ერთი გრამიც რომ იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაში, მსოფლიო ამას არ გვაპატიებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურ შეფასებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი, არამედ მხოლოდ სამართლებრივ შეფასებაზე.
"მე სხვა შეფასებას ვერ გავაკეთებ, მთლიანად ვენდობი პროკურატურას. პროკურატურა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ასეთი რანგის პოლიტიკოსების დაპატიმრებას, რომ არ ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ყველანი უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.