საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობით სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, მთავარი პროკურორი ოფიციალური სადილის ფორმატში ევროსაბჭოში ავსტრიის, უნგრეთის, რუმინეთის და ბულგარეთის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრებზე საუბარი საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. ევროკავშირის ელჩები სამართლებრივ სფეროში რეფორმებით დაინტერესდნენ და მის განხორციელებაში საქართველოს დახმარება აღუთქვეს.
"ევროსაბჭოში აკრედიტებულ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ელჩებთან ერთად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას უკავშირდებოდა. ელჩებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განხორციელებულ სამართლებრივ ცვლილებებთან დაკავშირებით. დაინტერესდნენ ჩვენი ხედვებით ცალკეული გახმაურებული საკითხების შესახებ. კონსტრუქციული საუბარი გვქონდა, ელჩებმა სამართლებრივი მხარდაჭერისა და დახმარების სურვილი გამოთქვეს", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურორი სტრასბურგში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე ქრისტოს ჯაკომოპოლუსაც შეხვდა.
"პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად სასჯელაღსრულების ორგანოებში პატიმრებთან არაჯანსაღი მოპყრობის საკითხები განვიხილეთ და ამის საწინააღმდეგო ბრძოლის მეთოდებზე ვისაუბრეთ. სამომავლო გეგმებზეც ვიმსჯელეთ. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს პროკურატურასთან და სხვა აღმასრულებელ ორგანოებთან. ერთობლივი პროექტები გრძელდება და ვფიქრობ, ისინი წარმატებული და შედეგის მომტანი იქნება", - აღნიშნა ქრისტოს ჯაკომოპოლუსმა.
საქართველოს პროკურატურის დელეგაცია არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობით ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუჯნიეკსის, ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენელს ლუიზელა პავან-ვულფს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიონ იაგლანდს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავმჯდომარეს დინ შპილმანს შეხვდება.