17 მაისს განხორციელებულ ძალადობაზე დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით განცხადებაზე ხელი ამ დროისთვის 12 000 მოქალაქემ მოაწერა. ამის შესახებ განცხადება პუბლიცისტმა ლაშა ბაქრაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
მისი თქმით, განცხადებაზე ხელის მოწერა, ჯერჯერობით, მხოლოდ ინტერნეტით არის შესაძლებელი, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ხელისმომწერთა მოსაზრებას საქართველოს მოქალაქეთა სრული უმრავლესობა იზიარებს.
"ის ადამიანები, რომლებიც ნადირობენ ქუჩაში, ხვალ ინადირებენ ჩვენზე, ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება თვალში არ მოუვიდნენ. შეიძლება დაიწყოს სრული ანარქია, მაგრამ ისინი უნდა მიხვდნენ, რომ არ არიან უმრავლესობა და ვერც გახდებიან. ხშირად ამ ბრბოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამოდით უნდა დაგთვალოთ, ჩვენ მოვახდინეთ მათი ამ სურვილის რეალიზება და დავითვალეთ. აი აქ არის სახელები იმ ადამიანების, რომელთაც არ ეშინიათ და კიდევ უფრო ბევრი იქნება ასეთი ადამიანი. დიდ ნაწილს ხელი არ მოუწვდება ინტერნეტზე, თუმცა ქართველი გლეხები და მუშები, ვფიქრობ, ისევე გულისრევით უყურებენ იმას რაც ხდებოდა, როგორც ქართველი ინტელიგენციის ნაწილი, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე. ისინი არასოდეს იქნებიან უმრავლესობაში, ვინც არ უნდა იდგეს მათ ზურგს უკან. მთელი რუსეთის აგენტურაც რომ იდგეს", – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
მან დღესვე ჟურნალისტებს ხელმომწერთა სია წარმოუდგინა. საქართველოს მოქალაქეების განცხადება 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. განცხადებაში მოქალაქეები პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და მოითხოვენ ადეკვატურად და დროულად შეფასდეს 17 მაისს მომხდარი ფაქტები.
"უმოქმედობა, შესაძლოა, მეტისმეტად ძვირად დაუჯდეს საქართველოს დემოკრატულ სახელმწიფოებრიობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამჟამად ვდგავართ რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და თეოკრატიული სერიოზული საფრთხის წინაშე. ამის თავიდან აცილება ერთადერთი ცივილიზებული გზით არის შესაძლებელი. ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაისაჯოს", – ნათქვამია განცხადებაში.