშუალებებთან დაკავშირებით.
პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელშიც ასევე ჩართული არიან ბავშვთა დაცვის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები.